" საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა"
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა.
პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა.
„დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები. კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისათვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისათვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, რომ ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინკლუზიური თეატრი "კონტაქტი" 2015 წელს, ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა. თეატრის დამფუძნებლის გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისათვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია.
„ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, - განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი