"არჩევნებზე რომ "მკვდარი სულები" იყო, მათ ინტერნეტში გადაინაცვლეს" - როგორ იქცა ცხოვრების მთავარ ადგილად ვირტუალური სამყარო
ვირტუალური სამყარო რეალურს ტოლს აღარ უდებს, რადგან იქაც ჩვეულებრივი ცხოვრება დუღს. ადამიანები წერენ, კითხულობენ, აქვეყნებენ, ფიქრობენ, იბრძვიან, კამათობენ, კეკლუცობენ, ხუმრობენ, ერთმანეთს ეფერებიან, სიყვარულს უხსნიან, ლანძღავენ, თავს იწონებენ, ჭორაობენ, ტრაბახობენ, იმუქრებიან, ილანძღებიან, ბრაზობენ, ტირიან...
ამრიგად, ვირტუალური სივრცე რეალური ცხოვრების გაგრძელებაა, თუმცა შეიძლება, პირიქითაც იყოს - იქ იწყებოდეს ყველაფერი და შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გაგრძელდეს...
როგორი ანალიზის საშუალებას იძლევა ეს სივრცე, სოციალური ქსელები, განსაკუთრებით "ფეისბუქი", რომელიც დღესდღეობით ადამიანთა საკომუნიკაციოდ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საშუალებაა. თემას პიარის სპეციალისტთან, "ჯეპრას" უფროს კონსულტანტთან, კახა მაღაძესთან ერთად განვიხილავთ, რომელიც თავადაც ამ ქსელის აქტიური მომხმარებელია.
"ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველი დანია იყო, რომელმაც გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციით ინტერნეტთან წვდომა ადამიანის განუყოფელ უფლებად აღიარა... ინტერნეტთან წვდომის უფლება უკვე ფუფუნება აღარ არის, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რაც არსებული რეალობიდანაა ნაკარნახევი.
კი, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება ჩვენი ფიზიკური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. გარკვეულ დროს რეალურ სამყაროში ვატარებთ, გარკვეულს - ვირტუალურში, სადაც ასევე თავის წესები და კანონები მოქმედებს“ - გვეუბნება კახა მაღრაძე და საუბარს ასე განაგრძობს:
"ინფორმაციის გავრცელება თუ აქამდე მედიასივრცეში ხდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურიც დაემატა და ისიც მნიშვნელოვანი საინფორმაციო სივრცე გახდა, სადაც ინფორმაცია დიდი ნაკადებით იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ყველამ ინტერნეტში გადავინაცვლეთ და ვირტუალურ სივრცეში ვასპარეზობთ".
რესპონდენტის თქმით, თუ ადამიანი მთელი დღე ოფისშია და მერე სახლში მიდის, მისი ფიზიკური გარემო ძალიან შეზღუდულია. ამიტომ ის სოციუმთან ურთიერთობას თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, არა მარტო ლოკალურ გარემოში, არამედ გლობალურად სწორედ ვირტუალური ინტერნეტსივრცის საშუალებით ურთიერთობს.
"ეს ბევრისთვის მოსახერხებელია და შეიძლება უფრო მეტი დრო ვირტუალურ სამყაროში გაატაროს. შესაბამისად არაერთმა პროცესმა ინტერნეტში გადაინაცვლა. მათ შორის, კომუნიკაცია, კონკურენცია, რამაც საქართველოში მზარდი "ფეისბუქზე" დამოკიდებულება განაპირობა, ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვიღაცეებს შეიძლება, გარკვეული ისტერიაც გვეგონოს, რომ რაღაც საოცრება ხდება".
- ყველა რაღაცას წერს, პოსტავს, ინფორმაციას ცვლის, პოზიციას აფიქსირებს...
- გააქტიურდა კომუნიკაცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ასევე ემიგრანტებს შორისაც... ადრე თუ ნაკლები პოსტი გვხვდებოდა, დღეს მეტი პოსტია და შესაბამისად, მეტი მეგობარიც გვყავს. აქვე უკუპროცესიც მიმდინარეობს, ვიღაცები ცდილობენ "ფესბუქზე" ნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ, ან ამ ქსელში აქტივობისთვის სპეციალური დრო გამოყონ, მაგრამ როგორც უნდა იყოს საქმე, ქართველები ვირტუალურ სამყაროს ვეღარ მოვწყდებით, ეს უკვე მოცემულობაა, უკვე ცხოვრებაა, ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
- ამ სივრცემ ასევე შექმნა ისეთი ფენომენი როგორიცაა - "ბოტები", "ტროლები"... და კიდევ ათასნაირი დასახელების მქონე არარეალური იუზერი...
