მიდის პეტრეს გზა მონასტრისკენ?
„მე ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის... ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის და მართლმადიდებლობისათვის“,
- ასე უპასუხა მეუფე პეტრე ცაავამ, სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებულმა სასულიერო პირმა, 4 ნოემბერს, ჟურნალისტების კითხვას მისი სამომავლო გეგმების შესახებ, შეკრა ბარგი და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია, სადაც 12 წელი გაატარა, დატოვა. ის თბილისისკენ გამოეშურა.
თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე სულ სხვა მიმართულებით, შიომღვიმის მონასტერში, მოსანანიებლად გაამწესა.
შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი, მეუფემ 4 ნოემბერს განმარტა. მისი სიტყვებით, მონასტერი ექვემდებარება საპატრიარქოს და მისი იქ ყოფნა მინიმუმ უხერხულობას შეუქმნის იქ მყოფ ბერებს: „მე არ ვაპირებ საჯაროობის დათმობას, იმიტომ, რომ ერთადერთი ბრძოლის იარაღი ეს სივრცე დამრჩა“.
ზოგადად, მონასტერში წასვლაზე მეუფეს უარი არ უთქვამს: „თუ მომცემენ სივრცეს, სადაც დამოუკიდებლად შემიძლია ვიყო, ვიარსებო, ვილოცო და ვიკვებო, შემიძლია დავთანხმდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დანგრეულ მონასტერს, თუ განმაწესებენ, ვიქნები იქ, სადაც მექნება დამოუკიდებლად არსებობის საშუალება“.
რაც შეეხება მეუფისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების და მონანიების მოთხოვნას, სინოდის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს მოსანანიებელი აქვს „კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, ცილისწამება“.
მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ „პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს“, - ამის შესახებ მან 4 ნოემბერს, ეპარქიის დატოვებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:
„მე ან ცილისწამებისათვის უნდა დავისაჯო, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით“.
„ცილისწამება“ და „ბრალდება“, რომლის დამტკიცებაც მეუფეს მყარი არგუმენტებით მოუწევს, იმ სკანდალურ განცხადებას შეეხება, რომელიც მან 31 ოქტომბერს, ჯერ სინოდის სხდომაზე, შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება... საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მეუფე პეტრეს „მოსანანიებელი არაფერი აქვს“. ის თვლის, რომ მეუფე არაფერშია დამნაშავე და საკითხის ამგვარად წარმოჩენა არარელევანტურია:
„წარმოიდგინეთ, პირი, რომელსაც ჰქონდა სტატუსი, წოდება, თანამდებობა, გავლენა, პატივი, დიდება, საზოგადოებრივი მხარდაჭერა, კათოლიკოს-პატრიარქის სიმპათია... და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოიტანეთ დასკვნები, რამდენად მნიშვნელოვანია მეუფისთვის ის პრინციპები, ღირებულებები და საღმრთო ბრძოლა, რომელშიც ჩაერთო. ნეიტრალური საზოგადოებისათვის სწორედ ეს უნდა იყოს საგულისხმო, რომ თუკი ადამიანს არ აქვს ხელჩასაჭიდი პრინციპი, რომელიც მისთვის საღმრთო სამართალზე გადის, ასეთ კომფორტულ ზონას საკუთარი ნებით არ დათმობს და არ შეუქმნის საკუთარ თავს უხერხულობას, სტრესსა და დაძაბულობას. მეუფისთვის წარმოუდგენელია უკან დახევა. ის აუცილებლად მიიყვანს ბრძოლას ბოლომდე“.
აღდგენა თუ განკვეთა?
თუკი მეუფე არ წავა მონასტერში, ჩაითვლება თუ არა მისი ეს ქმედება საეკლესიო დისციპლინის დარღვევად და იქცევა თუ არა ეს გადაწყვეტილება მისთვის ახალი სასჯელის დაწესების საბაბად? - ამ კითხვაზე პასუხად თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი ამბობს, რომ კანონიკური სამართლის ნორმების თანახმად, მონასტერში გამწესება, ეს არის ერთგვარი საეკლესიო კანონიკური ტრადიცია და როდესაც წმინდა სინოდი ამა თუ იმ სასულიერო პირს რაიმე სახის სასჯელს აკისრებს, მისგან ელოდება სინანულს და მოუწოდებს მას მონასტერში წასვლისკენ, თუმცა, მონასტერში წასვლაზე უარის თქმა, არ განიხილება უფრო მკაცრი ზომების დაწესების საბაბად:
„მეუფე პეტრეს წინააღმდეგობა გარკვეულ უხერხულობას ქმნის, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის პატრიარქის მოწოდებასთან, მაგრამ ეს არ მიიჩნევა ისეთი სახის კანონიკურ დარღვევად, რის გამოც წმინდა სინოდმა უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს მის წინააღმდეგ. მეუფე პეტრეს სასჯელი მღვდელმოქმედების შეჩერებაა. თუკი ის წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, არ დატოვებდა ეპარქიას, გააგრძელებდა საქმიანობას, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა საეკლესიო დისციპლინის დარღვევა და არა მონასტერში წასვლა-არწასვლა“.
რაც შეეხება მღვდელმოქმედების უფლების კვლავ დაბრუნებას ან მეუფის ეკლესიიდან საბოლოო განკვეთას, დეკანოზი ლონგინოზი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია, მხოლოდ და მხოლოდ, მეუფე პეტრეს სამომავლო ნაბიჯებზე:
„გულწრფელი სინანულის შემთხვევაში, მეუფე პეტრეს საშუალება აქვს, სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება. არც ისაა გამორიცხული, რომ ის კვლავ ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნდეს. მას შენარჩუნებული აქვს მეუფის ხარისხი. მისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვა ატარებს დროებით ხასიათს. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს როგორც რამდენიმე თვეს, ისე ერთი წელი ან უფრო მეტი. ეს დამოკიდებულია პიროვნების სინანულის ხარისხზე. შესაბამისად, რა ჟამსაც ჩათვლის საჭიროდ ეპისკოპოსი ან წმინდა სინოდი, რომ მან სათანადოდ შეინანა თავისი საქციელი, მას შეუძლია კვლავ აღუდგეს უფლებები. რაც შეეხება განკვეთას, როდესაც ადამიანი შესაბამისი კანონიკური სანქციების შემდეგაც არ ნანობს თავის საქციელს, რა თქმა უნდა, შემდეგ უფრო მძიმე სასჯელი დგება და შესაძლოა, ეს იყოს საბოლოო განკვეთა, ყველაზე მძიმე სასჯელი სასულიერო პირისთვის - მისი გაყვანა ერისკაცის დონეზე“.
მეუფე პეტრე ვარაუდობს, რომ მის მიმართ „უსამართლო სასჯელების სერიები კვლავ გაგრძელდება“, თუმცა, ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის.
ამჯერად, მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა წმინდა სინოდის მომავალი სხდომის საპატრიარქოს ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაცემაა. მეუფე თვლის, რომ ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული ეკლესიის ღიაობისა და გამჭვირვალობისკენ: „ეკლესიამ მხოლოდ შვიდი საიდუმლოება იცის. სხვა საიდუმლოება არ არსებობს. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო. ვინაიდან მღვდელთმთავრები, სინოდის წევრები, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და სიცრუეს ტირაჟირებენ, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა“.
როდის ჩატარდება სინოდის მომდევნო სხდომა და გადაიცემა თუ არა ის პირდაპირი ეთერით, ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოში არ კეთდება.
როგორი იქნება ბრძოლის მეთოდები და იარაღი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავა ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი