"ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად, სასმელს ეტანებიან"
"საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა, თანამედროვე სოფელიაო"
2019 წელი მისი საიუბილეო წელიწადია - მალე 80 წლის გახდება. რაც მთავარია, მხნედ არის და მისი შემოქმედებაც მუდამ აქტუალურია, რადგან დღემდე სხვადასხვა თაობის ადამიანების უდიდეს ინტერესს იწვევს, და არა მარტო საქართველოში. ახლახან ახალი კრებული წარუდგინა ქართველ საზოგადოებას. ერთი წლის წინ ლიტერატურის დიდმა დამფასებელმა, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა სოციალური ქსელში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოფინა წარწერით: გერმანელებმა მას "პოეზიის ლეგენდა" უწოდეს, ჩემთვის ყველაფრის ლეგენდააო. ზუსტად 9 წლის წინ, 2010 წლის ოქტომბერში ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს ლიტერატურის დარგში. თავად თავის ნაწარმოებებს "ცხოვრებაში შესატყუებელ წიგნებს" უწოდებს, სამყაროსაც წიგნს უწოდებს, ადამიანს - "მნიშვნელოვან ნაწარმოებს" და საკუთარ თავსაც, თითქოს, წიგნივით კითხულობს. სახელგანთქმული მწერალი - პოეტი და პროზაიკოსი ბესიკ ხარანაული თავის მშობლიურ თიანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია, რომელიც მშობლიურ კუთხეს ახლაც ხშირად სტუმრობს. მასთან საუბარიც სწორედ მთითა და სოფლით დავიწყეთ.
- ჩვენთან, საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა, თანამედროვე სოფელიაო. მთელ დედამიწაზე, მაგალითად, თბილისი უფრო ჰგავს სხვა ქალაქებს, ვიდრე ჩვენი სოფელი - სხვა სოფლებს. არა მარტო ცხოვრების პირობებით, არამედ - მეურნეობის მოწყობითაც კი ჩვენში ქალაქსა და სოფელს შორის არც არის დიდი სხვაობა. ახალი მოწყობა სჭირდება ჩვენს სოფლის მეურნეობას. გზები უნდა გამოინახოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა ზედმეტად არ იწვალოს. მაგალითად, ჩემს სოფელში დღეს თითო-ოროლა ბავშვი თუ დარბის. აღარავის გვინდა, ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა სოფელს შემორჩეს. მისთვის მოღუშულ და მოწყენილ ცხოვრებას ხომ ვერ ვისურვებთ? ახალგაზრდას განვითარება სჭირდება. ჩვენი სოფლების მეურნეობაც ისეთია, ვერ უწყობს თანამედროვეობას ფეხს. ამიტომაც ვერ ჩერდებიან იქ ახალგაზრდები და თუ ჩერდებიან - სვამენ. არც არავინაა დამშლელი. გული მტკივა, რომ ვუყურებ, ნაშოვნი ერთი-ორი თეთრით სმას და უსაქმურობას როგორ ამჯობინებენ, არადა, რამდენი საქმეა იქვე, მათ გვერდით.
ხალხი საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ჩვენიდან ქალების ყველაზე დიდი პროცენტია წასული საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, ისრაელში. ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად, სასმელს ეტანებიან. ფაქტობრივად, მაინც ეკლესია დგამს ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ ხალხი გაჯანმრთელდეს და გამრავლდეს. რა არის, იცი? ეკლესია თავის მრწამს ეფუძნება, ჰოდა, საერო ცხოვრებაში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ბევრს უნდა ინდომებდნენ, რაიონებსა და სოფლებში ჩამკვდარი ენთუზიაზმი რომ გააღვიძონ.
ძალიან კარგია, "მთის კანონი" რომ გვაქვს, რაღაც-რაღაცებიც კეთდება სოფლების განვითარებისთვის, მაგრამ... რა მგონია, იცი? ხალხს საქმე გააერთიანებს, შეკრავს. ჩვენი წინაპრებიც ხშირად კონკრეტული მიზეზის გამო ერთპირად შეიკვრებოდნენ, კომუნის მსგავს რაღაცებს ქმნიდნენ და ერთ საქმეს აკეთებდნენ. ახლა რაც გინდა დაუწერე, არაფერი გამოვა, თუკი ხალხმა თვითონ არ აირჩია გზა. მხოლოდ ფული რომ ურიგო, იმათ ვერ მოაჭარბებ და ვერც გულს მოუგებ, საქმესაც არ გააკეთებენ და ვერც შედეგს მიიღებ...
- ბატონო ბესიკ, თქვენს ნაწარმოებში "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის" წერთ: "უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრებაც, რომ თვითონ დაიბადო". თქვენ თვითონ შეძელით "დაბადება"?
- კარგად მითქვამს. თითქოს ხანმოკლეა ცხოვრება, მაგრამ ძალიან გრძელია ამავე დროს. იმდენად, რომ მაგალითად, მაგის გვერდით შეიძლება კიდევ სხვა წიგნი დაიდოს და რომ გაჰყვე ქრონოლოგიურად, კიდევ ერთი წიგნი გამოვა. ასევე, ადამიანის გზა ყოფილა ძალიან რთული და არაერთგვაროვანი იმიტომ, რომ ადამიანი უფრო ნიჭიერია, ეტყობა, ვიდრე - მისი რაიმე აზრი. ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ადამიანს არ შეეძლო ერთსა და იმავე საგანზე განსხვავებული აზრის თქმა, თუნდაც, რამდენჯერმე მისი განსხვავებულად დანახვა. არადა, ეს ადამიანში არის, იოლად ვემორჩილებით ხოლმე ჩვენ ემოციებს: ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანს დღეს მოვიწონებთ, მერე რაღაც უარყოფითს აღმოვაჩენთ და აზრი გვეცვლება, მერე კვლავ მოგვეწონება... ვფიქრობ, ადამიანის ნიჭში ძალიან ბევრი ფურცელია ერთი და იმავე საგნის, ამბისა და თავგადასავლის შესახებ. მაგალითად, ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც ამოწურა. სწორედ ახლა, თქვენთან საუბარში გავხედე ამ წიგნს და აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არაა იქ ამოწურული - ის ხომ იმიტომ დავწერე, რომ რაღაცისგან გავთავისუფლებულიყავი! სხვათა შორის, ჩემს წიგნში - "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა" ერთი ეპიზოდი არის, ცოცხებიანი ჯოროსნები რომ გამოდიან. ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მკვეთრი მოგონებაა, თითქოს ბუნდოვანიც: ხანდახან არც მჯეროდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მართლა იყო თუ არა-მეთქი? ბავშვობის ეს მკვეთრი ეპიზოდი თავისი ბუნებით ისეთია, "ეპიგრაფებში" უნდა შესულიყო, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად საფარველი დაედო და მერე, როდესაც გამახსენდა, გამიკვირდა, ეს რამ დამავიწყა-მეთქი? ესე იგი, იმიტომ დამავიწყდა, რომ მერე გამხსენებოდა... ცხოვრების მოკვლაზე რომ ვლაპარაკობ, თითქოს იქ მოვკალი რაღაც, სიცოცხლისთვის მოვკალი. სულ არ ვნანობ, რომ ეგ წიგნი დავწერე: ჩემი ეგოისტური თვალსაზრისით, ამით რაღაცისგან გავთავისუფლდი. ბავშვობის ერთი ფოტო მაქვს, სადაც ჩაცმულობით განსაკუთრებით ჩანს ჩემი იმდროინდელი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, მუხლებზე წიგნი მიდევს და იგრძნობა, რომ კულტურულ გარემოში ვიზრდებოდი, თითქოს ჯოკონდას ღიმილი დამთამაშებს სახეზე (იღიმის)... ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ბავშვობის წინაშე არის პასუხისმგებელი: გვირგვინის დადგმაზე კი არ უნდა იფიქრო, "იმას" - შენს ბავშვობას არ უნდა გაუმრუდო ცხოვრება, არ უნდა უღალატო, რადგან ის არის ჩვენი სირცხვილიცა და გამარჯვებაც.
- თქვენს წიგნებში ფშაველი კაცის პირდაპირობა იგრძნობა. საკუთარ პირდაპირობას უძლებთ?
- ყოველი დაწერილი სიტყვა არის მოკლება წყვდიადისა, ესე იგი, მე რომ რაღაც დავწერე, ამ ჩემს წყვდიადს მოვაკელი. რამდენიმე არასასახელო მომენტია ბიოგრაფიულად ჩემს ცხოვრებაში და რომ მახსენდება, ვფიქრობ: რომ გამაბედვინა და ეს დამაწერინა, ხომ აღარ შემაწუხებდა-მეთქი? ამით ჩემს წყვდიადს მოვაკლებდი იმას, რასაც ვერ ვამბობ. ადამიანის ცხოვრებაში არის ფურცლები, რომელიც არ უნდა, რომ იყოს, მაგრამ ვერ მოიშორებს. ცხოვრებაც სარკესავით არის: დაგანახვებს რაღაცას და შენ, რა თქმა უნდა, გახტები განზე.
- "ეპიგრაფებში" დაგიწერიათ: "სიყვარული და პოეზია?.. როცა ორ მიუწვდომელზე ლაპარაკობენ, მათი ღირსებები ერთმანეთში ერევათ. სინამდვილეში მეტი ისაა, რაც მეტად გწყურია". მაინც რა აღმოჩნდა ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი: სიყვარული თუ პოეზია?
- პოეზია გამოხატვის საშუალებაა. ჩემთვის ყველაფერი წიგნია: ცაც, ბუნებაც, ადამიანიც. სიყვარული? ქალის და კაცის ურთიერთობა ხომ ჩვენთვის საზღვარია სიყვარულის! არადა, სიყვარული გაცილებით მეტია და უცნობი, ვიდრე ქალისა და კაცის სიყვარული და ერთად ყოფნაა. დაუკვირდით? საბჭოთა ნაწარმოებების გარდა, სიყვარული არსად შედგა: არც "ლეილმეჯნუნიანში", არც "რომეო და ჯულიეტაში"... "ვეფხისტყაოსანს" რაც შეეხება, რუსთაველი ეგრე არ დაამთავრებდა. ქორწილი რაღა არი, რო? ის ეპილოგი მერე მიმატებული მგონია. ეს ამბავი სივრცეში უნდა გაწყვეტილიყო იმიტომ, რომ სივრცეშია გაწყვეტილი თვითონ რუსთაველის და თამარ მეფის ცხოვრება... ეტყობა, დასრულებული არაფერი ვარგა... მითქვამს, საინტერესოა, რა იქნებოდა, იმ წუთშივე რომ იწერებოდეს ყოველი განცდა-მეთქი?.. მგონია, სიცარიელე იქნებოდა. ახლა, მაგალითად, ძალიან ცუდ დღეში ვარ: ქაღალდი და კალამი სულ გვერდით მიდევს. სულ სახიფათო მდგომარეობაა: როგორც ნახირი შედის პატარა გასასვლელში და ერთმანეთს აწყდება, ხანდახან ასეა აზრებიც და უნდა მოვასწრო დაწერა. ნათქვამიც მაქვს: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებს...
P.S. "...როცა მოვკვდები, მერეც კარგა მაგრა ვიცოცხლებ, რადგან სიტყვაში ვიქნები და სიტყვა მაცოცხლებს. რადგან ჩემი სიტყვა არაფერს არაა ამოფარებული, არც გმირობას, არც ნაწარმოებს... მარტო საკუთარ თავს ებრძვის და სხვებისთვის დრო აღარ რჩება... ვინ ამწონის მე სამი აბზაცის მერე? მკითხველო, შედი ავტორის გვამში და იხილე იქ დაღლილობა..." - ბესიკ ხარანაული, "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა".
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"