„საკუთარმა ქვეყანამ ცხოვრების სურვილი დაგვიკარგა, თუმცა არ ვიცოდით ემიგრაციაში რა ჯოჯოხეთი გველოდა“

„- ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში,...

FirstNews.ge გთავაზობთ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ჩანაწერს.

 

39 წლის ნანა, თბილისიდან

 

პირველი კითხვა ჩემს თავს დავუსვი : - როგორ გადავარჩინო ოჯახი დანგრევასა და შიმშილობას, რა გავაკეთო, რით ვუშველო,  როგორ მივცე საკუთარ შვილებს მომავალი, რომ ის გზა არ გაიარონ, რაც მე...

 

მე 90-იან წლებში მიღებული განათლებით და სიდუხჭირეში მიღებული ტრამვით ვერ მივიღე ის ძალა და შესაძლებლობა, რაც დღეს მყარად დამაყენებდა ფეხზე, ბრძოლის უნარიანს გამხდიდა. თუმცა ისიცაა, რომ დღევანდელ საქართველოში განათლებით, დაუზოგავი შრომითა და მონდომებით პურს ვერ შეჭამ, ვერაფერს მიაღწევ, სტაბილურად და მშვიდად ვერ იცხოვრებ.

 

დღეს, საქართველოში ცხოვრება არის ბრძოლა გადარჩენისთვის, საბრძოლველად კი მოსახლეობის უმეტესობა იძულებულები გავხდით, რომ სამშობლო დაგვეტოვებინა და ჩვენი შვილები ფესვებს მოგვეწყვიტა.

 

ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას: - შევძლებ წასვლას და გავუძლებ საქართელოს მონატრებას? ნათესავების და მეგობრების გარეშე გავძლებ? ჩემი შვილები როგორ შეეგუებიან ახალ სამყაროს? და კიდევ მნიშვნელოვანი კითხვა: - სად წავიდე? როდის დავბრუნდები. ალბათ მილიონჯერ დავუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა და პასუხი მერყევი მქონდა, რადგან არ ვიცოდი გაამართლებდა თუ არა ეს მიმართულება, თუმცა საბოლოო პასუხი გზა გერმანიისკენ იყო.

 

დავიწყვე მზადება მნიშვნელოვანი საკითხით - საკუთარი თავისა და შვილების ფსიქოლოგიურად მომზადება, იმისათვის თუ რა სირთულეები იყო მოსალოდნელი. მომავალს იმედის თვალით ვუყურებდი. შემდეგი ნაბიჯი კი იყო საბუთების შეგროვება, რომლებიც დიდ თანხასთან  იყო დაკავშირებული და რა თქმა უნდა, ეს თანხა მე არ მქონდა. დიდი რისკის წინაშე ვიდექი, ჩემი გერმანიაში წასვლის არ გამოსვლის შემთხვევაში, შვილებს უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება ემუქრებოდა, რადგან ერთარდერთი, რაც გამაჩნდა უნდა დამეგირავებინა ან გამეყიდა. ეს თანხა უნდა გადამეცა ერთერთი პიროვნებისთვის, ვინც დამეხმარებოდა საბუთების შეგროვებაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო ამა თუ იმ მიზეზების გამო უამრავი პრობლემა გადავლახე, ავიბარგეთ და წამოვედით. წამოვედით იმ იმედით რომ გერმანია გაშლილი ხელებითა და დიდი სიხარულით შეგვხვდებოდა, მეგონა ყველა პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებოდა და ჩვენი ცხოვრება ლამაზი, ბედნიერი, წარმატებული, უზრუნველყოფილი და უდარდელი იქნებოდა. ყველაფერს უცხო ხალხისაგან და ქვეყნისაგან ველოდი, როცა საკუთარმა ქვეყანამ ცხოვრების სურვილი დაგვიკარგა.

 

მოლოდინი დიდი იყო, თუმცა წინ ჯოჯოხეთი გველოდა მე და ჩემ შვილებს. 2015 წელს ჩამოვედი იმ პერიოდში, როდესაც მთელი სირიის მოსახლეობა ტალღასავით აწყდებოდა გერმანიას თავშესაფრის სათხოვნელად, ზღვა ხალხი იყო თავშესაფრის მაძიებლად ჩასულები ამ სუსხიან ნოემბრის თვეში ერთი კვირა ღამეს გარეთ ვათევდით. იყო ისეთი მომენტებიც, ბავშვებიანები ღამის 3-4 საათზე შენობაში შევყავდით, რომ ცოტათი გავმთბარივიყავით და ასე გრძელდებოდა 1 კვირის განმალობაში. ამის შემდეგ იყო 9 თვიანი ჯოჯოხეთი სადაც 500 კაციან ბანაკში მოვხვდით, სირიელებთან და ფერადკანიანებთან ერთად, სადაც მხოლოდ სამი ოჯახი  ვიყავით ქართველები. იქ, სადაც გვავიწროებდნენ, ჩვენს შვილებს ქვებსა და მუშტებს უშენდნენ… იქ, სადაც ბავშვი ბავშურად ვერ ცხოვრობდა… იქ, სადაც ბავშვების უსაფრთხოება არ იყო დაცული, არავინ ყურადღებას აღარ გვაქცევდა. ასე გვეუბნებობდნენ, რომ სირიელები ომისგან დასტრესილები იყვნენ და შეგვეძლო  საკუთარ ქვეყანაში დავბრუნებულიყავით.