- როგორც არჩევებზე იყო "მკვდარი სულები", თითქოს იმ "მკვდარმა სულებმა", როგორც ინსტრუმენტმა ახლა ინტერნეტსამყაროში გადაინაცვლეს და თავის საქმეს ახლა იქ აკეთებენ. მათი აქტიურობა რამდენად გამართლებულია, ვერ გეტყვით. ამ "ბოტების" შემქმნელებს მათი აქტიურობით რა შედეგის მიღება უნდათ, ვერ ვხვდები. მაინც მგონია, რომ ადამიანები, ვინც "ბოტებს" იყენებენ, თავის დამკვეთებს და ხელმძღვანელებს ატყუებენ...
საბოლოოდ კი, მათი იდენტიფიკაციაც ხდება, თუნდაც მათი ფრაზეოლოგიით, მესიჯების შინაარსით... კი, ადვილია იმის ამოცნობა, როდესაც ამა თუ იმ ტექსტის უკან რეალური იუზერი არ არის - ეს მარტივად იშიფრება. მოკლედ, ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავის საჯილდაო ქვად სოციალური ქსელი გაიხადეს.
- და მედიასივრცეში პოლიტიკურმა ბრძოლამ პარალელურად ვირტუალურ სივრცეშიც გადმოინაცვლა…
- კი და უფრო მძაფრად. მაგალითად, თუ აქციაზე 5000 კაცი გადის, იმ აქციის ღირებულებების მქონე 50.000 კაცი იმ წუთებში "ფეისბუქზე" ზის და გამწარებული პოსტავს. თუ კონტრაქციაზე აქციას 2000 კაცი უპირისპირდება, შეიძლება, იმ პერიოდში 100.000 თავის "ბოტიან" ყველაფრიანად მსგავსი განცხადებებით პოსტავდეს.
ვირტუალურ სივრცეში პოლიტიკური აქტივობა უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. დაპირისპირება, ბრძოლა ყველას თავის მოვალეობად მიაჩნია. თუ თავს რომელიმე ძალის მომხრედ მიიჩნევს, მუდმივად უნდა, რომ პოზიცია დააფიქსიროს, რასაც რეალურ ცხოვრებაში ბევრი ვერ ახერხებს.
როდესაც ამას პოლიტიკური ჯგუფები ხედავენ, მერე თავის ბრძოლის ველი აქტიურად ვირტუალურ სამყაროში გადააქვთ. "ფეისბუქზე" ხალხი ღელავს" და "ყველა ამას აშეარებს და პოსტავს" - ასეთი ფრაზები ჩვეულებრივი ამბავია, რაც განაპირობებს კომუნიკაციაში აქტივობას. ორივე მხარე, ხელისუფლებაც და წამყვანი ოპოზიციური ძალებიც მაინც ამ კუთხით წავიდნენ და აქცენტს პოლარიზაცია-რადიკალიზაციაზე აკეთებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე მხარე უნდა გეზიზღებოდეს, იქ ყველა ცუდია - აქცენტი ამაზე კეთდება (დებილი, გონებაჩლუნგი, ბოროტი, მოღალატე, მონა - ასეთი ტიპის კომუნიკაციაა). შუალედურ კონტენტს დასცინიან, "შუაშისტები" თვითონ ეს ტერმინიც კნინობითი ფორმით გამოიყენება და იქ ამას არ აქვს ადგილი. ვირტუალურ სამყაროში პოლარიზაცია და ასეთი რადიკალიზაცია შემდეგ სამსახურებშიც ინაცვლებს, შეიძლება მოხდეს ჩხუბი თანამშრომლებში, მეგობრებში, ოჯახის წევრებში. შესძლოა, საქმეში პარტნიორი გყავდეს, იმაზე გაბრაზდე და მასთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელო.
- ეს ყველაფერი ხომ დესტრუქციაა?
- კი, მაგრამ ამით იკვებებიან პოლიტიკური ავტორები, სამწუხაროდ, ამაზეა გადატანილი მთელი მათი სტრატეგია. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იმის მერე არც გაჩერებულა. სულ უფრო მეტი ადამიანი, "ბოტი", "ტროლი", რესურსი ერთვება ამ პროცესში, რომ ვირტუალური სამყარო ერთმანეთს თავზე "გადაახურონ".
- სად მივალთ - თქვენი პროგნოზი როგორია?
