კორონავირუსი: როდემდე და რატომ უნდა ვიყოთ სახლში?
- დარჩით სახლში - ბოლო დღეებში მთავრობა ხალხს სულ უფრო ინტენსიურად მოუწოდებს;
- რატომ უნდა დავრჩეთ სახლში, რატომ არის აუცილებელი იზოლაცია?
- როდემდე უნდა ვიყოთ იზოლირებულ მდგომარეობაში?
- რას გვეუბნება და რამდენად დამაიმედებელია მსოფლიო გამოცდილება?
- რა შემთხვევებში და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?
კორონავირუსი ერთმანეთისგან ძალიან სწრაფად გადაეცემა ადამიანებს - პირდაპირი გზით (ორგანიზმიდან ორგანიზმში) ანდა სხვადასხვა ზედაპირზე ინფიცირებულთა მიერ დატოვებული ვირუსების საშუალებით.
შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანების ერთმანეთისგან იზოლირებასა და კონტაქტების მაქსიმალურ შეზღუდვას. დიდწილად სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული - როგორი იქნება ინფიცირებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის, ინფექციონისტ მამუკა მაჩაიძის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოდან ვიგებთ, რომ:
- თუკი კორონავირუსის წინააღმდეგ არანაირი სიფრთხილის ზომები არ იქნება მიღებული - მას შეუძლია დააავადოს (მსოფლიოს და) თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 60%;
- ამ ფორმულით, საქართველოს შემთხვევაში თეორიულად შეიძლება დაინფიცირდეს 2 მილიონზე მეტი ადამიანი;
- ამავე ფორმულით (სიკვდილიანობის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე გათვლით) საქართველოში თეორიულად შეიძლება დაიღუპოს 6 ათასზე მეტი ადამიანი.
თუმცა ამერიკაში მომუშავე ექიმი იქვე იმასაც ამბობს, რომ საქართველოში ეს არ მოხდება თადარიგის დროულად დაჭერისა და მთელი რიგი წარმატებული ღონისძიებების დამსახურებით.
ავსტრიაში მომუშავე ექიმის, ირმა კვიცარიძის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სწორედ მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის.
„თუ მანამდე დაავადებულთა ზრდა ყოველდღიურად 40% იყო, 2 დღეა მაჩვენებლის ზრდა დავიდა 20%-მდე. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ამ მითითებებს, ვარაუდობენ, რომ ზრდის მაჩვენებელი მალე დაიკლებს ერთნიშნა ციფრამდე“, - წერს ექიმი.
რა ხდება ახლა? როდემდე უნდა ვიყოთ იზოლაციაში?
ეს უპასუხო შეკითხვა ძალიან შემაწუხებელია ადამიანებისთვის. სოციალურ ქსელებში მოიძებნება უამრავი პოსტი, რომელიც ამ სრულიად ბურუსით მოცულ მომავალს შეეხება. ვირუსი ახლა ძირითადად ამერიკასა და ევროპას უტევს.
ამჟამად ვერცერთი ქვეყანა ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს - როგორ მოიქცევა ჯერ ისევ შეუსწავლელი კორონავირუსი და როდის გახდება შესაძლებელი ხალხის თავისუფლად გამოშვება ქუჩაში.
ჩანს, რომ ვიდრე მსოფლიო პრობლემას ერთიანად არ გადაწყვეტს, მშვიდად ვერც ინფექციაგადატანილი ქვეყნები იქნებიან.
- მაგალითად, ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც კორონავირუსმა დაიწყო გავრცელება, ადამიანებს დაახლოებით 6-კვირიან კარანტინში მოუწიათ ყოფნა;
- ბოლო პერიოდში ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების განულებაც უხაროდათ, თუმცა ქვეყანაში ახლა უკვე ინფექციის „იმპორტირებული“ შემთხვევები აღირიცხა;
- ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოსულებისგან დაინფიცირების მეორე ტალღაზე ალაპარაკდნენ სამხრეთ კორეასა და სინგაპურშიც.
საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ ქვეყანა შეკავების ფაზიდან გავრცელების ფაზაში გადადის. ითქვა, რომ მომდევნო კვირებში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდაც.
- შეკავების ფაზა (ინფიცირებულების ადრეული აღმოჩენა, კონტაქტების მოძიება დაავადების გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით);
- გავრცელების ფაზა - ზიანის შემცირების პროცესი (აღარა აქვს აზრი კონტაქტების დადგენას, ხდება პაციენტების მკურნალობა და ტესტირება).
ამ ეტაპზე საქართველო ცდილობს: გავრცელების პიკი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდეს (ამისათვის არის საჭირო, მათ შორის, სახლში დარჩენაც) და, შესაბამისად - რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დაინფიცირდეს და შემცირდეს ლეტალური გამოსავლის ალბათობა.
- ამ ეტაპზე არ არსებობს პრეპარატი, რომელიც პირდაპირ დაამარცხებდა კორონავირუსს - ისევე როგორც გრიპის ვირუსის შემთხვევაში ეს დიდწილად მოახერხა პრეპარატმა „ტამიფლუმ“;
- ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექიმებმა გარკვეული პრეპარატების გამოყენება დაიწყეს, მაგრამ ისინი სპეციალურად კორონავირუსისთვის არ არის შექმნილი;
- ექიმები აფრთხილებენ პაციენტებს, რომ გართულებულ შემთხვევებში კორონავირუსის ანტიბიოტიკებითა და სხვა საშუალებებით თვითმკურნალობას არავინ უნდა შეეცადოს - ეს ძალიან სახიფათოა;
- ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე მედიკამენტის გამოცდა - ამერიკა იტყობინება, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი;
- ვაქცინის სწრაფად შექმნისა და მასობრივად გავრცელების იმედი თითქმის არავის აქვს - უკეთეს შემთხვევაში, ეს 2021 წლის ბოლოსთვის მოხდება.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ სახლში ყოფნის სტრესს
მოსახლეობის დიდ ნაწილს ესმის, რომ სახლში ყოფნა ვირუსის დამარცხების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მაგრამ ბევრისთვის ეს სტრესულიც არის.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ:
- სახლში იძულებითი ყოფნა განსაკუთრებით ძნელია გამოკვეთილი ექსტრავერტებისთვის, ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც ენერგიას ხალხთან ურთიერთობების დროს ივსებენ;
- შესაბამისად, ყველაზე უკეთ იგრძნობენ თავს გამოკვეთილი ინტროვერტები, რომლებსაც ხშირად ისედაც უყვართ იზოლაცია და არ უყვართ ხალხმრავლობა (სხვა საკითხია, თუკი ოჯახი დიდია და ოჯახის ყველა წევრი სახლშია).
ფსიქოლოგები სტრესთან გამკლავების გზებს გვასწავლიან. რჩევები ასეთი შინაარსისაა:
- ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ შიშის გამომწვევ ინფორმაციას, რომელიც ძირითადად მასმედიის საშუალებებით ვრცელდება;
- თუკი ნეგატიური ინფორმაციის მიღება მაინც გვიწევს, ამისათვის უნდა მოვემზადოთ;
- ინფორმაციის ტელევიზიითა თუ სოციალური ქსელებით მიღებისას, აჯობებს დრო დავუთმოთ მხოლოდ კომპეტენტურ პირებს;
- არ უნდა ავყვეთ ჭორებსა და ვარაუდებს;
- შევეცადოთ, მივსდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს - ეს შეეხება კვებას, ძილსა თუ ვარჯიშს; ალკოჰოლი და სიგარეტი არ გამოგვადგება;
- სოციალური ქსელით გვქონდეს კონტაქტი ძირითადად იმ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს;
- შევეცადოთ, ვაკეთოთ ის, რაც განსაკუთრებით გვსიამოვნებს და გვამშვიდებს.
მთავარი პრინციპია, რომ - ადამიანმა სტრესს თავი არ დააჩაგვრინოს და მას დამორჩილების საშუალება არ უნდა მისცეს. თუ ამას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ, სპეციალისტის დახმარება დისტანციურადაც არის შესაძლებელი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი