"ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს... მათ ომშიც არ ესვრიან" - რას წერენ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე
რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
ახლობლების ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს თბილისიდან საკუთარი მანქანით, კოლეგებთან ერთად გორისკენ გაემგზავრა. ე.წ. გამყოფ ზოლამდე მისული მანქანიდან გადმოვიდა, კოლეგებს კი თბილისში დაბრუნება ურჩია და თავად რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. რამდენიმე სააათში კი მეუღლეს მისი დაკავების შესახებ ამცნო.
გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი დავით ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან 15 ნოემბერს გათავისუფლებული მოქალაქეების ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი “საზღვრის კვეთას” არ აღიარებს და ამბობს, რომ დღემდე საქართველოს ტერიორიაზერ იმყოფება. ღვინიაშვილის თქმით, მას ამის შესახებ იმ ადამიანებმა უამბეს, ვისაც ცხინვალის იზოლატორში გარკვეული პერიოდით ყოფნა მოუწია.
თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ექიმი, რამდენიმე ხნის წინ ჭაში ჩავარდნილი ქალის, თამარ გიგაურის დასახმარებლად მიდიოდა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილი ცნობით, გიგაური ცხინვალის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მკურნალობა ჩაუტარეს, რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს, თუმცა, ძალიან მალე ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა...
გიგაურის ოჯახის წევრების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან ახალგორის რაიონში მათთან ჩადიოდა, მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
გიგაურის ნათესავების ცნობით, "ოსურ ხელისუფლებასთან" პაციენტის თბილისში ტრანსპორტირების საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
ის, რომ ახალგორის რაიონში ყველა სფეროში მძიმე ვითარებაა, როგორც ქართული, ასევე, ოსური მხარისთვის ცნობილია. ოსური მხარე, წნელისთან გახსნილი საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ოსური "მილიციის" წარმომადგენლებმა რაიონში ჩარჩენილ მოხუცებს უთხრეს, რომ საქართველოს სახელმწიფოსგან საგუშაგოს გაუქმება მოითხოვონ და პრობლემაც მოგვარდება.
ქართველი ექიმის დაკავების ფაქტმა თავად ოსურ მოსახლეობაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილის თქმით, "თუ ქართველმა ექიმმა მართლა შეგნებულად გადაკვეთა საზღვარი, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს, რადგან ქართველებს დღემდე ოსური კანონმდებლობის აღიარება არ უნდათ, რაც ორივე მხარეს ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის".
არიან ისეთები, ვისი გულისწყრომაც ქართველი პაციენტის ოჯახის წევრებისკენ არის მიმართული.
"თუ მას ცხინვალის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელება სჭირდებოდა, შეეძლო ეს ახალგორის საავადმყოფოში გაეკეთებინა. თუმცა, ქართველებს მაინც თბილისისკენ უჭირავთ თვალი. ჩვენს ექიმებს აღარ ენდობიან და აღარც ჩვენი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ... ეს რეალობა უნდა შეიცვალოს" - წერენ ოსები სოციალურ ქსელში ისინი.
"ძნელია ქართველი ექიმის გამბედაობა არ დააფასო. ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს. მათ ომშიც არ ესვრიან... გადაახდევინონ ჯარიმა და გაუშვან, ერთხელ ხომ შეიძლება კავკასიური ღირსებით მივიღოთ გადაწყვეტილება... ცხინვალის იზოლატორის სისასტიკეებზე ყველასთვის ცნობილია, ეს იცოდა ქართველმა ექიმმაც, თუმცა ქართველი პაციენტი მაინც გაიმეტა... რამდენჯერმე წავიკითხე გაფრინაშვილზე ნიუსები, ერთი-ორი ასეთი სპეციალისტი არ გვაწყენდა. აქ როგორც კი რამეს ისწავლიან ვლადიკივკაზში ან რუსეთის რომელიმე ქალაქში გარბიან" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანია იანოვსკაია.
"რაც უნდა ვთქვათ, ისინი ჩვენს ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობენ და საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, რატომ არასდროს გვახსენდება ეს. თუ არაფერი გვინდა მათგან, მაშინ ნურც პაციენტებს გავუშვებთ და ჩვენმა სახელმწიფომ უზრუნველყოს, ან რუსეთში გაუშვას. როდემდე ეს ორმაგი სტანდარტები?.." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, ფსევდონიმით "ცხინვალელი ოსი".
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი