ქართველი ბავშვების დიდი პრობლემები ოკუპირებულ ცხინვალში - 7 ქართული სკოლიდან 2 იხურება
“ცხინვალის რეჟიმი ქართული სკოლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
მე-6 კლასამდე ქართული სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლიდან 2-ს ხურავს. დე ფაქტო ხელისუფლება აანონსებს, რომ სექტემბრამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, დახურავს სამი სოფლის სკოლას, ქართველებით დასახლებული ახალგორისა და ზნაურის სოფლებში. დასახურად გამოცხადებული სამი სკოლიდან 2 სკოლაში, ახმაჯსა და ახალშენში (ოსურად ნოგყაუ) ქართველი ბავშვები სწავლობენ და ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ქართულად სწავლება მე-6 კლასიდან ზევით”, წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველი ბავშვების დიდი პრობლემები ოკუპირებულ ცხინვალში - 7 ქართული სკოლიდან 2 იხურება.
“ცხინვალის რეჟიმის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლის ნაცვლად დარჩება მხოლოდ - 5 და 6 წელიწადში ეს სკოლებიც სრულიად რუსულენოვანი გახდება. საქმე იმაშია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შემორჩენილი ქართული სკოლების და ბაღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა 2017 წლიდან დაიწყო. 2017 წლის სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით აკრძალა დაწყებით კლასებში -1-დან 4-კლასის ჩათვლით - ქართულად სწავლება. ქართული დარჩა მხოლოდ ერთ რიგით საგნად. ასევე 2017 წელს ახალგორში ერთი ხელის მოსმით დაიხურა ქართული საბავშვო ბაღებიც. 2018 წლის სექტემბრიდან რუსულად სწავლება ყველა ქართულ სკოლაში უკვე მე-5 კლასის ჩათვლით გაგრძელდა და ცხინვალის რეჟიმის გეგმაა, რომ როცა დღევანდელი ქართულენოვანი მე-6 კლასი სკოლას დაამთავრებს, ყველა ქართული სკოლა საბოლოოდ მთლიანად რუსულად გადაკეთდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამჟამად ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში 6 ნახევრად ქართული სკოლაა. კიდევ ერთი ნახევრად ქართული სკოლაა ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში, რომელსაც ოსებმა სახელწოდება გადაარქვეს და ნოგყაუ დაარქვეს. ამ სკოლებში ქართულად სწავლა მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით ჯერ ისევ დაშვებულია, ოღონდ აკრძალულია გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით. როგორ დე ფაქტო განათლების სამინისტროში აცხადებენ, ისტორიისა და გეოგრაფიის ქართული წიგნები “ტენდენციური” იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სასკოლო პროცესიდან გაძევებულია. ახლა კი, ჯერ ისევ შემორჩენილი 7 ნახევრად ქართული სკოლიდან ცხინვალის რეჟიმი 2 სკოლას ხურავს იმ მიზეზით, რომ სკოლებში ცოტა მოსწავლეა. სოფლის მცირერიცხოვანი სკოლების დახურვის გადაწყვეტილება დე ფაქტო განათლების მინისტრმა ნატალი გასიევამ ცხინვალში პრესკონფერენციაზე გამოაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.
“როგორც ოსური საინფორმაციო სააგენტო “რესი” წერს, დე ფაქტო მინისტრის თქმით, 1990-იანი წლების მოვლენებს შემდეგ სოფლები მოსახლეობისგან იცლება და მოსწავლეების არარსებობის გამო არაერთი სკოლა დაიხურა, თუმცა, მცირერიცხოვანი სკოლები პრობლემა დღესაც არსებობს. გასიევას განცხადებით, მომავალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილია ზნაურის რაიონის სოფელ ნოგყაუს (ახალშენის) და ასევე ახალგორის ორი სოფლის - აბრევისა და ახმაჯის სკოლების დახურვა. მისივე თქმით, მაგალითად, აბრევის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლეა, ამიტომ უნდა დაიხუროს და მოსწავლეებს შეუძლიათ მეზობელი სოფლის, წინაგარის სკოლაში იარონ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროს სოსო ცოტნიაშვილის თქმით, დასახურად დაანონსებული სამი სკოლიდან 2 სკოლაში, ახმაჯსა და ახალშენის სკოლებში - ეთნიკური ქართველები დადიან, აბნევრში კი - ოსები. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ქართველ ბავშვებს ისედაც დიდი პრობლემები აქვთ ქართულად სწავლების აკრძალვის გამო, რადგან რუსული ენა სრულიად უცხოა და საგნების სწავლა ძალიან უჭირთ, ამიტომაც თვლის, რომ ახლა 2 სოფლის სკოლის დახურვა მაინცდამაინც დიდ პრობლემებს ვეღარ შექმნის - ქართული სწავლის აკრძალვის გამო ბევრმა მშობელმა შვილი ისედაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანა და ამ სკოლებში 2- მოსწავლე იყო დარჩენილი”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- “ხოშტარია და კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ეს არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს თავი გამოჰყავთ მთავარ ანტირუსებად, მეორე მხარეს ფულს შოულობენ რუსული მხარის ხარჯზე” - ირაკლი კობახიძე
- “ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს; ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ, ღვთისმშობლის მეოხებით, ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი” – მეუფე შიო
- ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის” დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის” დაბრუნებისთვის” - პრემიერი
- “იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდება” - ირაკლი კობახიძე