"ვითარება საკმაოდ მძიმეა" - მამუკა მდინარაძე გურიის სტიქიაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გურიაში, სტიქიის ადგილზე ჩავიდა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მძიმე ტექნიკა და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.
მამუკა მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„ვითარება საკმაოდ მძიმეა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ რაოდენობის ნალექი მათ არ ახსოვთ. მთელი ღამის განმავლობაში იყო კოკისპირული წვიმა, რამაც, როგორც ჩანს, მეწყრული ზონები გააქტიურა. მაგალითად, ჩოჩხათის თემში, ექვსივე სოფელში რამდენიმე ადგილას არის მეწყერი ჩამოწოლილი. ჩოჩხათის თემში ახლაც ეძებენ მოზარდს, რომელიც სახლის გვერდით მდებარე ნაგებობაში იმყოფებოდა. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. უმძიმესი ტრაგედიებია წელს, ძალიან მძიმე წელია – შოვი, ახლა ეს ვითარება. მძიმეა, როცა ადგილობრივებს უსმენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, თუკი რაიმე შეიძლება, გაკეთდეს. უამრავ ადგილზეა ხიდები დაზიანებული, ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა მაქსიმალური რაოდენობით. მაშველები იმყოფებიან ყველა ლოკაციაზე. ყველას დაეხმარნენ, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდათ, მაგრამ დამატებით თუ რაიმე საჭიროება იქნება, მზად არიან დახმარებისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, ხომ არ იყო დაგვიანებული სამაშველო ღონისძიებები, რაზეც მან აღნიშნა:
„ხდება რისკების შეფასება, სადაც მეტი რისკია, პირველ რიგში, მეხანძრე-მაშველი მიდის იქ. ამ წუთას არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც საფრთხე აქვს და არ ეხმარებიან. ბუნებრივია, შედარებით ნაკლები საფრთხე სადაცაა, მყისიერი საფრთხე არ არის, იქ შესაძლოა, ოდნავ დაგვიანებით მივიდეს. მაგალითად, ვისაც უბრალოდ დატბორილი აქვს პირველი სართული და წყლის ამოტუმბვა გახდეს საჭირო. ბუნებრივია, ეს ოდნავ მოგვიანებით იქნება. პირველ რიგში, მაშველები და უწყებები, მისი წარმომადგენლები მიდიან იქ, სადაც საფრთხე არის მყისიერი. ამასთან დაკავშირებით დამატებით გეოლოგებიც მუშაობენ. იმხელა ნალექი მოვიდა, რომ მიძინებული მეწყრული ზონები გაააქტიურა, რაზეც ცალკე შეფასებას აკეთებენ. ამან გამოიწვია უდიდესი ტრაგედია. ყველა სამუშაოს წევენ იმისათვის, რომ რისკები გამოირიცხოს. პირველ რიგში, იმ ადამიანებთან მიდიან, რომლებსაც მყისიერი დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"
- "გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
