თბილისელები 50 ახალი ავტობუსით იმგზავრებენ - რომელ მარშრუტებზე ჩაანაცვლებს მწვანე ავტობუსი ყვითელს
ორშაბათიდან თბილისის მოსახლეობას MAN-ის ფირმის 50 ახალი ავტობუსი მოემსახურება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, MAN-ის ფირმის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები წარადგინა და აღნიშნა, რომ ავტობუსების ფერი მოსახლეობამ შეარჩია გამოკითხვაში მონაწილეობით. ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ყვითელი ავტობუსები „სერიოზული პრობლემა“ იყო.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და შედეგი უკვე გვაქვს სახეზე. ეს არის ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.
ყვითელი ავტობუსები სერიოზული პრობლემა იყო და არის ქალაქისთვის, როგორც გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ამ ავტობუსებით მგზავრობა არის სერიოზული დისკომფორტი მგზავრებისთვის. ყვითელი ავტობუსები არის წარსული“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 10-მეტრიანი ავტობუსები სულ გათვლილია 87 მგზავრზე, ხოლო აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე, რომელსაც აქვს სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად.
ავტობუსში დამონტაჟებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.
თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ.
მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.
ამავდროულად, გათვალისწინებულია აღნიშნული მარშრუტების მცირედი შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. ეს ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდება N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.
ახალი ავტობუსების წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.
ambebi.ge
სიახლეები
- “მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით ყველას” - თედო აბრამოვი
- “ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან - რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ” - ექვსი არასამთავრობო ორგანიზაც
- დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში ირანული დრონების გადამზიდი გემი გაანადგურეს