"ემიგრაციაში გატარებული 10 წელი, საქართველოში გატარებულ 50 წელს უდრის" - ნინო კაპანაძე
"ემიგრაცია რთული არა, ეს - ურთულესია. გჭირდება გონების მოდიფიკაცია, ყველანაირი სულიერი რესურსის გახარჯვა. გაურკვეველ პერიოდში დაუგეგმავად ხვდები მენტალურად სრულიად უცხო საზოგადოებაში, სულ სხვა კულტურაში," - გვიყვება ნინო კაპანაძე, რომელიც უკვე 14 წელია ესპანეთში ცხოვრობს. მისი თქმით, როგორც არ უნდა კარგად დაიმკვიდრო თავი სხვა საზოგადოებაში, მაინც გაკლია ის სულიერი საზრდო, რასაც შენი ქვეყანა გაძლევს. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ემიგრანტობა ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ, ის ესპანეთში ჩასულ ქართველებს ხშირად ეხმარება პრობლემების მოგვარებაში.
როგორ მოხვდა ბარსელონაში და რა გზა გაიარა საქართველოდან ესპანეთამდე? FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს ნინო კაპანაძესთან:
- წარმოშობით ხაშურიდან ვარ. დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია-ფილოლოგიის განხრით და როგორც იმ დროს შეეფერებოდა მეც ჩვეულებრივ ვმუშაობდი სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად. საქართველოში ყოფნის ბოლო ექვსი წელი ქალაქის რესურს ცენტრის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ ვიმუშავე. გაუთვალისწინებელი სოციალური, თუ ოჯახური პირობების გამო დავტოვე 10 წლის შვილი, საქართველოდან წამოსვლა მომიხდა და ასე მოვხვდი ემიგრაციაში.
ემიგრაციაში ყოფნის მე-14 წელს მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ადვილი. თითოეული დღე, კვირა, თვე და წელი არ ყოფილა მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, თავიდანვე შევისწავლე ქვეყანა, როგორ უნდა მეცხოვრა აქ, დროის რელსებს ყოველთვის გადავუსწარი წინ და ყოველთვის ვიყავი მედროშე იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება წინ წამეყვანა. თავიდანვე დავაანონსე რომ შემექმნა ჩემს გარშემო სამუშაო სიტუაცია და მივაღწიე კიდეც ამას, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ისეთ შრომის ფერხულში ჩაბმული, რომ ეს ყველაფერი მაღალი რანგისა ყოფილიყო. მაგრამ მიზეზი, რის გამოც მე დამეკისრა ემიგრაციაში ყოფნა ჩემი შრომით პირნათლად შევასრულე.
- რთულია ემიგრაციაში ცხოვრება?
- ძალიან საჭირო კითხვაა. იმ ეპოქის ადამიანი ვარ რომელშიც თაობები იზრდებოდნენ. ერთ ეპოქაში გაიზარდნენ ჩემი ბებო, მამა და იმავე პერიოდში პიროვნებად ჩამოვყალიბდი მეც და აქვე დაიბადა ჩემი შვილი. დღეს უკვე სხვა სულ სხვაა, თაობა იცვლება და ამ ყველაფრის ფონზე თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა უაღრესად რთულია ჩემთვის. წარმოიდგინეთ რომელი თაობის წარმომადგენელი რომელ ეპოქაში მოვხვდი ემიგრაციაში.
რთული არა, ეს ურთულესია. გჭირდება გონების მოდიფიკაცია, ყველანაირი სულიერი რესურსის გახარჯვა. გაურკვეველ პერიოდში დაუგეგმავად ხვდები მენტალურად სრულიად უცხო საზოგადოებაში, სულ სხვა კულტურაში.
ჩამოსვლის დღიდან ესპანეთის სამეფო ქალაქ ბარსელონაში ვცხოვრობ. ამ ქალაქის მაცხოვრებლები რაღაცით ჰგვანან ქართველებს და თითქოს არ უნდა გაგვჭირვებოდა ემიგრაცია, მაგრამ როგორი დამკვიდრებულიც არ უნდა იყო აქ საზოგადოებაში, მაინც მარტო ხარ. შენი სულიერი საზრდო აქ არ არის. იმ შემთხვევაში თუ ხარ ადამიანი, რომელსაც მისი ემოციების მართვა ადვილად შეუძლია, იქნები შენთვის თავდაღუნული და იშრომებ, მაგრამ თუ ცოტა მეტად შემოგიტია იმან, რომ გჭირდება გვერდით შვილი, დედა, სამეგობრო მაშინ რთულია აქ.
