"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნება გახდა.
როგორ უნდა დავიცვათ ფსიქოლოგიური სიმშვიდე ვირუსით გამოწვეული საყოველთაო პანიკის პირობებში? - ამ საკითხზე რჩევებისთვის AMBEBI.GE-მ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამარ გაგოშიძეს მიმართა.
- როგორ იმოქმედა კორონავირუსთან დაკავშირებულმა საერთო ემოციურმა ფონმა ადამიანების ფსიქიკაზე და როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში?
- დავიწყოთ იმით, რომ ეს სიტუაცია არის უჩვეულო, დაუგეგმავი გამოწვევა ადამიანებისთვის. ზოგადად არაპროგნოზირებად სიტუაციაში, როდესაც არ ვიცით რა მოხდება და როგორ უნდა მოვიქცეთ, ადამიანებს გვეწყება შფოთვა და ეს სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა. შფოთვა თუ არ აგეწევა, ის უფრო დამანგრეველი იქნება ფსიქიკისთვის. რაც ვნახეთ დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე. არ აეწიათ შფოთვა - ეს რა ვირუსია, ჩვეულებრივი გრიპიაო, არხეინად იყვნენ და ერთიანად ჩაცვივდნენ მერე პანიკაში. შფოთვა არის გადარჩენის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის ჯანსაღი რეაქცია ისეთ სიტუაციაზე, რომელიც არის საფრთხისშემცველი. შფოთვა გვიბიძგებს მობილიზებისკენ, რათა გადავირჩინოთ თავი.
ამიტომ, თუ თქვენ ამ კორონავირუსის გამო შფოთვა აგეწიათ, ამაში არაფერია საგანგაშო. პირიქით, ეცადეთ არ შეინახოთ ეს თქვენთვის, არ მიჩქმალოთ ემოციები, გამოხატეთ ისინი, გარეთ გამოიტანეთ. მაგრამ, ცხადია, არა პანიკურად, ისე, რომ სხვები დათრგუნოთ. ეცადეთ, ადეკვატურად გამოხატოთ თქვენი ემოციური ფონი, მაგალითად, თქვით, რომ გეშინიათ, რომ ეს არის საფრთხილო სიტუაცია, რა არის იმაში სათაკილო, რომ გეშინიათ დაინფიცირების?!
- როდესაც ყოველდღიურად იგებ იმის შესახებ, რომ ინფექცია სულ უფრო ფართოდ ვრცელდება და ამასთან იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც, ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრჩეთ ადეკვატურები და არ გადაგვძლიოს ნეგატიურმა ემოციებმა?
- გეთანხმებით, სათქმელად იოლია, თუმცა შესასრულებლად არის ძნელი. მაგრამ, როდის არ ვარდება ადამიანი პანიკაში? - როდესაც ის არის ინფორმირებული და რაც მთავარია, სწორად ინფორმირებული. რასაც აკეთებს დღეს ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
დაუზუსტებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საერთოდ ჭარბი ინფორმაცია, რაოდენ ობიექტურიც არ უნდა იყოს, არის ზიანის მომტანი. ჩვენ არ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი ინფორმაცია. სჯობს მცირე, მაგრამ ადეკვატურ ინფორმაციას ვფლობდეთ. ამიტომ ისტერიულად არ შევამოწმოთ საინფორმაციო წყაროები. დღეში ერთხელ ან ორჯერ გავიგოთ რა ხდება და უბრალოდ გავაგრძელოთ ცხოვრება.
მე მაგალითად, მხოლოდ ერთხელ, საღამოს ვეცნობი სიახლეებს, ვიგებ რა სიტუაციაა და მთელი დღე არ ვარ ჩაფლული ამ ინფორმაციებში. ამასთან, როდესაც გაგვიტაცებს და მოგვეძალება ნეგატიური წარმოდგენები და მოსალოდნელ საშინელებებზე ფიქრები წაგვიღებს, უბრალოდ ეცადეთ და შეჩერდით. გადაიტანეთ სხვა რამეზე ყურადღება. ადექით, რამით დაკავდით, თუნდაც ჰიგიენური პროცედურებით, ან ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და არ შეყვეთ ფიქრებს ზედმეტად.
უნდა გავიხსენოთ, ის რომ ასეთი გამოწვევების წინაშე მსოფლიო არაერთხელ მდგარა და ამასაც გადავლახავთ. რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად ერთ ბეწო კორონას, იმაზე დარდს რა აზრი აქვს, მითხარით? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი სახე, ხელი, დისტანცია სხვა ადამიანებთან და ა.შ. ამიტომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ აქეთკენ და არ დავიტოვოთ დრო ნეგატიური წარმოდგენებისთვის.
- პირველ რიგში, რაც ადამიანებმა გააკეთეს პანდემიით გამოწვეული შიშის საპასუხოდ იყო ის, რომ მოიმარაგეს საკვები პროდუქტები. ამ რეაქციას როგორ ახსნით? რამდენად რაციონალური ქმედებაა?
- საკმაოდ არასასიამოვნო იყო ამის ყურება. ეს არის პირველადი რეაქცია, როდესაც შენ ფიქრობ თავის გადარჩენაზე. შვეიცარიიდან გამომიგზავნა სურათები ახლობელმა, უნდა ნახოთ რა ხდება. შვეიცარიაზეა საუბარი, ყველაზე კმაყოფილ და დალაგებულ ქვეყანაზე! ეს პირველადი რეაქცია ყველას ჰქონდა. ეს იყო ყოველთვის, როდესაც არაპროგნოზირებადი გლობალური პრობლემები იწყებოდა. ამიტომ ეს ბუნებრივია, მაგრამ სრულიად ირაციონალური, მექანიკური რეაქციად შეგვიძლია ჩავთვალოთ. როდესაც მთელ მსოფლიოში პროდუქტების ჭარბი წარმოებაა, ფაქტობრივად გასაღებაზეა მსოფლიო, ღიმილისმომგვრელია ეს ქმედება.
დღევანდელ ჭარბწარმოების საზოგადოებაში, სად წაიღონ პროდუქტი არ იციან, მითუმეტეს ახლა, როდესაც რესტორნები იკეტება, სად უნდა გასაღდეს ეს პროდუქცია, ხომ უნდა გამოიტანონ და გაყიდონ?! ამ მხრივ დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ადამიანები ხშირად ამას ინერციით აკეთებენ.
- რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მათ კიდევ უფრო გამძაფრებული აქვთ ემოციური ფონი. როგორ უნდა გამოიყენონ მათ სწორად და სასარგებლოდ ეს მდგომარეობა?
- თუ დავუკვირდებით, ისედაც თვითიზოლაციაში გადის ჩვენი მთელი ცხოვრება, ასე არ არის?! მთელი დღე ვართ დაკავებულები, არ გვცალია არაფრისთვის, ერთმანეთისთვისაც კი. სულ ვნატრობდით თავისუფალ დროს და სახლში ყოფნას. მაგრამ როდესაც გვაიძულებენ, რომ თვითიზოლაციაში ვიყოთ, უკვე აღარ მოგვწონს. არადა თვითიზოლაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგი და სასარგებლო ჩვენთვის - შეგიძლია ცოტა ხანს გაჩერდე, დაფიქრდე, რისთვისაც არ გეცალა, იმისთვის მოიცალო. ამას აქვს თავისი პოზიტიური მხარე. გააჩნია რა კუთხით შევხედავთ.
მაგრამ იცით რატომ არ მოგვწონს სახლში ყოფნა? იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი მექანიკური ცხოვრების სტილით ვართ გაუცხოებული საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი. არ გვქონდა ჩვენ მათთან ურთიერთობისთვის დრო, ამიტომ ახლა შეგვიძლია მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქეთკენ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებთან კარგი კომუნიკაცია დავამყაროთ.
რეალურად, ეს ძალიან საინტერესო გამოწვევაა, თუ ორივე მშობელი დისტანციურზე გადაიყვანეს, კიდე უკეთესი, დავუთმოთ დრო ჩვენს შვილებს და ამოვავსოთ ის დეფიციტი, რაც გვქონდა. შეგიძლიათ ითამაშოთ ოჯახური თამაშები, რაც საუკეთესო თერაპიად ითვლება.
- რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას. რა რეკომენდაციები გექნებათ მშობლების, უფროსების მისამართით?
- საერთოდ, ბავშვები მაგალითს პირდაპირ ჩვენგან იღებენ. მშობლებისგან, უფროსებისგან. ამიტომ თუ მათ დაპანიკებული ვენახვებით, ამით დიდ ზიანს მივაყენებთ მათ ფსიქიკას. ბავშვებს უნდა ვუჩვენოთ ჩვენი მაგალითი. ვეცადოთ, რომ მათთან ვიყოთ მშვიდები და მკვეთრი რეაქციები არ გამოვხატოთ. ვაიმე, რა გვეშველება, ყველა დავინფიცირდებით და ა.შ. ასევე ნუ დავემუქრებით ბავშვებს: თუ ხელს არ დაიბან კორონა დაგემართება, ან რამე ასეთი მუქარის შემცველი მოწოდებებისგან თავი შევიკავოთ.
ჩვენ ზოგადად და ხატოვნად უნდა ავუხსნათ მათ არსებული სიტუაციის შესახებ. თუ რატომ არის მათი სახლში დარჩენა დროებით აუცილებელი, რატომ უნდა დაიბანონ ხელები ხშირად. ვეცადოთ, სიტყვები სწორად შევარჩიოთ ბავშვებთან. ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ ავუხსნათ, რომ ადამიანების უმრავლესობას არაფერი არ მოსდის. რომ თუ კარგად მოიქცევიან და ჰიგიენას დაიცავენ, არაფერიც არ ემუქრებათ.
თუმცა, საჭიროა რომ სადღაც გამოვხატოთ ეს ჩვენი შიშები და ემოციები არა? უნდა გამოვხატოთ ჩვენზე ემოციურად ძლიერებთან და არა ჩვენზე სუსტებთან და ბავშებთან. გავუზიაროთ ჩვენი ზომიერი შიშები მეუღლეს, მშობლებს, ვისაუბროთ ამაზე მეგობრებთან და რაც მთავარია, ყველამ გავამხნევოთ ერთმანეთი. გამხნევება ეხმარება უფრო იმას, ვინც ამხნევებს, ვიდრე იმას ვისაც ამხნევებენ. ამ დროს კარგად მუშაობენ ენდორფინები.
ეს სიტუაცია ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად შემოვაბრუნოთ ჩვენს სასარგებლოდ - რომ ჩვენ, როგორც იქნა მოვიცალეთ და დავიწყეთ ერთმანეთის გათვალისწინება, ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მოკითხვა და თუ კორონამ გვაიძულა ამის გაკეთება, ყოჩაღ კორონას! თუ ჩვენ ამას შევხედავთ ასე, რომ ეს არის საფრთხილო სიტუაცია, მაგრამ აქედანაც შეგვიძლია რამე ვისწავლოთ და სარგებელი ვნახოთ, ასეც იქნება. გვახსოვდეს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს!
- ბევრი სტრუქტურა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები და თქვენც, ფსიქოლოგები, გადადიხართ დისტანციურ მუშაობაზე. როგორ ფიქრობთ, როგორ იმუშავებს და რამდენად ეფექტური იქნება ეს სტრატეგია?
- ახლა ჩვენ ყველა ვართ პრობლემის გადაწყვეტის სიტუაციაში, რაც არის ძალიან კარგი და საინტერესო გამოწვევა. ვფიქრობთ დისტანციურ მომსახურებაზე როგორ გადავერთოთ, რომ ეს იყოს რაც შეიძლება ეფექტური. მაგალითად ჩვენ, თსუ, 23 მარტიდან იწყებს დისტანციურ სწავლებას, სტუდენტებს უნდა მოვემსახუროთ, რომ მათ მიიღონ დისტანციურად განათლება.
ასევე ვფიქრობთ, როგორ გავუწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება პაციენტებს დისტანციურ რეჟიმში. სხვათაშორის მეუბნებიან, რომ კორონავირუსით გამოწვეული შფოთვის გამო უკვე იმატა ზარებმა და მოთხოვნამ დისტანციურ ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე. ამის გადაწყვეტის პროცესში ვართ. ეს არის სრულიად შესაძლებელი, უამრავი სპეციალური პროგრამაა. ვტესტავთ და დარწმუნებული ვარ, ეფექტურიც იქნება.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი