"დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა და მშვიდობა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და დეოკუპაცია" - ირაკლი შენგელია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ..

''27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ თარიღებს შორისაა. ამ დღეს ასიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა მშობლიური კერა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა ომის საშინელმა აგრესიამ. ეს ტკივილი დღემდე მოუშუშებელი ჭრილობაა ჩვენი ქვეყნისთვის.

 

რუსეთის ფედერაციის აგრესია და მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაცია დღესაც გრძელდება. ნახევარ წელზე მეტია, გმირულად იბრძვიან ჩვენი მოძმე უკრაინელები თავისუფლების დასაცავად, დღეს საქართველოს და უკრაინის გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები. ბნელს ყოველთვის ჯობნის ნათელი და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს თავისუფლება.

 

დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა და მშვიდობა, სწორედ თანმიმდევრული და გონივრული პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და დეოკუპაციას.

 

დიდება ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას " - წერს ირაკლი შენგელია . 

 

შეგახსენებთ რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა .

 

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

 

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

წაკითხვა 440 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 27 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.