ელჩის ცნობით, იპოვეს საქართველოს ყველა დაკარგული მოქალაქე, ვისზეც ინფორმაცია ჰქონდათ
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ მიწისძვრის შემდეგ მიაკვლიეს საქართველოს იმ ყველა დაკარგულ მოქალაქეს, ვისზეც ინფორმაცია ჰქონდათ. ელჩის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იგი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებს ანკარაში, სტამბოლსა და ტრაბზონში.
"საქართველოს ორი მოქალაქეა დაღუპული. ჩვენს მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, როგორმე მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან. მნიშვნელოვანია, ის მოქალაქეები რომლებსაც დაკარგული აქვთ საბუთები, მოგვაკითხონ ჩვენ, ანკარაში ან ტრაბზონში", - ამბობს გიორგი ჯანჯღავა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 381-ს მიაღწია დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაშავდა 20 424 ადამიანი. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7 840. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 000 მოქალაქე. თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
