2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ მწერალ ანი ერნოს გადაეცა
2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ მწერალს, ანი ერნოს გადაეცა. ნობელის კომიტეტის ცნობით, ეს ჯილდო მწერალს გადაეცემა „გამბედაობისა და გამორჩეული სიმკვეთრისთვის, რომლითაც იგი აშიშვლებს პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ შეზღუდვებს“.
ანი ერნო 1940 წელს დაიბადა და საფრანგეთის ისტორული რეგიონის, ნორმანდიის პატარა ქალაქ ივტოში გაიზარდა, სადაც მის მშობლებს სასურსათო მაღაზია და კაფე ჰქონდათ გახსნილი. სწავლობდა რუანისა და ბორდოს უნივერსიტეტებში, სადაც სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაცია მოიპოვა, 1971 წელს კი სამეცნიერო ხარისხი მიიღო თანამედროვე ლიტერატურაში.
ერნოს ლიტერატურული დებიუტი 1974 წელს შედგა ავტობიოგრაფიული რომანით „ცარიელი კაბინეტები“ (Les Armoires vides). 1984 წელს მან რენოდოს პრემია მიიღო მორიგი ავტობიოგრაფიული რომანისთვის „ადგილი“ (La Place), რომელიც მოგვითხრობს მის ურთიერთობაზე მამასთან, საფრანგეთის პატარა ქალაქში გატარებულ ბავშვობაზე, ზრდასრულობაში გადასვლასა და მშობლებთან დაშორებაზე.
ერნოს შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის ისტორიული და ინდივიდუალური გამოცდილება. რომანებში წერს თავის მშობლების სოციალურ პროგრესზე, თინეიჯერობის წლებზე, ქორწინებაზე, აღმოსავლეთევროპელ მამაკაცებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე, აბორტზე, ალცჰაიმერის დაავადებაზე, დედის გარდაცვალებაზე თუ მკერდის კიბოზე.
მწერლის „მაგნუმ ოპუსად“ ითვლება 2008 წელს გამოქვეყნებული ისტორიული მემუარი „წლები“. რომანში ის საკუთარ თავზე მესამე პირში წერს და წარმოგვიდგენს ფრანგული საზოგადოების სურათს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო