"გიწევს დაამტკიცო, რომ შენც შეგიძლია რაღაც" - რა წინააღმდეგობები ხვდება ქალს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

ქალთა უფლებები საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, მრავალი წლის განმავლობაში იგნორირებული იყო, ხოლო მათი ხმა - ყველაზე დაბალი, უიმედო და სასოწარკვეთილი. თუმცა, მათმა უმეტესობამ ხანგრძლივი, საინტერესო და წინააღმდეგობრივი გზის გავლის შედეგად, ქალების მისამართით არსებული კულტურული ნორმების შეცვლა მოახერხეს - მაგრამ, ბოლომდე მაინც ვერა.

"ვინ იცის, ერთი მიზეზთაგანი იმ ბედნიერი ცხოვრებისა და კეთილ მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება ამჟამად ამერიკა, ის გარემოებაც იყოს, რომ იქაური ქალები ყველაზე უფრო ნაკლებად არიან კაცებისაგან დამოკიდებულნი, რადგან ყველაზე უფრო მომეტებული უფლებები აქვთ მინიჭებული. იქნება ეს ამერიკელი ქალების დამოუკიდებლობა იყოს მიზეზი, რომ ამ ქვეყნის ცხოვრებას, სიმდიდრეს და განათლებას თითქმის ყველა ევროპის ხალხი შენატრის. თუ ამაში ერთი იოტი ჭეშმარიტება მაინც არის, მაშინ ადვილათ წარმოსადგენია, რამდენათ წინ წაიწევს კაცობრიობის ცხოვრება, როდესაც ყველა ქვეყანაში ქალებს შრომის, განათლებისა და თავისუფლათ მოქმედების სრული უფლება მიეცემათ…"

 

დიახ, ქალების განათლებასა და მათ შესაძლებლობებზე, ჯერ კიდევ 1871 წელს, სერგეი მესხი საკუთარ წერილში წერდა, სათაურით: “რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი?”

 

დღესდღეობით, საქართველოში პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ ასპარეზზე ქალების როლი ნამდვილად შესამჩნევია. XXI საუკუნეში მტკიცე ხასიათი, ნებისმიერ სიძნელესთან გამკლავების უნარი, მიზნის მისაღწევად ბრძოლა,  საფუძვლიანი განათლების მიღება კარიერული წინსვლისთვის, - უკვე ქალების მახასიათებლადაც მიიჩნევა. ჩვენს დროში არსებობენ ისეთი ქალები, რომლებიც საკუთარი თამამი გადაწყვეტილებებით აღფრთოვანებას იწვევენ და ხშირად მამაკაცების კონკურენტებიც კი ხდებიან.

 

FirstNews.ge სწორედ ასეთ წარმატებულ ქალებს დაუკავშირდა და მათი ისტორიები მოისმინა.

 

რა არის საჭირო იმისათვის, რომ დღესდღეობით ქალმა კარიერულ წარმატებას მიაღწიოს?

 

vko

ვეკო კასრაძე - წეროვანი, ხელოვნების მასწავლებელი

 

„ქალმა რომ კარიერულ წარმატებას მიაღწიოს, ამისთვის საჭიროა მუდმივი ზრდა და განვითარება. არ შეიძლება ქალმა გათხოვებისთანავე ხელი ჩაიქნიოს მის ოცნებებსა და მიზნებზე. ერთი მეორეს არ გამორიცხავს - ეს კი ყველა ქალმა უნდა გაიაზროს. თუმცა, აუცილებელია ოჯახური სიმშვიდისა და სიმყუდროვის შენარჩუნება, რომ უფრო მეტად შეძლო შენს საქმეზე ფიქრი და განვითარება. მე თვითონ დაოჯახებული ვარ, ორი შვილის დედა... როცა გავთხოვდი, ვფიქრობდი, რომ მორჩა ჩემი საქმიანობა და ახლა მხოლოდ ოჯახი, ბავშვებია ჩემი საზრუნავი.. თუმცა, როგორც კი პირველი სამსახური გამოჩნდა, შანსი ხელიდან არ გავუშვი. შემდეგ იყო სხვადასხვა ტრენინგები, სასწავლო კურსები და შეხვედრები.... ოცნება, რომელიც 14 წლის ასაკში გამიჩნდა, 25 წლის ასაკში ავისრულე, შევისწავლე მინანქარზე მუშაობა და დავსაქმდი ერთ-ერთ სოციალურ საწარმოში,  სადაც ჩემთვის მორგებული გრაფიკი  იყო.

შემდეგ იყო სკოლა, სადაც ხელოვნების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა და მივხვდი,  რომ ეს ნამდვილად ის გარემოა, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ და ახლა ვცდილობ ამ კუთხით განვვითარდე.

მუდამ მაქვს სწრაფვა იმისკენ, რომ მქონდეს საკუთარი მცირე ბიზნესი და ვაკეთო საყვარელი საქმე. 6-7თვის წინ, როცა გავიგე, რომ დევნილ ქალებს აფინანსებდნენ, საკუთარი საქმის დასაწყებად, გადავწყვიტე მეც დამეწერა ბიზნეს გეგმა. სწორედ, ამ  გზით შევიძინე საქარგი მანქანა და ახლა უკვე აქტიურად ვცდილობ საკუთარი საქმის წამოწყებას.

ამ ყველაფრის პარალელურად ვახერხებ იმას, რომ ჩემს ორ შვილს არაფერი მოაკლდეს და  სრულფასოვნად ზრდა-განვითარება შეძლონ.

ვფიქრობ, ქალის კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია მუდმივი მუშაობა და საკუთარი თავის რწმენა.

არ შეიძლება რაღაც პატარა, ან დიდი მიზნის მიღწევის შემდეგ გავჩერდეთ, მუდმივად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ცხოვრებისეულ გამოწვევებს არ უნდა შევუშინდეთ.

ვფიქრობ, სრულფასოვანი საზოგადოებისთვის აუცილებელია ქალის ჩართულობა ამა თუ იმ სფეროში. ქალებმაც უნდა მისცენ მაგალითი საკუთარ შვილებს, რომ არ შეიძლება სახლში გამოკეტვა და მხოლოდ ოცნება. არ უნდა ჩაიქნიონ ხელი საკუთარ მიზნებზე, ყველა ქალს უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის.

 

რა წინააღმდეგობები ხვდება ქალს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მამაკაცებისგან განსხვავებით?

 

tika

 თიკა დუღაშვილი - ყვარელი, ახალსოფელი, "ღვინის ეზო N1“- ის დამფუძნებელი

 

„ოჯახი საქართველოში“ − სწორედ ეს კონცეფცია აერთიანებს ჩემი ტურისტული ობიექტის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო, ეთნოტურიზმი. ეს საქმიანობა ჩემი ჰობია, სტიმული, პოზიტივითა და სიკეთით მოცული სამყარო, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთ სივრცეში იკრიბებიან. 

ჩვენი ტურისტული ობიექტი ძალიან მალე გახდა პოპულარული, დღეისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ სტუმარს ვმასპინძლობთ. დიდი სურვილი მქონდა ტურისტებისთვის დამეხვედრებინა შინაური, ქართული, სახლური გარემო, რაც იშვიათია ტურიზმის სფეროში. სწორედ ამ პრინციპით ვმართავ ბიზნესს.

პირადად მე, გენდერული ნიშნით არ ვსაზღვრავ ადამიანის მონდომებასა და მიზანსწრაფულობას. არსებობენ ყოჩაღი და ზარმაცი ადამიანები, ან ადამიანებს შემოხვდათ ისეთი წინაღობა, რომელმაც მისცა ბიძგი, რომ განვითარდეს, ეს ცხოვრების გზაა და არავინ იცის, ვის, როდის მოუწევს ამ დაფარული უნარების თვითნებური გამომჟღავნება.

სამწუხაროდ, კავკასიაში ქალი მიიჩნევა მამაკაცის თანმხლებ „სამკაულად“, მამაკაცის ნების აღმსრულებლად. ქართულ ფოლკლორშიც მხოლოდ მამაკაცების ადგილია  პოლიფონიაში, ქალები მხოლოდ „ნანებს“ მღერიან... გულდასაწყვეტია, მაგრამ რეალობაა, თუმცა, ქართველმა ქალებმა იმდენი შეძლეს, რომ გადაჭარბებითაც კი აიღეს სადავეები ოჯახის კეთილდღეობის საქმეში. შორს რომ არ წავიდე, მოკლედ ასეთი ისტორიული საწყისები აქვს ამ თემას საქართველოში და ღრმადაა გამჯდარი. ვფიქრობ, ახალა დროა, რომ ეს სტერეოტიპები დაიმსხვრეს და უკვე ასეც ხდება...

ამ კუთხით, წინააღმდეგობები არსებობს - უმეტესწილად ყოფა-ცხოვრებაში, მაგალითად პარკინგის დროს ჩასაფრებული მამაკაცი გელოდება, რომ ცუდად დააპარკინგო და დაგცინოს.

ბიზნესში - გიწევს დაამტკიცო რაღაცეები, რომ შენც შეგიძლია. მე პირადად არავითარი დისკრიმინაცია არ მიგრძვნია, პირიქით, ბევრი მამაკაცი ბიზნესმენი მირეკავს, მაქებს და მგულშემატკივრობს.

ჩემი მთავარი სათქმელი კი ბიზნესის სფეროში ისაა, რომ მსურს მცირე წვლილი შევიტანო ჩემი ოჯახის, გარემოცვისა და რეგიონის კეთილდღეობაში. ეს საქმე ჩემი ჰობია და სიამოვნებით ვაკეთებ. მძულს სიღარიბე და გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია და აქ არანაირად არ ვიზღუდები ჩემი გენდერული სტატუსის გამო..."

 

როგორ უნდა გადალახოს ქალმა სირთულეები, რომელიც შეიძლება, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდეს? 

 

mik

 მაია მიკრტიჩიანი - წალკა, საოჯახო სასტუმროს „მაიას“ დამფუძნებელი

 

„ხის კოტეჯები ყველას მოსწონს და ეკოლოგიურად სუფთაა. წალკაში მსგავსი ტიპის საოჯახო სასტუმრო არავის აქვს. თბილისიდან ჩამოვედი, მოუვლელი ნაკვეთი ვიყიდე, სადაც არაფერი იყო და ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე.

ძალიან ძნელია ქალისთვის რამის აშენება, მაგრამ, როცა მიზნად გაქვს დასახული, აუცილებლად მიიყვან ბოლომდე, გულით უნდა გააკეთო  და ძლიერი იყო. მოჭადრაკე ვარ და თამაშის დროს, დაფასთან მე ვწყვეტ ყველაფერს.  თუ მოვიგებდი, ვამბობდი - ყოჩაღ მაია, თუ წავაგებდი - ჩემს თავს ვაბრალებდი. შემდეგ თავიდან ვცდიდი ბედს. ჭადრაკმა ბევრი რამ მასწავლა, დამეხმარა. თუ რამე საქმეს დავიწყებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო და აუცილებლად მთელი გულით ვაკეთებ. 

არავის სჯეროდა ჩემი წარმატება. ოჯახის წევრები რომ მიყურებდნენ, ვეცოდებოდი, რადგან ქალი ვიყავი. თბილისიდან ჩამოვედი და იმდენად მოუვლელი ეზო ვიყიდე, რომ არავის ეგონა, რამე თუ გამომივიდოდა. როდესაც ეს მიწა ვნახე, წარმოვიდგინე, თუ რას გავაკეთებდი. იმდენად მივეჩვიე აქაურობას და ისე მომწონს, თბილისში აღარ ჩავდივარ. თუ კარგად გამოგივიდა საქმე და შენ თვითონ მოგწონს, ეს უკვე დიდი სიამოვნება და წარმატებული მიღწევაა.  დღესდღეობით, რაც ამ ეზოშია, ყველაფერი ჩემით არის გაკეთებული და ძალიან მიყვარს ყველა კუთხე."

 

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 641 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.