“საქართველოს ევროპული ფორუმის" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

“საქართველოს ევროპული ფორუმის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაცია. სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გაერთიანება, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.

“საქართველოს ევროპული ფორუმი”, არის ინსტრუმენტი პროდემოკრატიულ ორგანიზაციებს შორის დიალოგის, უფრო ინტენსიური თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივებისთვის.

 

ფორუმს უკვე ასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და ნებისმიერ დროს შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ორგანიზაცია და მოქალაქე, რომელიც აღიარებს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

 

პლატფორმის შექმნა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ დაჩქარდა უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საპასუხოდ, რათა უფრო კარგად მოემზადოს ქართული საზოგადოება თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესაძლო საფრთხეების დასაძლევად.

 

სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საუკეთესო მეგობარ სახელმწიფოს - უკრაინასა და მის გმირ ხალხს;


• თვლიან, რომ დემოკრატიის მშენებლობის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ამოცანები ზეპარტიულია, სცდება პარტიულ თუ იდეოლოგიურ სხვაობებს და წარმოადგენს საერთო ეროვნულ ინტერესს ;


• აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრა არის ჰუმანიტარული და სამხედრო დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და ასევე, პირდაპირი საფრთხეც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის;


• და რომ ამ საფრთხეების განეიტრალებასა და შესუსტებას სჭირდება არა უმოქმედობა, არამედ სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება ქვეყანაში;

 

აუცილებლად მიიჩნევენ ფართო და ინკლუზიურ სამოქალაქო და პოლიტიკურ კოორდინაციას და საერთო ძალისხმევის უკეთ ორგანიზებას.

 

ამისათვის, დეკლარაციაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები და მოქალაქეები:

 

• ქმნიან „საქართველოს ევროპულ ფორუმს“, როგორც ინსტრუმენტს პროდემოკრატიული ორგანიზაციების უფრო ინტენსიური თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივებისთვის;


• „საქართველოს ევროპული ფორუმი“ იქნება ერთობლივი კონსულტაციის, დაგეგმვისა და ორგანიზების ღია და დემოკრატიული პლატფორმა;


• ფორუმს ნებისმიერ დროს შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ორგანიზაცია და მოქალაქე, რომელიც აღიარებს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

 

„საქართველოს ევროპული ფორუმის“ მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

1. უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო ნაბიჯების უახლოესი დღეების განმავლობაში გადადგმა, სათანადო რეფორმებისა და ცვლილებების ეფექტური განხორციელება და ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა;


2. გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინასთან ურთიერთობის სასწრაფოდ მოსაგვარებლად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოახდინოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაქსიმალური სინქრონიზაცია ევროკავშირთან;


3. უახლოეს ხანებში განახორციელოს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობათა მიმოხილვა და როგორც საპარლამენტო, ისე საჯარო ფორმატებში, განიხილოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზები და მიიღოს სწრაფი ზომები უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ხარისხობრივად ასამაღლებლად, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;


4. მიიღოს ეფექტური და სწრაფი ზომები რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის სხვა ინსტრუმენტების ეფექტურად აღსაკვეთად და გასაუვნებელყოფლად საქართველოში;


5. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განიხილოს ეს საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 

საქართველოს ევროპული ფორუმი გააგრძელებს დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაციას ამ მიზნებისა და ფასეულობების გარშემო, იმუშავებს ახალი ინიციატივების შესამუშავებლად და პოლიტიკაზე პოზიტიური ზემოქმედების მისაღწევად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

 

ხელმომწერთა სიაში ასამდე ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

წაკითხვა 289 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.