November 23, 2024

ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილნი — პატრიარქი 9 აპრილს იხსენებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე 1989 წლის 9 აპრილს იმედის დღესთან ინტერვიუში იხსენებს.

 პატრიარქი ამბობს, რომ იცოდა მის მოწოდებაზე, ქაშვეთში შესვლასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეები უარს იტყოდნენ. მისივე თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის.

"ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს - არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა", — თქვა პატრიარქმა.

მისივე განცხადებით, მან უარი თქვა მთავრობის სახლში შესვლაზე და დაურეკა ჯუმბერ პატიაშვილს და მოუწოდა თავად ჩამოსულიყვნენ რუსთაველზე.

"ეს გვახასიათებს ჩვენ. საშიშროების წინაშე, ჩვენი ხალხი ერთიანდება და ეს თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს, ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილნი. ჩვენ ვერ წარმოიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად, ხალხზე. და მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულები – ეს იყო უმძიმესი საყურებელი", — ყვება პატრიარქი ინტერვიუს დროს.

ის ამბობს, რომ ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის.

"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართველი ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა თქვას ჩემზე უკეთესი.", — ამბობს ილია მეორე.

on.ge
წაკითხვა 804 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.