მომხმარებელს დღეიდან უფლება აქვს, შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი

საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

 

„დღეიდან, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სააგენტოს განცხადებით მიმართოს. ჩვენი უწყება საქმის შესწავლას განახორციელებს სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა.

 

მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში თუ აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში – მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

 

ახალი კანონის თანახმად, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც ეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებებს.

 

რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს – დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.

 

კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორე მხრივ კი – მოვაჭრის მიერ ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რათა დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტის დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მიმართულებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისივე განცხადებით, 2022 წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოში, ხუთივე მარეგულირებლის ეგიდით, იგეგმება პირველი საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები. ღონისძიების ფარგლებში განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები.

 

კანონი პირველ ივნისს ამოქმედდა. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა და დაკომპლექტდა შესაბამისი დეპარტამენტი. განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება. გაიწერა სამოქმედო გეგმა. დამუშავდა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნესასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო კოლეგა-უწყებების, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ. კანონის გაცნობის მიზნით, აქტიური დიალოგის რეჟიმი მიმდინარეობს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი – (032) 2 05 4422; 598 05 4422, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია მიიღოს. ევროკავშირის დაფინანსებით, სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო, რომლის ხანგრძლივობაც ორი წლის ვადით განისაზღვრა.

 

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 211 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.