"ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და გარდაიცვალა" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ბათუმიდან, რომელსაც ხატვა წარსულის ტრაგედიამ დააწყებინა
ნათია გრიგოლია ბათუმში ცხოვრობს და მოღვაწეობს, პროფესიით პედაგოგია...
მან ხატვა 36 წლის ასაკში ცხოვრებაში გადატანილი დიდი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო და როგორც თვითონ ამბობს, ხატვამ სიმშვიდე მოუტანა. ნათიას ნახატები საზოგადოების აღფრთოვანებას და ინტერესს იწვევს, უკვე დაგეგმილია რამდენიმე გამოფენა... თვითნასწავლი მხატვარი ბათუმიდან გვესაუბრა:
- ჩემდა გასაკვირად, ხატვა 36 წლის ასაკში დავიწყე... ბავშობაში ჩანახატებს ვაკეთებდი დღიურებში, პლაკატებს ვაფორმებდი. ერთ დღეს ავიღე ფუნჯი, საღებავები და მინდოდა დამეხატა ის, რასაც ვხედავდი... დავხატე კიდეც, მაგრამ სხვა ვერ კითხულობდა ჩემს ნახატს - ეს ნახატი უბრალო ნატურმორტი იყო. ჩემთვის კი სინამდვილე, რასაც სამწუხაროდ ვხედავდი იმ პერიოდში და ფურცელზე უთქმელად, მხოლოდ ჩემთვის ვხატავდი.
- ხატვა მამის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა დაგაწყებინათ...
- დიახ, ტკივილი, რამაც მე ხატვა დამაწყებინა, მამის გარდაცვალებაა. დიდი ტრაგედია, რომელიც 2017 წლის 13 აგვისტოს ჩვენს ოჯახში დენის დარტყმის შედეგად მოხდა.…ეს იყო დენთან ჭიდილი, ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა. ჩემთვის ძნელია მამაზე წარსულში ვისაუბრო. სწორედ ამ წარსულმა ამალაპარაკა ნახატებით და ძალიან მანუგეშა... მამა ჩემთვის იყო ყველაფერი! აუტანელია, როცა ხელს გაჭრიან და ვერაფერს აკეთებ, მაგრამ იცი, რომ უნდა გააკეთო! იმ პერიოდში მომიხდა შექმნა და ამით გადატანა ყველაფრის. ძალიან დეპრესიული გავხდი. დავრჩი მარტო და ერთ დღეს რაღაც ფურცელზე დავხატე ჩემი ტკივილი. ნახატი ძალიან მომეწონა, კარადის თავზე შემოვიდე და შემდეგ გამიჩნდა იდეა დამეხატა - მამა, ჩემი თავი, შვილი, წარსული... ხატვამ სულიერი სიმშვიდე მომიტანა!
- როგორ გაიცნო საზოგადოებამ თქვენი შემოქმედება?
- ერთ დღეს მეგობარმა მომწერა, რას შვებიო... უსიტყვოდ გადავუღე ფოტო ჩემს ნახატს და გადავუგზავნე. მან მეუღლეს - მამუკა ქარცივაძეს გადაუგზავნა, იმან კი ჩემი პატარა ალბომი თავის "ფეისბუქის" გვერდზე დადო. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ნახატების მიმართ გამოხმაურება. მახსოვს, რომ დამირეკა, მუზეუმიდან დამიკავშირდნენ და შენი ნახვა უნდათო. მე სოციალური ქსელით არ ვსარგებლობდი და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა. ძალიან ბევრი კეთილი ხალხი დამიდგა გვერდით და დღემდე ჩემთან არიან.
მახსოვს როგორ აღელვებულმა დავრეკე მუზეუმში, ქალბატონმა ინგა დიასამიძემ მითხრა, რომ შენი ნამუშევრები მაჩვენა ქალბატონმა ლამარა გულორდავამ და თუ შეგიძლია, ჩვენთან მოხვიდეო... მივდიოდი და ვფიქრობდი, ვაჩვენებ და წამოვალ, მეტი რა უნდა მითხრან-მეთქი. მთხოვეს, შენს შესახებ მოგვიყევიო და ნახატებმა დაიწყეს მოყოლა... არასოდეს დამავიწყდება ქალბატონი ინგას სიტყვები - შენ გექნება გამოფენა! დიდი მადლობა გადავუხადე და წამოვედი. როცა დავწყნარდი, მივხვდი სად ვიყავი და რა მელოდა.
სოციალური ქსელით დამიკავშირდა ბატონი ვაჟა დავითაძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა დამხმარებოდა და დღემდე ჩემთან ერთად ჩემს სიხარულს იზიარებს. აი ამ დღის შემდეგ დღითიდღე სიახლეებით მოვდივარ, რაც ძალიან მაძლიერებს და დიდ ძალას მაძლევს. ბატონმა ვაჟამ გამაცნო მისი მეგობარი ბატონი გიორგი ლალიაშვილი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. ბატონი გიორგი ძალიან მეხმარება, რომ ჩემი ფიქრები გავაღრმავო, აი მისი პირველი მონაწერი, რომელსაც პირველად თქვენ გიზიარებთ - "ჩემთვის ბათუმი მაგნოლიის ფოთლების ატლასთან, მის სპეტაკ და თეთრ ყვავილებთან და მოტკბო სურნელთან ასოცირდება. ძალიან საინტერესო იქნება შენ როგორ დახატავდი მას! ჩემი აზრით, მწვანე და თეთრი ფერი ერთმანეთს ყველაზე არისტოკრატიულად ერწყმის და თუ გაგიჩნდებოდა სურვილი ამ ხის ფერწერულად გაცოცხლებისა?"... ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც არ ვიცოდი როგორ დავხატავდი მაგნოლიას. ერთ დღესაც დავხატე და გადავუგზავნე ნახატი. კარგა ხნის შემდეგ დიდი სიყვარულით მითხრა, ყოჩაღ, შენ დავალება შეასრულეო...
- როგორი გარემოა დღეს საქართველოში მხატვრისთვის?
- მხატვრისთვის ვფიქრობ, მთავარი მისი კუთხე და სახელოსნოა. ზოგჯერ ფიქრებში წასული ვაღებ კარებს და შევდივარ სახელოსნოში, სადაც ჩემი მეგობრები მელოდებიან - ფუნჯი, ტილო, საღებავები, რომლებსაც შეუძლიათ მისმინონ და არაფერი მითხრან.
- მსოფლიოს რომელმა უდიდესმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე გავლენა?
- გამორჩეულად ამადეო მოდილიანი და მისი სევდიანი მეუღლის პორტრეტები მიზიდავს, რომელშიც ჩემს თავს ვხედავ...
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- 3 მარტს ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართება. იგეგმება კიდევ ორი გამოფენა: ერთი ისევ ბათუმში და ერთიც ქალაქგარეთ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ამავდროულად საპასუხისმგებლოცაა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და გამიცნობს ყველა, როგორც თვითნასწავლი ქალის წარსულის მუზას.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი