"უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.
პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს:
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობეული.
ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
შესაბამისად, ვავალებ:
∙ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.
∙ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.
∙ იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.
საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.
მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან,"- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის