"კორონავირუსი აფხაზეთში არის, მაგრამ ვირუსიანი პაციენტი ჯერ გამოვლენილი არაა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?
მსოფლიოს სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოც მთელი ძალ-ღონის დაძაბვითა და რესურსების მობილიზებით ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას და ცდილობს "კოვიდ-19"-ით დაინფიცირებული თანამოქალაქეები გადაარჩინოს. სიტუაცია ძალიან სერიოზულია და მისი კონტროლი მთელ ტერიტორიაზე ერთობლივ ძალისხმევას, ზომების კოორდინირებას და ცენტრალიზებულ მართვას მოითხოვს.
ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კერძოდ, აფხაზეთში?
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და კლინიკაში ამოქმედდება 100-მდე ადგილი.
გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის შესახებ ყველაზე მეტს რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერენ, აგრეთვე ის უცხოური წყაროები, რომლებიც მასალებს ძირითადად რუსულ ენაზე ავრცელებენ. მათი მიმოხილვის შედეგად ასეთი ოფიციალური სურათი იქმნება:
"პური ჩვენი არსობისა"
ტაქსით ან ქვეითად
27 მარტიდან 7 აპრილამდე აფხაზეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსებიც წყვეტენ მოძრაობას, მაგრამ კერძო ტაქსები ძველებური რეჟიმით იმუშავებენ. როგორც ადგლობრივი სატრანსპორტო უწყების ხელმძღვანელობა აცხადებს, ტაქტებით მგზავრობაზე ფასის მატება აკრძალულია, რასაც კერძო ფირმები გაგებით შეხვდნენ. თუ ტაქსის მძღოლი მგზავრს ჩვეულებრივზე მეტ საფასურს გამოართმევს, მოქალაქეს შეუძლია საჩივრით მიმართოს უწყებას.
სკოლიდან "არმიამდე"
კარანტინმა გავლენა მოახდინა სასკოლო გამოცდებზეც. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბღანბას განკარგულების თანახმად, ამ წელიწადში კლასიდან კლასში გადასაყვანი ყოველწლიური გამოცდები დროებით გაუქმებულია. უმცროსკლასელებისთვის არდადეგები 7 აპრილამდეა გაგრძელებული. განკარგულება ეხება საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებს, საგანმანათლებლო წრეებს, სპორტულ და საცეკვაო სექციებს... სწავლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "ღია ინსტიტუტში" და საშუალო-პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც 7 აპრილამდეა შეჩერებული.
გარდა ამისა, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ე.წ. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, რომელიც, 2020 წლის პირველი აპრილის ნაცვლად, პირველ მაისს დაიწყება.
კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, თავის მხრივ, დამატებით ზომებს იღებს. აიკრძალა ტურისტებისა და ექსკურსანტების მიღება სოჭიდან. რუსეთის საზღვარზე გაგზავნილია აფხაზი მედიკოსების ბრიგადა იმ პირების შესამოწმებლად, რომლებიც საზღვარს მდინარე ფსოუზე კვეთენ.
გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადებულებისათვის სარეზერვო ჰოსპიტლად გადაიქცევა. უფრო ადრე მსგავსი ფუნქციის შესრულება დაევალა რესპუბლიკურ ინფექციურ საავადმყოფოსაც. კრიზისული სიტუაციის ჟამს, აუცილებლობის შემთხვევაში, კორონავირუსის დიაგნოსტიკას აფხაზეთის ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიაც ჩაატარებს. "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში აფხაზეთს მედიკამენტებით დახმარებას რუსეთი გაუწევს. თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თვითონაც შეისყიდის 600 ტესტ-სისტემას კორონავირუსული ინფექციის დასადგენად.
მუშაობის ონლაინ-რეჟიმი სამინისტროებისთვის
ბევრი ორგანიზაცია და სახელმწიფო დაწესებულება შემზღუდავი ზომების დაწესების გამო იძულებული გახდა მუშაობის გრაფიკი შეეცვალა და ოფისებში თანამშრომელთა რაოდენობა მინიმუმამდე შეემცირებინა.
"პარლამენტი" და "პრეზიდენტი" ბრძოლისთვის ემზადებიან
ვირუსთან ბრძოლისთვის მზადებაში აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტიც" ჩაერთო: ორიოდე დღის წინათ ადგილობრივი "საკანონმდებლო ორგანოს" წევრებმა მოსახლეობას მოწოდებით მიმართეს: "ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას თავი შეიკავონ პირადი კონტაქტებისაგან, არ გამოხვიდეთ გარეთ - თუ ეს აუცილებელი არ არის, დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები და შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ მედიკოსებს", - ნათქვამია მიმართვაში.
თავის მხრივ, აფხაზეთის ახლადარჩეული "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ რუსული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი ვირუსთან ბრძოლისათვის, პრინციპში მზადაა: "მე ვესაუბრე მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბღანბას და მან მითხრა, თუ რა კეთდება ჩვენთან კორონავირუსის შემოღწევის წინააღმდეგ: საზღვრებზე თბოვიზორებია დაყენებული, დაწესებულია მკაცრი კონტროლი, არ მუშაობენ საბავშვო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, მომარაგებული გვაქვს აუცილებელი პრეპარატები და პირადი დაცვის საშუალებები".
