28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
28 მარტს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფერმერებისა და მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირება.
გამოფენა-გაყიდვა სტუმრებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ზაქარია ფალიაშვილის N29-ში, გალაში, უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე 30-მდე ფერმერი და მეწარმე დამთვალიერებელს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას წარუდგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სურსათის უვნებლობასა და ადგილობრივ სტანდარტს - ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ გეოგაპით სერტიფიცირებულ ფერმერებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათ მიერ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, აგრობაზრის მიმდინარეობისას მოეწყობა კულინარიული მასტერკლასებიც, რაც ღონისძიებას სტუმრებისთვის კიდევ უფრო ინტერაქციულსა და საინტერესოს გახდის.
პროექტის შესახებ: საგაზაფხულო აგრობაზარი იმართება პროექტის - „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. მას ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ (როგორც წამყვანი ორგანიზაცია), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა“ (CSRDG) და „ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
