ქვეყანაში ცუდი ტენდენციაა - უმუშევართა კატეგორია დასაქმებაზე უარს აცხადებს

“საქართველოში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება.

ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ და არ ცდილობენ დასაქმებას. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია მიზეზები, თუ რატომ არ სურთ მოქალაქეებს მუშაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან თუკი საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმდებიან, ბიზნესი იძულებული გადება, ისინი უცხოელი მუშახელით ჩაანაცვლოს, რაც დემოგრაფიულ სურათზეც უარყოფითად აისახება. ქვეყანაში ადამიანები მუდმივად წუწუნებენ იმის შესახებ, რომ საკმარისი რაოდენობით არ არის ვაკანსიები და უჭირთ დასაქმება, არადა, ბიზნესი ახალ კადრებს ითხოვს, რაზეც მეტყველებს გამოქვეყნებული შეთავაზებების რაოდენობა, თუმცა აშკარაა, რომ ვაკანსიები სამუშაოს მაძიებელთათვის მისაღები არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანაში ცუდი ტენდენციაა - უმუშევართა კატეგორია დასაქმებაზე უარს აცხადებს! / “შეიძლება რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ხომ სჯობს...”

 

“ამის დასტურია, HR.GE-ს რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის განცხადება. როგორც ის აღნიშნავს, სამსახურის მაძიებლები დიდ ინიციატივას არ იჩენენ, რაც, სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონს უკავშირდება. როგორც წესი, დასაქმების მსურველთა უმრავლესობას ახალი სამსახურის დაწყება სექტემბრიდან ურჩევნია. “ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურია, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ. ახლა ზაფხულია, ალბათ, ურჩევნიათ სექტემბრიდან დასაქმდნენ. შეთავაზებებში პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია - 23%-ით; მეორეზე ამოიწია ჰორეკა სექტორმა (16%), შემდეგ მოდის ბუღალტერია-ფინანსები _ 11%; სამედიცინო სფერო - 9%; კომპიუტერული მიმართულება - 7%. კადრებს არა მხოლოდ ქართული, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაც ეძებს, რომლებსაც ადამიანების დისტანციურად დასაქმება სურთ”, - თქვა შახბაზიანმა. ქვეყანაში დასაქმება ყველა დროის მოუგვარებელი პრობლემაა, უკვე მრავალი წელია, დასაქმების მაჩვენებელი ვერ უმჯობესდება, ამაზე მიმდინარე გარემოებებიც მოქმედებს. ადამიანებს სამსახურის მოძებნა სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარკვეული ტიპის ვაკანსიები მაინც არის. სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, ხალხის პასიურობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საზოგადოებას რომ დასაქმების სურვილი არ აქვს, შესაძლოა, განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთია სათანადო ანაზღაურება. ადამიანი, რომელიც სამუშაოს მაძიებელია და ფიქრობს დასაქმებაზე, მაგრამ არ სთავასობენ მის კვალიფიკაციასთან შესაბამის ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდება; მეორე მიზეზია ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი საკუთარი სპეციალობით ვერ ნახულობს სამუშაო ადგილს და შეიძლება მათთვის არ იყოს პროფესიის გამოცვლა მისაღები, მიუღებელი იყოს სხვა მიმართულებაზე გადართვა; მესამე მიზეზი ის არის, რომ უფრთხიან იმ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც მათ დაეკისრებათ ახალ სამუშაო ადგილზე, ამაზე სოციალური ვითარებაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ განსაზღვრა გარკვეული მიმართულებები სოცდაუცველი მოქალაქეებისთვის, ბევრმა დასაქმების სურვილი არც კი გამოთქვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

 

“გამოდის, რომ დასაქმების ადგილი თითქოს, თეორიულად არსებობს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უნდა დასაქმდნენ, თავს იკავებენ კონკრეტული შეთავაზებებისგან, რაც უფრო მეტად სოციალური პრობლემაა. შესაბამისი ანაზღაურებისა და პირობების შემთხვევაში მოქალაქეები მუშაობაზე უარს აღარ იტყვიან. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, დამსაქმებლებმა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზონ მსურველს, რაც დასაქმებულის შრომისა და ენერგიის ადეკვატური იქნება და ადამიანი ამაზე უარს აღარ იტყვის”, - დაასკვნის აროშიძე.

 

“იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს მუშახელი არ ეყოლება და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებაზე უარს იტყვის, დღის წესრიგში შესაძლოა, უცხოელი მუშახელის შემოყვანა დადგეს, რაც დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემად იქცევა. დემოგრაფ ანზორ თოთაძეს მიაჩნია, რომ თუკი ქვეყანაში არსებობს სამსახურები, მოქალაქები უნდა დასაქმდნენ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებით მათ ჩანაცვლებას ნეგატიური ეფექტი მოჰყვება. “ადამიანები იძახიან, რომ სამსახურები არ აქვთ და არიან უმუშევრები, არადა, ამ დროს მოთხოვნა არის, თუმცა არ მუშაობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ არის საზოგადოების კატეგორია, ვისაც ურჩევნია, ტყუილად იყოს და არ მიიღოს დაბალი ხელფასი. ეს არ შეიძლება. ერთხელაც იქნება, ბიზნესი უცხოელებს დაასაქმებს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად შემოვლენ, ძალიან ცუდი იქნება”, - თქვა თოთაძემ, რომლის აზრით, “საქართველო პატარა ქვეყანაა, ისედაც ბევრია უცხოელი, ეს პირდაპირ დემოგრაფიულ სიკვდილს ნიშნავს და ადგილობრივ მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება” - დასძენს გამოცემა.

 

“დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიასაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობაა, არავის სურს დასაქმება, ბიზნესი კი მუდმივად ითხოვს კადრებს. “კვირა არ გავა, რომ ბიზნესიდან არ იყოს მოთხოვნა თანამშრომლებზე. გარანტირებულად 100%-ს ვასაქმებთ და ჩვენს სექტორში ხელფასები იწყება 1000 ლარიდან და 5000 ლარამდეც კი ადის. მესმის ისიც, რომ რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ხომ სჯობს. პირველ ეტაპზე საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო იკლო. ბოლო ჯგუფში 10 ადამიანის შეკრება გაგვიჭირდა. ძალიან მაღალია წევრი ასოციაციის კომპანიებიდან მოთხოვნა, თანამშრომლების სერიოზული დეფიციტია. ყველას მოვუწოდებ, აჯობებს, საქართველოში დარჩნენ, აქ იმუშაონ, გაცილებით მეტი პერსპექტივა ექნებათ, ვიდრე სადღაც გაიქცნენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, რუსეთის აგრესიის გამო, ევროპის ქვეყნებს ბევრი მიაწყდა”, - მიიჩნევს ჭყონია, რომლის თქმით, მაგალითად, ქართველებს, რომლებიც განსაკუთრებით პოლონეთში იყვნენ წასული, უკან დაბრუნება მოუწიათ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 276 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.