"რა მოკლე ყოფილა წუთისოფელი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?..
დიდი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შენგელაია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა და 17 თებერვალს, დილით გარდაიცვალა.
გიორგი შენგელია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
შენგელაია არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა...
ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.
მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი... ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ... ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.
მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.
ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძისთვისაც კი ლუკმაპური საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან (დედაჩემის და), მწერლებთან ერთად... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.

ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე - სხვა...
დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა...
რეზო ჩხეიძემ "ჩვენ ეზოში" სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: - რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ...
"რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" რომ დაიწყო მიხეილ ჭიაურელმა, უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. გვითხრა, ამ ფილმში თქვენ უნდა ითამაშოთო.



ფული არასოდეს მქონია... არც მიფიქრია, რომ მქონოდა. ფასობდა ის, რომ რეჟისორი ვიყავი და ამითაც ვკმაყოფილდებოდი. ბინა მქონდა და საჭმლის ფული, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე.
ჩემი ბოლო ფილმი, "მიდიოდა მატარებელი", როგორც სატირა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია