„დრესაპ ჯგუფსა“ და მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ 2016 წელს დააარსა ქართველი ლექსიკოგრაფების ჯგუფმა.

სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი #არაბარბარიზმებს, რომელმაც მალე მოიპოვა პოპულარობა. მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა როგორც სოციალურ ქსელებში, ისე აკადემიურ წრეებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში. მოძრაობის მიზანია დააფიქროს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ენაში მიმდინარე პროცესებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, იმ საფრთხეებზე, რასაც ეს პროცესები იწვევს და გამოიწვევს მომავალში ენაში. მოძრაობის მიზანი ასევე არის ქართულენოვანი საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს უცხო ენებიდან შემოსული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები, წაახალისოს მათი გავრცელება და გამოყენება და ხელი შეუწყოს ენის ბარბარიზმებისგან დაწმენდის პროცესს.

მოძრაობის „არა ბარბარიზმებს!“ ფარგლებში ბევრი ღონისძიება ჩატარდა: საჯარო ლექციები სკოლის მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, ფართო საზოგადოებისათვის, აქციები, კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის და სხვა. შეიქმნა ახალი ტიპის ლექსიკონი, ბარბარიზმების ონლაინლექსიკონი www.barbarisms.ge, რომელიც 2017 წლის მაისში განთავსდა ინტერნეტში. მასში შევიდა როგორც რუსული, ისე ინგლისური წარმომავლობის ბარბარიზმები.

ამჟამად, მოძრაობა #არაბარბარიზმებს გრძელდება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, ესენია: საჯარო ლექციები ბარბარიზმებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე; კონკურსები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის; ტერმინოლოგიური ბარბარიზმები; უცხოურ-ქართული სინონიმური რიგების ლექსიკონის შედგენა და ინტერნეტში განთავსება; აბრების წარწერების საკითხი; იშვიათი ქართული სიტყვების, ე.წ. საფრთხეში მყოფი ქართული სიტყვების შეკრება და მათი პოპულარიზაცია.

თინათინ მარგალიტაძე, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ დამფუძნებელი:

''მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ 2016 წელს დავაარსე თანამოაზრეებთან ერთად. მოძრაობის დაარსებას ბიძგი მისცა იმ დიდმა გამოხმაურებამ, რომელიც მოჰყვებოდა ხოლმე სოციალურ ქსელში ბარბარიზმების საკითხებზე ჩემ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს იყო უაღრესად მტკივნეული თემა ქართული საზოგადოებისათვის. ისიც ცხადი იყო, რომ ამ პრობლემას ერთჯერადი აქციებით ვერ ვუშველიდით და სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ განგრძობითი პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება და უკვე ბევრი მიმართულება მოიცვა.

მოძრაობა დავიწყეთ ბარბარიზმების თემით, თუმცა ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ ბევრი სხვა ტენდენცია გამოავლინა და დაგვანახა, რომ ეს პროცესები უფრო ღრმად არის წასული ენაში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამ საკითხების ანალიზს მივუძღვენი ორი სტატია, რომლებიც გამოქვეყნებულია ინტერნეტში: „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება“ და „ენა და კულტურის ეკოლოგია“. ამავე მიზნით ტარდება საჯარო ლექციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, ფართო საზოგადოებისათვის, ტარდება კონკურსები ქართველი ახალგაზრდებისათვის ქართულ ენასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და სხვა.

„დრესაპ ჯგუფი“ არის პირველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა მოძრაობას მხარში ამოუდგეს და ხელი შეუწყოს მის ფართოდ გავრცელებასა და პოპულარიზაციას. კომპანიის დამფუძნებელმა, ბატონმა ალექსანდრე სამხარაძემ თავად მოგვძებნა ჩვენი სოციალური ქსელის გვერდის მეშვეობით და დახმარება შემოგვთავაზა. ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის მიერ დაფინანსებული რეკლამის წყალობით მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ ხმას მიაწვდენს არა ათასებს, არამედ ათი ათასებს.

„დრესაპ ჯგუფთან“ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვთანამშრომლობთ. სიმბოლურია, რომ საჯარო სახე ამ ურთიერთობას სწორედ ქართული ენის დღეს მიეცა. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, სწორედ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, გამოიცა “უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი“, რომლის ონლაინვერსია გამოქვეყნებულია ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის. კომპანია ასევე დაგვეხმარება კონკურსების ჩატარებაში, დააწესებს პრიზებს კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდებისათვის, ასევე დაგეგმილია თანამშრომლობის განვრცობა მომავალში სხვა მიმართულებითაც. ბიზნესის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დიდი სტიმულია ჩვენი მუშაობის უფრო ფართოდ გაშლისათვის''.

ალექსანდრე სამხარაძე, „დრესაპ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი:

''„დრესაპ ჯგუფისათვის“, როგორც ქართული კომპანიისათვის, ისევე როგორც პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ იმ ეროვნულ საგანძურს, რომელსაც ქართული ენა ჰქვია. იმ ვითარებაში, როდესაც დღითი დღე უფრო და უფრო მეტი უცხოური სიტყვა მკვიდრდება ყოველდღიურ მოხმარებაში, გვაქვს სურვილი, მცირე წვლილი შევიტანოთ ქართული ენის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში. სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მოძრაობასთან „არა ბარბარიზმებს!“ დამეგობრება და ამ მოძრაობის მხარდაჭერა, იქნება ეს ფინანსური, მატერიალური თუ ინტელექტუალური რესურსით.

გარდა ზემოხსენებული მხარდაჭერისა, ვმუშაობთ საერთო პროექტზეც. მოგეხსენებათ, დღეისათვის საკმაოდ ბევრი ბარბარიზმია ჩვენს ენაში დამკვიდრებული, რომელთა რაოდენობაც, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად იზრდება. ამ კუთხით გამონაკლისი არც ის სფეროა, სადაც ჩვენი ჯგუფი მოღვაწეობს (მოდის ინდუსტრია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების საცალო ვაჭრობა). ჩვენი ჯგუფისა და მოძრაობის „არა ბარბარიზმებს!“ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებისათვის ჩვენს სფეროსთან დაკავშირებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისების შეთავაზებას, რათა შეძლებისდაგვარად შევამციროთ ბარბარიზმების გამოყენება მაშინ, როდესაც მათი ქართული შესატყვისი არსებობს.

ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო მოძრაობას „არა ბარბარიზმებს!“, ქალბატონ თინათინს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს ქართული ენის გაძლიერებასა და განვითარებაზე. აქვე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენ მსგავსად, ბევრი სხვა ბიზნესიც ამოუდგება გვერდში ამ მოძრაობას და ერთობლივი ძალებით ვიზრუნებთ ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდესა და განვითარებაზე.''

წაკითხვა 254 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 14 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.