განსაკუთრებით ზაფხულში მიჭირს, რადგან დღეს დედამიწაზე კიბერნეტიკა უმაღლეს დონეზეა და სოციალური ქსელის დახმარებით ვხედავ მათ ცხოვრებას საქართველოში. შემიძლია, მთელი თვის განმავლობაში მიზერულ თანხად დავურეკო და კონტაქტი მქონდეს ყველა ჩემს საყვარელ ადამიანთან. ეს ხდება ეკრანის მიღმა და ის სულიერი საზრდო, რომელიც მჭირდება ყოველთვის მაკლია, რადგან ზაფხულობით სოციალურ ქსელში ვხედავ ჩემს მეგობრებს თავიანთი შვილებით როგორ გადიან კუთვნილ შვებულებებში - ზოგი ქობულეთში, ზოგიც ბათუმში, ან ბაკურიანში, ბახმაროში, ზოგიც სოფელში და ამ დროს მეც მინდა იქ. ეს იცით რა ძნელია?! მთელი დღის დაღლილი, რომ მივდივარ სახლში, როგორი ლამაზი, სავსე და სუფთაც არ უნდა იყოს აქ ჩემი სახლი და მე, ის რაც ჩემს სულს სჭირდება ყოველთვის მაკლია.
იმ დროის ემიგრანტი ვარ, მხოლოდ „სკაიპი“ რომ არსებობდა და მთელი ჩემი შემოსავლების 60%-70% მჭირდებოდა იმისთვის რომ დედასთან და მარტო დატოვებულ ობოლ შვილთან დამერეკა.
მძიმეა ემიგრანტობა, არ არის მარტივი. მერწმუნეთ, ემიგრაციაში გატარებული 10 წელი, საქართველოში გატარებულ 50 წელს უდრის.
- როგორც ვიცი თქვენ ძალიან ბევრ ქართველს ეხმარებით, რადგან ძალიან ბევრი ემიგრანტი მოგმართავთ. ამის შესახებ მოგვიყევით...
- საერთოდ ამ თემაზე ნაკლებად ვსაუბრობ, მაგრამ რადგან თქვენ ფლობთ ინფორმაციას გიპასუხებთ. როგორც აღვნიშნე ჯერ კიდევ 2008 წელს ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. აქ ადვოკატის დახმარების გარეშე ვერავინ ვერ იოცნებებდა, რომ ესპანური საბუთის გაკეთება დაეწყო. ეს არის ესპანეთში ცხოვრებისა და სამუშაოს დაწყების კანონიერი უფლება.
მაშინ ძალიან ცოტას ვმუშაობდი და საკმარისი თანხა არ მქონდა. საკუთარი ძალებით მომიხდა ინფორმაციის მოძიება, რომ გამევლო ყველა ინსტანცია, თუ დაწესებულება,რომელიც საჭიროა, რომ გაიარო. ბევრ სირთულეს შევხვდი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თითოეულ ადამიანს საბუთების მზადების პროცესში უსასყიდლოდ დავხმარებოდი, თუნდაც სიტყვიერად ან ფინანსურად.
ათობით და ასობით ქართველს ყოველგვარი ანგარებისა და გადასახადების გარეშე უცხოვრიათ ჩემს სახლში, ერთ საწოლში გვეძინა და ერთი ლუკმა გაგვიყვია. ახლაც 7-8 ადამიანი მყავს ვისაც დახმარება სჭირდება და ვეხმარები. ნაწილს მოუვიდა დასტური, რომ აქვთ ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება.
ანალოგიურად, ჩემი შვილი მყავდა ჩამოყვანილი, რასაც ვუკეთებ ჩემს შვილს და ჩემს თავს, ვცდილობ თუკი ვინმე მე მომმართავს, სხვასაც იგივე გავუკეთო. არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელებში კომენტარებითა და დარიგებებით. თუკი ვინმეს უჭირს ყოველთვის ვიწვევ პირად საუბრებში და ჩემთვის ჩუმად უხმაუროდ ვეხმარები.
- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- მირჩევნია დღევანდელი დღით ვიცხოვრო. რაც კი რამე დავგეგმე, რატომღაც არაფერი არ სრულდება. მომხვეჭელობაზე გართულება არ მაქვს და აქედან გამომდინარე უფლის ნებაა ყველაფერი. დღეს ისეთი ცხოვრებაა, სამყაროც ისეთი კატაკლიზმებით გადაივსო, რომ ჩემს სამომავლო გეგმებს ღმერთს ვანდობ. მან ყველას მისცეს სიკეთე და უფალი იყოს არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოსა და დედამიწის გვერდზე.
- რას ეტყოდით ქართველ ქალებს ემიგრაციიდან?
- საქართველოში წელიწადში ორჯერ ყოველთვის ჩავდივარ. წელს ზაფხულში ვიყავი და ახლა სააღდგომოდ ვგეგმავ იქ ჩასვლას. მინდა დედის და მამის საფლავზე მივიდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც ძალიან დამოუკიდებელი ქალი ვიყავი. მინდა ვუთხრა ყველა ქართველ ქალს, რომ იყვნენ სულიერად ძლიერები. თუ არ იქნები გამობრძმედილი როგორც რკინა ღუმელში, აუცილებლად გადაგივლის ეს ცხოვრება. ოღონდ სიმართლეს ემსახუროს ქართველი ქალი, ოღონდ მართალი დედა, მეუღლე და მოქალაქე იყოს, მტერმა ვერ უნდა დააჩოქოს. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება არავის, არასდროს არაფერს არ დავუთმობ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"