"წყნარი და ღიმილიანი გოგონა იყო, სპორტი სწავლაში ხელს არ უშლიდა... განადგურებულია მისი დამრიგებელი"
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო "გრინ სერვისი" და პროექტი შემოწმებული იყო.
პოლიციაში უკვე დაიბარეს კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე.
"მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. ის ჩოგბურთელი იყო და წარმატებულ მომავალსაც უწინასარმეტყველებდნენ. მარიტა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
AMBEBI.GE მარიტას პედაგოგს ესაუბრა.
ლუბა კასრაძე, მარიტა მეფარიშვილის პედაგოგი: "მეხუთე წელია, რაც მარიტას პედაგოგი ვარ და ამასობაში ძალიან შემაყვარა თავი. არაჩვეულებრივი გოგონა იყო მარიტა, ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე გეუბნებით. ძალიან მშვიდი, წყნარი, ზრდილი და ღიმილიანი იყო. მარიტა სპორტით იყო მაქსმალურად დაკავებული, რასაც ბევრი დრო მიჰქონდა (მარიტა მზიურის ჩოგბურთის კორტებზე ვარჯიშობდა, მისი მწვრთნელი მამა - დავით მეფარიშვილი იყო - ნ.ფ.). მას სპორტი არ უშლიდა ხელს სწავლაში. მარიტას უფროსი და ჰყავს, ნუცა, მე-9-ე კლასელია, ისიც ვარჯიშობს.
ორივენი ზრდილები, ლამაზები და გონიერები არიან. კოვიდის გამო, ლამის სამი წელი ონლაინ სწავლება გვქონდა და ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, ნაკლები შეხება გვქონდა და ისე წამოიზარდნენ ეს ბავშვები, ვერც გავიგეთ... წელს ჩვეულებრივად მოვიდა მარიტა სკოლაში. კარგის მეტი არაფერი მეთქმის, არაჩვეულებრივი და ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო. არ ვიცი, დღეს რატომ გააცდინა, ამდენი არ ვიცი. მისი დამრიგებელი განადგურებულია, ახალგაზრდა ბიჭია, ხელოვნებას ასწავლის და კლასზე ზედგადაყოლილია. ისიც და მთელი სკოლაც შოკში ვართ, მეხის დაცემას ჰგავს ეს ყველაფერი".
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"