„წამითაც არ ნებდებოდა“- გიორგი მამამთავრიშვილი - ქართული სამედიცინო სამყაროს უდიდესი და ღირსეული წევრი

დრომ, წლებმა, ცხოვრების სირთულემ უცნაური ბეჭედი დაასვა რეალობას.

ფასდაკარგული სიცოცხლის და გაახალგაზრდავებულ-გახშირებული სიკვდილის ქრონიკები ყოველდღიურობის თანმდევი გახდა. უამრავი პრობლემის წინაშე მდგომი საზოგადოებისთვის მცირე კეთილი საქმეც კი დამაიმედებელი და  დასაფასებელია... ,,სიკეთე გადამდებიას’’  პრინციპით ვეძებთ  კეთილ საქმეთა მკეთებლებსა და ვცდილობთ, იმედმა დიდხანს იცოცხლოს.

 

სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე, ექიმთა გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, არცთუ უსაფუძვლოდ, თუმცა ამ  არეულობაში, ბევრი კარგი იჩქმალება.

 

ამ წერილში განსაკუთრებულ და მართლაც გამორჩეულ ფაქტზე გვინდა მოგიყვეთ - იმედისათვის, მომავლისათვის, ხელჩაქნეულობის იგნორირებისა და კეთილ საქმეთა  მკეთებელთა წარმოჩენისთვის.

 

ქუთაისში ცხოვრობდა  სიკეთის კაცი- დათო ასათიანი. ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. სამწუხაროდ, უამრავი სიკეთის  დამტევი გულით დაიწყო ყველაფერი. გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოხვდა თბილისის ჩაფიძის კლინიკაში, სადაც გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმების წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სამწუხაროდ, ოპერაციას ჩვეული გართულება მოჰყვა და  ავადმყოფი თბილისის ეროვნული ქირურგიის ცენტრში მოხვდა ნაწლავის ტრომბის დიაგნოზით.

 

სწორედ აქედან იწყება სიკეთის მკეთებელთა და პროფესიონალთა  ისტორია.

 

დათო ასათიანის ექიმი, ქირურგი, გიორგი მამამთავრიშვილი ქართული სამედიცინო სამყაროს უდიდესი და ღირსეული წევრია.

 

 

,,არსად გვინახავს და გაგვიგია გიორგი მამამთავრიშვილის მსგავსი ექიმების შესახებ. პაციენტი მისთვის  მთავარია. დღედაღამ, თავის დროსა და ენერგიას დათოს უთმობდა, სახლშიც იშვიათად მიდიოდა, არ იღლებოდა, საათობით უხსნიდა ოჯახის ყველა წევრს დიაგნოზის სირთულეს. იცოდა, რომ მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ წამითაც არ ნებდებოდა,  არ ტოვებდა განცდა, რომ სიცოცხლის ყველა წუთი ძვირფასია და ბოლომდე უნდა იბრძოლო. ამიტომაც იბრძოდა გიორგი ექიმი და მისი გუნდი ასე თავდაუზოგავად, არ ეთმობოდათ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. ძალიან გვინდა საქართველომ იცოდეს მის შესახებ, იმ გულისხმიერებისა და ნიჭიერების შესახებ, რაც ჩვენ ვნახეთ,’’-ამბობენ დათო ასათიანის ოჯახის წევრები.

 

სამი ოპერაცია დასჭირდა, ოცდარვა დღით სიცოცხლის გასახანგრძლივებლად... ეს დღეები მართლაც საჩუქარი იყო დათოს ოჯახისთვის.

 

,,ჩემთვის მთავარი ავადმყოფია და არა ის, რამდენი იხარჯება მისთვის. ამ ხელებს რაც შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს ბოლომდე,“- ეს არის გიორგი მამამთავრიშვილის პრინციპი.

 

რაც მთავარია, გიორგი ექიმი და მისი გუნდი, ყველა პაციენტის მიმართ ასეთი  გულისხმიერია. დიდია დათო ასათიანის ახლობლების მადლიერებაც ბოლომდე დახარჯული ექიმის მიმართ!

წაკითხვა 1755 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 12 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.