- პროგნოიზი არ ვიცი, მაგრამ ნეგატიურ შედეგებს რომ გამოიღებს, ამას ვერ გავექცევით, დაწყებული რეალური დაპირისპირებებით და ამ მხრივ პრობლემების შექმნით, დამთავრებული აპათიური განწყობების გაძლიერებით. ყველაზე მეტად საშიში ისაა, რომ ეს ყველაფერი ყველა პროცესზე ნეგატიურად აისახება, ეს იქნება ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება, განვითარება. ბევრი რამ ფერხდება. თან, ისე ეშხში არიან შესულები, რომ ამ ყველაფრის გაჩერება ცოტა რთულიცაა.
- პოლიტიკას რომ შევეშვათ და ჩვეულებრივ ინტერნეტმომხმარებლებს დავუბრუნდეთ - ვიღაც შეიძლება აქტიური იყოს ვირტუალურ სივრცეში, ვიდრე რეალურში...
- არსებობენ ასეთი ინტერნეტმომხმარებლებიც, ვისაც საკუთარი თავის გამოხატვა რეალურ სამყაროში უჭირს, ვირტუალურში უფრო ეადვილებათ. შეიძლება, პირიქითაც იყოს - ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ფაქტია, რომ ყველა კატეგორიის ადამიანი იყენებს მას და ეს სივრცე საკუთარი თავისა და პიროვნების "გაგრძელებას" ახდენს ვირტუალურ სამყაროში ან ცოტა განსხვავებული კუთხით წარმოგვიჩენს თავს, ვიდრე რეალურში (პასიურია, აქტიურია, ან ისეთივეა, როგორც რეალურ სამყაროში).
- როგორც ფიქრობთ, დღის განმავლობაში ბევრი პოსტის დაწერა რაზე მიანიშნებს?
- საკუთარი თავის რეალიზაციისთვის ფორმები ყველა ადამიანს, გამომდინარე მისი ფსიქოტიპიდან, სოციალური სტატუსიდან, თუ სამომავლო ხედვებიდან, ინდივიდუალური აქვს. ვიღაც ფიქრობს, რომ თუ ბევრს დაპოსტავს, ან ასეთი ან ისეთი გამოჩნდება. ასე რომ, თვითრეალიზაციის განსხვავებული ასპარეზი გამოჩნდა და დღესდღეობით უფრო მეტ ადამიანს აქვს განსხვავეული აზრი, ან პრეტენზია. ჩემი აზრით, ვირტუალურ სივრცეში უფრო მეტი აქტიური ადამიანი გვყავს, ვიდრე რეალურ სამყაროში.
- ვფიქრობ, რომ იუმორი ვირტუალურ სივრცეში საკომუნიკაციოდ, ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია...
- ბოლო დროს იუმორის ხარისხი ვირტუალურ სივრცეში უკეთესია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში ან სცენაზე, ტელეეკრანზე, შოუებში... ბევრი კარგი იუმორის მქონე "ფეისბუქიუზერი" არსებობს და ამ ხასიათის პოსტებს ყოველთვის დიდი მოწონება აქვთ. მოკლედ, როგორც რეალურ ცხოვრებაში, აქაც ყველას თავის მიზანი აქვს - ვიღაცას სხვებისთვის თავის მოწონება უნდა, ეს ყველაფერი შეგნებულად, შეუგნებლად, ბუნებრივად ხდება. მოკლედ, ყველა თავისას "ჩალიჩობს".
- ადამიანების კატეგორია არსებობს, რომლებიც აქტიურად ცვლიან პროფილის ფოტოებს...
- ამისთვის ყველას თავის მიზეზი ექნება, ზოგს შეიძლება სტრესი აქვს, ზოგს ყურადღების მიქცევა უნდა - ამას დიდი ანალიზიც არ სჭირდება. უბრალოდ, უნდა ჩამოყვეთ იმ პიროვნების გვერდს. საინტერესოა, როდესაც მომხმარებელი მისი ქორწილის ფოტოს აბრუნებს პროფილის ფოტოდ, ამით შეიძლება ივარაუდო, რომ ნაჩხუბარია მეუღლესთან, შერიგება უნდა, ან თავი უნდა გაახსენოს.
საბოლოოდ „ფეისბუქის“ ბუნება რომ შეისწავლო, საკმაოდ რთული თემაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი რამ კი გამოკვეთილია - ძირითადი მოთხოვნა სახალისო და სასარგებლო კონტენტზეა...
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი