"ყველას, ვისაც კი ამ გზის გავლა მოუწევს გმირია" - ნინო ბარათელის გზა აფხაზეთიდან ესპანეთამდე

„ყველას, ვისაც კი ამ გზის გავლა მოუწევს გმირია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ ძალიან ძლიერები უნდა გახდნენ, რადგან ემიგრანტობა ადვილი არ არის,“ - ასე ახასიათებს FirstNews.ge-თან საუბარში ნინო ბარათელი ემიგრანტობის გზას.

როგორც თავად გვიყვება სოხუმიდანაა. ზემო ეშერაში ცხოვრობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა სწავლა ვერ მოასწრო და საზარელი ომი დაიწყო. ომის შემდეგ ესპანეთში ჩავიდა საცხოვრებლად, სადაც ბევრი შრომის შედეგად საკუთარი ბიზნესი დაიწყო.  მისი თქმით, გზა აფხაზეთიდან ემიგრანტობამდე რთული გასავლელი იყო, თუმცა დღესდღეონით საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

 

- ამ ომმა გაგვანადგურა, დაანგრია ჩვენი ცხოვრება. 1991 წელს კი უბედურმა ტყვიამ მისი 21 წლის ძმა იმსხვერპლა. ამ გაგანია ომში გავთხოვდი, მაგრამ ყველაზე საშინელი რამაც მომიწია სვანეთით გადასვლა იყო. სოხუმში უკვე ბოლო წუთები იყო დარჩენილი, მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ ჩვენი მეომრები, ყველამ იცოდა, რომ დაკარგული იყო . უფრო სწორად გაყიდული, მაგრამ უკან არავინ იხევდა. 24 სექტემბერს დილას ჩემი გოგოც დაიბადა. ერთადერთი გზა საიდანაც გადასვლა შეიძლებოდა ეს იყო სვანეთის გზა. საავადმყოფოში გაჩერება არ შეიძლებოდა და ყველა მხრიდან იბომბებოდა გულრიფშის რაიონი. არც კი ვიცი როგორ მაგრამ შევძელით და გამოვაღწიეთ. იბრძოდა ჩვენი ჯარი ბოლომდე, მაგრამ ვერაფერმა გვიშველა. მე კი მოვდიოდი სვანეთით, ახალშობილ ბავშვთან ერთად ფეხით, როგორც ყველა. 20 დღე ვიარეთ და გადმოვედით. ჩემი გოგო ახლა 30 წლისაა. ველოდებით დაბრუნებას. იმედს არ ვკარგავ.

 

- როგორი იყო გზა სოხუმიდან ბარსელონამდე?

 

- როგორც ყველამ, ცხოვრება ლტოლვილის სახელით დავიწყეთ. ამას თუ ცხოვრება ერქვა, მაგრამ ვერაფერს გახდებოდი. ჯერ ზუგდიდში და მერე თბილისში დავსახლდით. 15 წელი თბილისში ვიყავით. ბევრი ვიშრომეთ, ვიწვალეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთ-ერთი მეზობლის დახმარებით, რომელსაც მეუღლე ესპანეთში ჰყავდა, დახმარება მივიღეთ და გადავწყვიტეთ წასვლა. ჯერ ჩემი მეუღლე წამოვიდა ესპანეთში და ერთი წლის მერე მეც. ძალიან გაგვიჭირდა. დიდი პრობლემები და შვილები დავტოვეთ საქართველოში და წამოვედით. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. აქ კი ვერაფერს აკეთებ, ენა არ იცი. არავის უნდიხარ, არავინ და ვერავინ გეხმარება, იმიტომ, რომ არ უნდათ ზედმეტი პრობლემები და ა. შ.

 

ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარნენ. ეს იყო მომენტი, როდესაც ერთი ზარიც ძალიან გაბედნიერებს, მომენტი, როდესაც პურის ფული არა გაქვს და ამ დროს გირეკავენ გეხმარებიან, გვერდში გიდგანან. სოხუმიდან წამოსულმა ბერძენიშვილების ოჯახმა რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია და დღემდე ჩვენს გვერდით არიან. ორი თვის ჩამოსული ვიყავი და ქუჩაში შემთხვევით ქართული საუბარი გავიგე, დედა შვილს ესაუბრებოდა. მივედი გავესაუბრე და რომ მომისმინა ტელეფონის ნომერი მომცა - თუ რამე დამირეკე არ მოგერიდოსო, რაც შემიძლია დაგეხმარებიო. 8 თვის განმავლობაში შემიფარა დამეხმარა და პატივი მცა ქალბატონმა ირმა კუხიანიძემ.

 

დავიწყეთ მუშაობა, ნელ-ნელა ფეხზე დავდექით. ვმუშაობდი დაუზარებლად, დღეში 4-5 სახლს ვალაგებდი, შაბათი-კვირაც ვმუშაობდი, რათა ჩემი შვილები ჩამომეყვანა. ასეც მოხდა, 2011 წელს ბავშვებიც ჩამოვიყვანე.

 

შემდეგ გოგო გამითხოვდა, ორი ბიჭი ჰყავს. ეს პირველი შვილიშვილის სახელია რესტორანს რომ ჰქვია - გაბრიელი - "გაბი“. ბიჭიც დაქორწინდა. მასაც ერთი ბიჭი ჰყავს. ორივეს ქართული ოჯახი აქვს. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მიხარია და მეამაყება ასეთი ოჯახი რომ მყავს.

 

333912786 1622908631456

 

- როგორ გახსენით თქვენი რესტორანი?

 

- შვილები რომ არა, მარტო საქმესაც ვერ გავწვდებოდი. პირველი დღიდან, როცა რესტორანი გავხსენით სულ ჩემს გვერდი იყვნენ და ერთად ვმუშაობდით. ვიწვალეთ, მაგრამ ღირდა ამად. ახლა კი უფრო ძლიერები ვართ. ახლა არ მუშაობენ ჩემთან, მაგრამ საქმე მიჰყავთ ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ, ქართულ და მითუმეტეს მეგრულ ადათ წესებს.

 

ძალიან დიდი სიყვარულს ვიღებ კლიენტებისგან. მიყვარს მათთან საუბარი, უყვართ ჩემი სამზარეულო. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.

 

აქ ჩამოსვლა ძალიან დიდი წვალებაა და ცხოვრების გაგრძელება მითუმეტეს აფხაზეთის მერე. ჩემი სოხუმის გარეშე არაფერს აზრი არა აქვს. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ არ დავბრუნდები. პირიქით იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილიშვილებს მაინც ჩავიყვან და გავაგრძელებთ იქ ცხოვრებას, ჩვენი მშობლების დანატოვარ მიწაზე..

 

- რას ეტყოდით ქართველ ქალებს?


- აქ ცხოვრება ძალიან ძნელია. მთავარია გქონდეს გამძლეობა, მოთმინება და ყველაფერი კარგად ინება. დასაწყისი ყველაზე მწარეა, მაგრამ ამ სირთულის გავლაც შეიძლება. ბედნიერებას ვუსურვებ ყველა ქალბატონს, რომლებსაც ამ გზის გავლა უწევთ. ჩემი ნატვრა და ოცნება მხოლოდ სოხუმია. ჩემი ბედნიერება იქ დარჩა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

 

Capture56

წაკითხვა 1122 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.