რა იცვლება მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს - მთავრობა ახალ დირექტივას მიიღებს

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც მონიტორიან მოწყობილობებთან მუშობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.

 

ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მონიტორიან მოწყობილობაში იგულისხმება ჩვეულებრივი კომპიუტერის ეკრანიც, რომელთანაც შეხება დასაქმებულთა უმრავლესობას აქვს.

 

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 23 ევროდირექტივის მიღების ვალდებულება გვაქვს, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მათი მიღება ეტაპობრივად, 2022 წლამდე უნდა მოხდეს. თუმცა, მონიტორიან მოწყობილობებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დირექტივა უკვე 2019 წელს არის მისაღები. მართალია, ოქტომბრის ბოლოს უკვე მივიღებთ ამ დირექტივას, თუმცა, დამსაქმებლებისთვის იქნება გარდამავალი პერიოდი რათა გაეცნონ დოკუმენტს და მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ. ამის შემდეგ კი დავიწყებთ ზედამხედველობას.

 

რაც შეეხება დოკუმენტში გაწერილ მოთხოვნებს, განსაზღვრული იქნება თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი სამუშაო ოთახი; რამდენი კვადრატული უნდა იყოს სამუშაო სივრცე/ოთახი; ასევე გაწერილია, რომ განათებით იყოს სამუშაო კუთხე განათებული; სავარძელი იყოს ისეთი, რომელიც დასაქმებულისთვის მის მორგებას უზრუნველყოფს.

 

გარდა ამისა, დირექტივაში განსაზღვრულია თუ როგორ უნდა განთავსდეს დასაქმებული მონიტორიან მოწყობილობასთან; რამდენი ხანი უნდა გაატაროს ეკრანთან შეუსვენებლად, დასაქმებულმა უნდა იცოდეს რომ მაგალითად, 3 საათის შემდეგ ადგეს, 10 წუთი გაიაროს და თვალი დაასვენოს.

 

რაც შეეხება თავად, მონიტორიანი მოწყობილობის ხარისხს, დირექტივის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ გამოსხივებამ დასაქმებულის ჯანმრთელობას, მის თვალებს საფრთხე არ შეუქმნას. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული აღმოაჩენს, რომ მისი თვალების მდგომარეობა არის შეცვლილი მას ექნება უფლება, დამსაქმებელს მოსთხოვოს და მხედველობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიაროს,“-განაცხადა მიქაიამ.

წაკითხვა 604 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 10 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.