ნატომ მოსკოვი და მინსკი გააფრთხილა, რომ ალიანსი თავისი წევრების დასაცავად არსებობს

ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ ბელარუსში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების შესაძლო განთავსება რეგიონში არასტაბილურობას გაზრდის. ამ საკითხზე საუბარი იყო ჰააგაში, სადაც 27 ივნისს გაიმართა ნატოს წევრი პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, ალბანეთის, ნიდერლანდის, ბელგიის და ნორვეგიის ლიდერების და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა.

ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ „ვაგნერი“ თავის სერიულ მკვლელებს ბელარუსში განათავსებს, მეზობელი ქვეყნების სტაბილურობა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აუცილებლად მიიჩნევს მტკიცე გადაწყვეტილებებს და ნატოს მკაცრ პასუხს.

 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, რა გრძელვადიანი შედეგი ექნება რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნატო მზად არის საფრთხეებისგან თავის დასაცავად.

სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ ნატო არსებობს თავისი თითოეული წევრის და ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯის დასაცავად.

 

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.

 

24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.

 

24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.

 

24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.

 

27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.

წაკითხვა 390 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.