ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
“რა სცენარისკენ მიჰყავს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს და უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
ივანიშვილმა და მმართველმა გუნდა დაპირება არ შეასრულა და პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა დანაპირების შესრულება და რა არის ახლა მისი სამოქმედო გეგმა. "აჯანყებული" მაჟორიტარები, თუ კარგად დაგეგმილი სცენარი, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. შესაძლოა უმრავლესობა და „ქართული ოცნება" საერთოდ დაიშალოს. არც ის არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი.
"ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ახლა ივანიშვილს რევოლუციური სცენარის გარდა ყველა სხვა სცენარი აწყობს და მისთვის სრულიად ხელსაყრელია. პარლამენტში მესამე ცდაზე 142 კაცინი ქვორუმის მიუხედავად 104 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. 101-მა დეპუტატმა კანონპროექტს ხმა დაუჭირა, ხოლო 3-მა მათგანი წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან პარლამენტში მჯდომმა 38 დეპუტატმა თავი შეიკავა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის მისაღებად, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო, 113 ხმა იყო საჭირო. ყველა დეპუტატი, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, "ქართული ოცნების" წევრია. ამის შემდეგ კი მედიასთან 8 „ოცნების" დეპუტატმა გუნდის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობა კიდევ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. ამ ეტაპზე კი უმრავლესობის რიგები, თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და 4-მა სხვა დეპუტატმა დატოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ეს. შედეგი დადგა ესეთი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო ეს და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ" - ამბობს თამარ ჩუგოშვილი. "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ, მიესალმება. წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოება არჩევნების ისევ მაჟორიტარული წესით ჩატარებას არ დაუშვებს. "ისედაც ჩვენს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, ეს არეულ-დარეულობა ნამდვილად არ სჭირდება, არ სჭირდება პარლამენტს ასეთი პრობლემები, სადაც გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, სადაც ერთმანეთს ლანძღავენ. დღეს არის კრიზისი, ერთმა ჯგუფმა დატოვა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ალბათ, იმიტომ რომ მორალურად ძნელად შესაგუებელია ეს. "მეორე ჯგუფი ცალკეა - მაჟორიტარების. გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება და ბუნებრივად შეიძლება დადგეს ვადამდელი არჩევნების თემა. შეიძლება აწყობდეს დღეს "ოცნებას" მაჟორიტარული წესით, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაუშვებს, რომ ისევ წყნარად ჩატარდეს ეს არჩევნები მაჟორიტარული წესით, ისევ მოსყიდვით და ადმინისტრაციული რესურსით მოიგონ ადგილები რეგიონებში," - განაცხადა გიგი წერეთელმა”, - განაგრძობს გამოცემა.
"პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია ახალი ძალებით განახლდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა პოლიტიკური ძალა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს. "მიიღეს შედეგები, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ესენი ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში და თქვეს, ჩვენ არ გვაინტერესებს ხალხის ნება, არ გვაინტერესებს რას ფიქრობს საზოგადოება, ჩვენ ძალაუფლებას ვაყრდნობთ ძალოვან სტრუქტურებზე და ამიტომაც მოხდა საკვანძო თანამდებობებზე ძალოვანი მინისტრების დომინირება, მისი მცველების და საფერფლიდან ამოღებული ბიჩოკების. "სახეზეა სახელმწიფოს მიტაცება, შესაბამისად პროპორციული ჩააგდეს, აღარ აქვთ იმედი, რომ უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს, ეს აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ. აუცილებელია ბიძინა ივანიშვილი, ეს პლუტოკრატი ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველოს პოლიტიკას. 1948 წელს მიღებულ ადამიანთა უფლებების საყოველთაო კონვენცია ამბობს, თუკი ხელისუფლება გადაიზარდა ტირანიაში, მაშინ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. ჩვენ ვუყურებთ სამივე ხელისუფლების მიტაცებას - სასამართლო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი,"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. მისივე თქმით, მაჟორიტარების "ურჩობა" ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყო, რისი საბოლოო მიზანიც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება იყო. დიღმელაშვილის თქმით, მოძრაობა "სირცხვილია" ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველას თანამშრომლობას სთავაზობს”, - დასძენს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამ გეგმით ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ცდილობს. თუმცა, მისთვის გაუგებარია რატომ არის ის დარწუნებული, რომ 2020 წელს თუნდაც შერეული საარჩევნო სისტემით არჩევნებს მოიგებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სრულიად დაუჯერებელია ასე მოულოდნელად აჯანყდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. მისი აზრით, ძალიან მცდარი გათვლაა, თუ კი ივანიშვილს იმის იმედია ქვს, რომ ხალხი ამას არ გააპროტესტებს. თუმცა, ისთვის ახლა ყველა სცენარი მისაღებია, გარდა რევოლუციურისა, რაც საქართველოს მოსახლეობასაც არ აწყობს. „სიმართლე გითხრათ პირველივე მოსმენაზე ამ კანონპროექტის ჩაგდებას არ ველოდი. სავარაუდოდ, როგორც ჩანს ივანიშვილმა არჩვენების პროპორციულ სისტემაზე ჩატარება გადაიფიქრა და ამის მიზეზი შიდა კვლევებიც შეიძლება იყოს. აქ ორ ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ. მან ამ გადაწყვეტილებით ჯერ ერთი, გუნდის შიგნით წმენდა დაიწყო და მეორე მას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა. "ამ კრიზისის ფონზე თუ კი მასშტაბური აქციები დაიწყება, ის გამოვა და იტყვის, რომ კრიზისია მმართველ პარტიაში და ქვეყანაში, ამიტომაც აი ვადამდელ არჩევნებს ვნიშნავ და თავად გადაწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიცია მზად არ არის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა", ამიტომაც ყველა მის გარშემო გაერთიანდება. ხოლო 3%-იანი ბარიერის პირობებში „ოცნებას" რისი იმედი აქვს და რატომ გონია რომ ამ შემთხვევაშიც უმრავლესობით მოვა, ჩემთვის გაუგებარია",-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან", - წერს გამოცემა.
"ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია, ასევე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რთულია ახლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ გავიგოთ რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ფაქტი ერთია, მას საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლა არაფრით აწყობდა და ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებაზეც კი თანახმაა. კაკაჩია ამბობს, რომ ახლა ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და საპრეზიდენტო არჩევნების მსგავს სცენარს გაითამაშებს. კაკაჩია მოვლენების ასე განვითარებაში ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, რადგანაც ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მათ საკმარისი პრინციპულობა და სიმწვავე არ გამოიჩინეს. „ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ახლა ივანიშვილს მოვლენების ყველანაირი განვითარება აწყობს. რიგგარეშე არჩევნებისთვის „ოცნების" გარდა სხვა პარტიები მზად არ არიან. რევოლუციური სცენარი ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ქვეყანას და ხალხს არ აწყობს, ამიტომაც შეიძლება დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. "სხვაგვარად ყველაფერი მის წისქვილზე წყალს ასხამს. მას შეუძლია, თუ ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები დანიშნოს. როგორც ჩანს მისი გეგმაც ეს არის. საზოგადოებას ახლა ვერავინ დაარწმუნებს, რომ ივანიშვილმა ამ ე.წ. დემოკრატიულად მოაზროვნე დეპუტატებს ვერაფერი დაუმტკიცა და ვერ გადაიბირა. "ფაქტია, რომ მათ საკუთარი ინტერესებიც აქვთ, თუმცა პარტიის შიგნით აჯანყება მოაწყონ, ეს დაუჯერებელია. შესაძლოა მისი გათვლა ის არის, რომ ზაფხულში გამართული აქციების შემდეგ, ხალხი დაიღალა და ახლა საარჩევნო სისტემის შეცვლა არ შეცვლის გამო ქუჩაში კიდევ ვინმე გამოვა. "ივანიშვილი ძალიან რისკავს, რადგანაც როდესაც ზაფხულში კრიზისი შეიქმნა, ძლივს გადარჩნენ. მან მცდარი მესიჯი გამოიტანა და ახლა ჰგონია, რომ პროცესების მართვას კვლავ შეძლებს. ეს არის საკმაოდ სახიფათო თამაში, რომელიც საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო პოლარიზებას გამოიწვევს", - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"