"მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ახლა ტელევიზორებთან ქირქილებს" - ჭოხონელიძე
ოპოზიციური არხები თუ დენს გირტყამენ, რუსეთის არხებზე გადართეთ და ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი, ნახეთ, როგორ დაგვცინის, როგორი ბედნიერია დღეს რუსეთი იმით, რომ ჩვენ ასეთი პოლარიზებულები ვართ, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა, პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ტელევიზორთან არის მოკალათებული და ქირქილებს – მხოლოდ იმ არხს რომ უყურებთ, რომელშიც ქვეყანა ძალიან კარგად არის, ნეტარად გრძნობს ყველა თავს, არავის უჭირს, ბედნიერია ცხოვრება, ცოტა სხვა არხზეც გადართეთ. ნახეთ, თუნდაც ოპოზიციური ერქვას იმ არხს, იქნებ, სიმართლეს ლაპარაკობს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საამაყო ადამიანი. იქნებ, ძალიან საჭირო საქმეს ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ოპოზიციური არხები დენს გირტყამენ, იმ რუსეთის არხებზე გადართეთ და ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი. ნახეთ, როგორ დაგვცინის რუსეთი, ნახეთ. როგორი ბედნიერია დღეს რუსეთი იმით, რომ ჩვენ ასეთი პოლარიზებულები ვართ. ნახეთ, რა ბედნიერად ქირქილებენ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დამოუკიდებლები, რომ ჩვენ არ ვართ ერი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ისევ გუბერნია. ეს გინდათ ქალებო, რომლებიც დედები ხართ და შვილებს ზრდით?! ამ სულისკვეთებით გამსჭვალავთ თქვენს შვილებს?!", - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თამრიკო ჭოხოლონელიძემ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, თავადაც ჰქონდა პრეტენზია და დღემდე აქვს კითხვები. თუმცა, ჭოხონელიძე აღნიშნავს, რომ ახლა ერთიანობაა საჭირო.
"მიხეილ სააკაშვილის მიმართ მე რომ მქონდა პრეტენზია, როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, მე არ ვიცი, ბევრს ჰქონდა ალბათ, მაგრამ მე ნამდვილად მქონდა. მქონდა და დღესაც მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ დღეს ამის დროა?! ქვეყანა დაცემის პირას დგას, ჩვენ მსოფლიო გვიყურებს, როგორ მოვიმოქმედებთ, რას გავაკეთებთ პრეზიდენტის, როგორც სიმბოლოს მიმართ. როგორც არ უნდა მოგვწონდეს, თუ არ მოგვწონდეს, ქვეყნის სიმბოლოა, როგორც დროშა, როგორც ჰიმნი. ერთი პრეზიდენტი უკვე მოვკალით, მოვახერხეთ ეს ყველაფერი. თავად მიხეილ სააკაშვილმა რაც გააკეთა შევარდნაძის მიმართ, ეს სამაგალითოა ნამდვილად. რა, მის მიმართ არ იყო პრეტენზიები და ამდენი მოწინააღმდეგეები არ ჰყავდა, შევარდნაძეს არ ჰქონდა ცოდვები?! მაგრამ როგორ გაუშვა ის სახლში, ისე, როგორც ეკადრებოდა ცივილურ სახელმწიფოს, მოაზროვნე სახელმწიფოს, კულტურულ ქვეყანას, აი, ისე გაუშვეს სახლში და მან სიცოცხლე იქ დაამთავრა, იმ სახლში. დაცვაც კი დაუყენა.
დღეს, ახლა უნდა მოვკლათ ხომ მაინც და მაინც სააკაშვილი. მე მაინტერესებს, ბედნიერები იქნებით ამით?! სასწორზე რა უნდა დაიდოს დღეს – ქვეყნის პრესტიჟი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი ქმედება, თუ ერთი კაცის მიმართ შურისძიება და რევანში. ალბათ დრო დადგა, რომ ჩვენც მოვეგოთ გონს", – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე