November 22, 2024

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა

ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორც ბიზნეს პროცესების სწორად წარმართვის,

ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უწყვეტობის შენარჩუნების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან დაკავშირებული შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგები წარადგინა.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში შექმნილმა მდგომარეობამ, ერთ-ერთი ასეთი თემა იყო "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი", რომელიც სურამისა და ბედიანის დაწესებულებებს აერთიანებს.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სურამთან დაკავშირებით რეაგირება დაუყოვნებელი იყო და მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხოლო ბედიანის დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაა.

„ორი კვირის წინ გახლდით ბედიანის დაწესებულებაში, სადაც მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ინფრასტრუტურის თვალსაზრისით. ასევე, სამინისტროს ინტერესის სფერო გახდა მენეჯმენტის ის მოდელი, რაც ამ ცენტრში ფუნქციონირებს და სავარაუდოდ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი შეფერხება როგორც ბიზნეს პროცესების სწორად წარმართვის, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უწყვეტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. სამინისტროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ეს პროცესი, რომლის შედეგებზეც გვაქვს დაუყოვნებელი მოქმედების გეგმა. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი. შედეგებმა გამოავლინა, რომ დარღვევები იყო ბიზნეს დაგეგმვის პროცესში თავიდანვე, როდესაც არასწორად და გაუმართლებლად გადანაწილდა ხარჯები, რაც შემდეგ განხორციელებადი არ აღმოჩნდა და ამან გამოიწვია დაწესებულების კრედიტორული დავალიანების გაზრდა. ბიზნესგეგმაში ხელფასების გაზრდის ხარჯზე მოხდა მიმწოდებლების დავალიანების ვერგასტუმრება, ხოლო კვებასა და მედიკამენტებზე გათვალისწინებული ხარჯები რეალისტური არ იყო. ბედიანის დაწესებულებას კრედიტორული დავალიანება აქვს 160 000 ლარზე მეტი, რაც მძიმე ფინანსური ტვირთია და ამაზე სამინისტრო იმუშავებს ეფექტური მმართველობის პირობებში, რათა გამოსწორება დროულად მოხდეს. ყურადსაღებია ისიც, რომ რეგულირების სააგენტოს შესწავლა- შეფასება ამ დაწესებულებაში ჯერ კიდევ შარშან ჩატარდა და აღმოჩნდა შეუსაბამობა სანებართვო პირობებთან და იმ სტანდარტებთან, რომელსაც სააგენტო აყენებს. ჩვენი ვიზიტის შემდეგაც აშკარა იყო, რომ არანაირი ნაბიჯი რეკომენდაციების შესასრულად არ გადადგმულა. განმეორებითი შემოწმების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სანებართვო პირობებთან შეუსაბამობა სერიოზული რისკის წინაშე აყენებს ამ დაწესებულებას", - აღნიშნა მინისტრის მოაგილემ.

მან ასევე გამოყო რეკომენდაციები და ის გეგმა, რაც სამინისტროს ბედიანის დაწესებულებასთან დაკავშირებით აქვს.

"იქ დაუყოვნებლივ მნიშვნელოვანია დროებითი მმართველის მოდელის განხორციელება, რასაც რეგულირების სააგენტო მსგავს სიტუაციებში მიმართავს, რათა საფრთხე არ შეექმნას სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას. სამინისტრო გამორიცხავს ამ რისკის დაშვებასაც კი, წარმოუდგენელია ამ დონემდე მივიყვანოთ მენეჯმენტის ხარვეზები. მმართველზე გადაწყვეტილება იქნება რამდენიმე დღეში. მაქსიმალურად შევეცდებით, დროულად მოხდეს ბიზნეს პროცესების გამართვა და ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბება, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიდეთ შემდგომ ეტაპამდე, რაც იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, რათა აღმოიფხვრას ხარვეზები. ეს არის ჩვენი გეგმა", - აღნიშნა გაბუნიამ.

interpressnews.ge

წაკითხვა 6047 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.