November 22, 2024

ჩიხში მოქცეული ნარკოპოლიტიკა

2010 წლის ზაფხული იყო. 28 წლის დათომ ოთხ მეგობართან ერთად ზღვაზე წასვლა გადაწყვიტა.

გართობისა და დასვენების გეგმა უცებ შედგა: დღისით ზღვაზე გაგრილდებოდნენ, ღამით კი კლუბებსა და ბარებში გაერთობოდნენ. იმ დღესაც ჯერ ზღვაში იბანავეს, შემდეგ კი ბარში წავიდნენ. გვიან ღამით, ბარიდან გამოსულებმა კიდევ რამდენიმე ნაცნობი შეიამხანაგეს და სასმელი სასტუმროს ნომერშიც აიყოლეს.

ერთ საათში არყის ყველა ბოთლი დაიცალა. მეგობრებმა იფიქრეს, რომ სრული განტვირთვისთვის მაინც რაღაც აკლდათ. ეს რაღაც ამფეტამინი იყო, რომელიც გამგზავრებამდე თბილისში შეიძინეს. სასმელს ამფეტამინი მხოლოდ დათომ და მისმა ერთმა მეგობარმა დააყოლეს.ნარკოტიკული ნივთიერების მიღებიდან რამდენიმე წუთში დათო ცუდად გახდა.

ვაიმე, მიშველეთო, თქვა და იატაკზე დაეცა. მეგობრები ჯერ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მის გადარჩენას: გულზე მასაჟი გაუკეთეს, ყურის ბიბილოები უსრისეს, ხელოვნური სუნთქვის პროცედურები ჩაუტარეს… როცა არაფერმა გაჭრა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. საავადმყოფოსკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა პროზექტურის კართან გაჩერდა, რადგან გზაში დათოს გული გაუჩერდა.

სამი დღის შემდეგ, როცა ცნობიერება დაუბრუნდა, აღმოაჩინა რომ საავადმყოფოში იწვა. მედპერსონალი გადარჩენას ულოცავდა. მომხდარიც ნელ-ნელა აღიდგინა:

"რომ მეგონა რომ "ვაიმე, მიშველეთ" დავიძახე, თურმე ხმა არ ამომიღია და პირის გაღებაც კი ვერ მოვახერხე. მახსოვს, რომ სახე და სხეული საშინლად მიხურდა. გული ისეთი სიხშირით მიცემდა, ვეღარ ვსუნთქავდი. მერე თვალებში დამიბნელდა და აღარაფერი მახსოვს. პროზექტურაში მიხვდნენ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და რეანიმაციაში გადამიყვანეს."

ამფეტამინი, თეთრი, მომწარო გემოს ფხვნილი ან აბია. ის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია, რომლის მოქმედებაც თითქმის 10 საათის განმავლობაში გრძელდება. ამფეტამინით ზედოზირების დროს ადამიანს გახშირებული სუნთქვა, მაღალი არტერიული წნევა, აჩქარებული გულისცემა, მოჭარბებული ენერგია და სხეულის მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ორგანიზმის გადახურების შედეგად შეიძლება თირკმელებიც გაითიშოს. ამფეტამინით ზედოზირება ხშირად მთავრდება სიკვდილით, რადგან ის ტვინში სისხლის ჩაქცევას ან გულის შეტევას იწვევს.

ამფეტამინის ზედოზირებით სიკვდილს ძლივს გადაურჩა 31 წლის გოჩაც.

"საშინელი შეგრძნება იყო. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა რომ გასკდებოდა. ვცდილობდი ამომესუნთქა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ გვერდით, ან შეშინებოდათ და გაქცეულიყვნენ, როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არ დაელოდნენ, თვითონ მიმიყვანეს საავადმყოფოში."

ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების ყველა მსხვერპლს, სამწუხაროდ, ასე არ უმართლებს. საქართველოს ზიანის შემცირების ქსელმა, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს სხვადასხვა სერვისებით ეხმარება, 2014-2018 წლებში ზედოზირების 4 864 შემთხვევა აღრიცხა. აქედან 118 სიკვდილით დამთავრდა.

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ მონაცემები აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც. ბიუროს ინფორმაციით, 2010-2018 წლებში ნარკოტიკების ზედოზირებით 77 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ყველაზე მეტი — 34 ადამიანი — 2018 წელს.

თუმცა, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტ სურათს არც ეს მონაცემები იძლევა.

ზედოზირების ეროვნულ სტატისტიკას, სადაც მთელი საქართველოს მონაცემები უფრო ზუსტად იქნებოდა ასახული, არც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგროვებს და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სიცოცხლის წართმეული შანსი

ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში არ არსებობს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებს გარდაცვლილის ოჯახი და ახლობელთა წრე საგულდაგულოდ მალავს.

არასრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის ძირითადი მიზეზი საზოგადოებაში არსებული სტიგმა და არაკეთილგანწყობილი სამართლებრივი გარემოა.

სანამ წესი არ შეიცვლებოდა, ზედოზირების შემთხვევაში ნარკოტიკების მომხმარებლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას თავს არიდებდნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე მედპერსონალი პატრულს იძახებდა, რაც შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ხდებოდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2014 წლის 11 აგვისტოდან ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში ექიმებს პოლიციის გამოძახება აღარ ევალებათ. მიუხედავად ამისა, ზედოზირების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას დღემდე ბევრი ადამიანი მაინც ერიდება: ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგაც იყო შემთხვევები, როცა გამოძახების ადგილზე პატრული მაინც მივიდა.

არის მეორე მიზეზიც, 112 შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ბევრი ადამიანისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში 112 შს სამინისტროს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას დაუმალავს.

როგორც ექიმი ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი ამბობს, საქართველოში ზედოზირების შემთხვევათა ზრდას ორი მიზეზი აქვს: გლობალური ნარკოსცენა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა და ქვეყნის შიგნით არსებული მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ნარკოკანონმდებლობა საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ეს კანონმდებლობა დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს ავადმყოფიც არის და დამნაშავეც.

საქართველოს ამჟამად მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს, რომელიც ნარკოტიკების რეალიზატორებთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებსაც მკაცრად ასამართლებს. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით ისჯება, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ამავე დროს საქართველოს კანონმდებლობა ბევრი ნარკოტიკული ნივთიერებისთვის არ განსაზღვრავს მცირე ოდენობებს. ამ ნივთიერებებს შორისაა, მაგალითად, ამფეტამინი და დეზომორფინი, რომლებიც საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. მათი უმცირესი რაოდენობა, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი ავტომატურად მიიჩნევა დიდ ოდენობად და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ნივთიერებების ერთ გრამზე მეტი ოდენობით შენახვა კი "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია", რასაც შედეგად, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოჰყვეს.

არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა.

ექიმი ნარკოლოგი, ალტერნატივა ჯორჯიას ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ მკაცრი და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიუხედავად საქართველოში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა:

"არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ მომხმარებელთა დასჯა ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბის შემცირებასთან კორელაციაში არ არის. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად კი ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი, ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაზე გადავიდა."

on.ge

წაკითხვა 5758 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.