 

ეს, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, გერმანიის ხელისუფლებას არ ვაინტერესებდით. გვეშინოდა მათთან ერთად ცხოვრება, იყო ცემის მცდელობებიც. "ყოველდღიურად" ბავშვებს საპირფარეშოში და სააბაზანოში ვერ ვუშვებდით... რაზეც ნამდვილად არ მსურს საუბარი… მირჩევნია ეს ყველაფერი დავივიწყო. ვითმენდით, ვიტანდით ყველაფერს, არ ვიცი რისი იმედით, არ ვიცოდი რა გვექნა, ფაქტიურად უკან დსახევი გზას ვერ ვხედავდით.

 

აი, ეს მოხდა უცხო ქვეყნისაგან ბედნიერ და ლამაზი მომავლის მოლოდინში.

 

ბევრი მნშვნელოვანი დეტალები გამოვტოვე იმის გამო, რომ ამ ყველაფრის გახსენება მაშინებს... ბავშვების ფსიქოლოგიური მხარე უმთავრესი ტკივილია... ამბობენ, რომ ბავშვები იოლად ეგუებიან ყველაფერს, ახალგარემოს და ყველაფერს ახალს... ახალსა და კარგს... ეს, ასე არ არის და ამაში ვერავინ შემეკამათოს. კლავდათ უცხო ქვეყანაში ჩამოსვლა, პირველივე წუთიდან აქაურობას ვერ შეეგუვნენ, თუმცა დღეს 2019 წელია და კიდე აქ ვართ. თავი უცხოდ იგრძნეს და გრძნობენ კიდეც. ვერ იპოვეს საკუთარი მე, საკუთარი თავი ვერც მომავალის გერმანიაში ვერ ნახეს. კლავთ მონატრება საქართველოსი, კლავთ სურვილი თუ როდის დაბრუნდებიან, როდის გაივლიან იმ ქუჩებში სადაც გაიზარდნენ, როდის შეხვდებიან საკუთარ ნათესავებსა და მეგორებს...

 

იხსენებენ ყველა დეტალს, როცა მეგონა ეს დეტალები მაშინვე დაავიწყებოდათ. იმდენად ემოციურად იხსენებენ, საუბრისას თვალები ცრემლად ევსებათ, ოხრავენ და ვგრძნობ მათი გამოხედვით დღემდე მადანაშაულებენ და არ მპატიობენ უცხო ქვეყანაში რომ ჩამოვიყვანე.

 

 

დაიჯერებს ვინმე, რომ ჩემი შვილები ჩამოსვლის დღიდან ითვლიან დღეებს და არა წლებს, თუ რამდენი ხანია აქ არიან და როდის დაბრუნდებიან. ჭამენ თუ სვამენ, საქართველოზე და წასვლაზე საუბრობენ, თუ რამე იყიდეს ტანსაცმელი იქნება თუ რაღაც ნივთი ყველაფერს ჩემოდანში ალაგებენ და მზად არიან გასამგზავრებლად, ელოდებიან მხოლოდ ერთ სიტყვას, რომელიც ძალიან უყვართ - "მივდივართ".  არ უყურებენ გერმანულ გადაცემებს, არ ჭამენ გერმული სამზარეულოდან არაფერს.

 

ამ თემაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, თუმცა მთავარი კითხვა საკუთარ თავთან: - თუ როდის დასრულდება ჩემი შვილების ჯოჯოხეთი და როდის დავბრუნდებით? რომ დავბრუნდეთ იქ რა გავაკეთოთ?

 

რითი ვარჩინო შვილები,- ამის შიში არ მაძლევს წასვლის უფლებას. კითხვა მაქვს ხელისუფებასთან: - რას აკეთებენ საქართველოს მოსახლეობისთვისა და მოქალაქეებისთვის, რომ მომავლის იმედი გვქონდეს და აღარ გავიქცეთ საკუთარი სახლებიდან,  ქვეყნიდან, ფესვებიდან. რატომ არაფერს აკეთებენ, იმისათის, რომ ხალხი არ გაიქცეს, შიმშილით არ დავიხოცოთ, რატომ არ ცდილობენ სამუშაოების შექმნას? იზრუნონ იმ პრობლემების მოგვარებაში, რის გამოც 2 მილიონი ადამიანი გაექცა საქართველოს, რის გამოც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

 

როდის დავბრუნდებით საქართველოში?- ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც ყოველდღიურად ვუსვამთ საკუთარ თავებს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუმცა ეს მოლოდინი ძალიან გაგვიგრძელდა. გულის სიღრმეში გვჯერა რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით საქართცველოში, არვიცი ეს მ ა ლ ე როდის იქნება. ამ იმედით საკუთარ თავს ძალას და ენერგიას ვმატებთ. გვემატება ძალა, რომ ორი კაპიკი შევაგროვოთ და წავიდეთ აქედან, ჩვენ სამშობლოში ოჯახებს დავუბრუნდეთ. ეს დღეც მალე დადგება...  ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, მ ა ლ ე...

წაკითხვა 1084 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.