"აფხაზეთში ვირუსი არის": რეაქცია სოციალურ ქსელებში
რა თქმა უნდა, დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებს - წინ აღუდგეს ვირუსის გავრცელებას - სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციაც მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ზომები ძალიან დაგვინდა, მით უფრო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არ წყდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან შემსვლელთა ნაკადი.
ცხადია, "ფეისბუკის", "ტვიტერის" და სხვათა სპეციფიკის გათვალისწინებით, რიგითი მოქალაქეები, ცალკეული სპეციალობის ადამიანები, მათ შორის მედიკოსები თავიანთ პოზიციას უფრო გაბედულად გამოხატავენ.
მაგალითად, "ფეისბუკით" თავისი პოზიცია გამოხატა გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ზურაბ აჩბამ, რომელიც, შეეხო რა კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეს, მოსახლეობა გააფრთხილა და იმავდროულად აფხაზეთის ხელისუფლებაც გააკრიტიკა: "ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არ არის - არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი - არაფერი. შტაბი თითქოს შექმნილია, მაგრამ საერთოდ არ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში მკაცრ ზომებს დიდი ხნის წინ მიიღებდნენ, ჩვენთან კი ამას დაგვიანებით აკეთებენ... კაცმა რომ თქვას, დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ - აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ". მოგვიანებით ზურაბ აჩბა აფხაზეთის ტელევიზიითაც გამოვიდა და განაცხადა, რომ "ხელისუფლება სიმართლეს მალავს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კორონავირუსი აფხაზეთში არის, მაგრამ ვირუსიანი პაციენტი ჯერ გამოვლენილი არაა".
აქვე ვიტყვით, დე ფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტრომ ზურაბ აჩბას კრიტიკული გამონათქვამი სიცრუედ მონათლა და, როგორც თვითონ ზურაბ აჩბა წერს თავის მომდევნო პოსტში, მას პროკურატურით დაემუქრნენ. გულრიფშელი ექიმის გულწრფელი მიმართვისადმი აფხაზმა ექიმებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ისეთი მოწონება და მხარდაჭერა გამოხატეს, რომ აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი თამაზ წახნაკია იძულებული გახდა ტელეგამოსვლის დროს ეღიარებინა - "თეორიულად კორონავირუსი შეიძლება მართლაც იყოს, თუმცა ლაბორატორიულად ის დადასტურებული და გამოვლენილი არ არის". თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის დონეს და გადაწყვეტილებას ანალიზებისათვის ვეტერინალური ლაბორატორიით ისარგებლონ, ცხადია, რომ ცხოველებისა და ფრინველების დაავადებათა კვლევის ლაბორატორიაში კორონავირუსს ნამდვილად ვერ გამოავლენენ.
აფხაზი ჟურნალისტი ასტა არძინბა თავის "ფეისბუკგვერდზე" ეჭვის თვალით უყურებს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საზღვარზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ და წერს, რომ "საზღვარი ზოგისთვის დახურულია, ზოგისთვის კი - ღია: ადამიანთა საკმაოდ ბევრი კატეგორია საზღვარზე თავისუფლად გადად-გადმოდის. ისინი, სავარაუდოდ, პოტენციური დამსნებოვნებლები არიან".
კორონავირუსი და აფხაზური პრესა
აფხაზეთის რუსულენოვანი გაზეთი "რესპუბლიკა აბხაზია" აქვეყნებს ინტერვიუს სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ კანა ყვარჩიასთან,რომელიც აფხაზურ საზოგადოებას აკრიტიკებს: "ჩვენი მენტალობა ხელს გვიშლის კარდინალურად მივუდგეთ ბევრი საკითხის გადაჭრას. ქვეყნის ყოველ ხელმძღვანელისთვის ძნელი იქნება ასეთი საზოგადოების მართვა. მსოფლიოში პანდემიაა, ვირუსი ახლოვდება, ჩვენთან კი ყველა პოლიტიკანობს, მუშაობა არავის უნდა. ჩვენ უკვე დავკარგეთ ჩვენი ერის ყველა ბურჯი... თუმცა მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუცქერი.
ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო და მჯერა, საღი აზრი გაიმარჯვებს".
ა) სეპარატისტულ//ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს კორონავირუსისაგან მოსახლეობის დაცვის საკითხში, მაგრამ მიღებული ზომები სავარაუდოდ, დაგვიანებულია და არაფექტური; მთავრობას და პრეზიდენტს ცრუს წარმოდგენები აქვთ და თავს იმშვიდებენ იმით, რომ "რადგანაც ვირუსი გამოვლენილი არ არის, ის აფხაზეთში ჯერ არ გავრცელებულა";
ბ) აფხაზეთის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივდ, მოუმზადებელი ხვდება კორონავირუსის სავარაუდო ეპიდემიას: შესაბამისი სამედიცინო აპარატურა არ აქვთ, ვირუსის გამოსავლენი ლაბორატორიების დონე კი ძალიან დაბალია;
გ) აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის დახმარების იმედი აქვს, თუმცა რადგანაც თვით რუსეთშიც შემაშფოთებელი სიტუაციაა, კორონავირუსი სულ უფრო მეტ რეგიონებს "იპყრობს", საბოლოო ჯამში აფხაზეთის მოსახლეობა, "კოვიდ-19"-ის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, განწირულია დაავადებისათვის;
დ) ასეთ შემთხვევაში უპრიანი იქნება სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყოს თბილისთან სასიკვდილო ვირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი