“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპანიამ ანგარიში წარადგინა
“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დამხმარე ღონისძიებების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ (PEM CONSULT), საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად, საპროექტო რეგიონების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, საკონსულტაციო მომსახურების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს” გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ცნობით, პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა. კერძოდ, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენება, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობა და მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული სისტემა არსებულ ძველ ნაგავსაყრელებს სრულად ჩაანაცვლებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 27,5 მილიონ ევროს შეადგენს (სესხი (KfW): 20 მილიონი ევრო, გრანტი (EU NIF): 3,5 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონი ევრო).
„2015-2021 წლების განმავლობაში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია (PEM CONSULT), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და საპროექტო რეგიონების მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში ეხმარებოდა. საკონსულტაციო მომსახურება შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა:
- კომპანიის ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა (ფინანსური მენეჯმენტი, ტექნიკური მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ნარჩენების ინვენტარიზაცია და სხვა);
- მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება;
- ფინანსური ასპექტების (მათ შორის, ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების მომსახურების საფასურის - Gate fee) ანალიზი;
- ნარჩენების კომპოსტირების საკითხები;
- შორს მდებარე დასახლებებიდან ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესების გზების მოძიება;
- კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, მეთოდოლოგიისა და სტანდარტების დანერგვა და კომპანიაში დასაქმებულ პირთათვის უსაფრთხო სამუშო გარემოს უზრუნველყოფა;
- კომპანიისთვის ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების სახელმძღვანელოს შემუშავება (LOM);
- პროექტის დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა.
გარდა ამისა, PEM CONSULT-ის დახმარებით, ნარჩენების მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა (MIS) ინერგება, რომელიც არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე შემოსული ნარჩენების რეგისტრაციის პროცესის ტექნიკურ და პროგრამულ განახლებას უზრუნველყოფს. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუმჯობესებული ყოვლისმომცველი მონაცემები მიაწოდოს, როგორც ცალკეული ნაგავმზიდების მიერ შემოტანილი ნარჩენების, ისე საერთო და სეზონურად მიღებული ნარჩენის რაოდენობებისა თუ სახეობის შესახებ.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ასევე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საპროექტო რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროკავშირის დელეგაციისა და საპროექტო რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროექტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უშუალოდ პროექტის განმახორციელებლებთან ერთად განეხილათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი