პანდემიამ რუსებისგან მიტოვებული აფხაზები აიძულა საქართველოსკენ გამოეხედათ

“აფხაზებს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად არც მატერიალური რესურსები აქვთ და არც ადამიანური, რუსეთი კი დახმარების კუთხით დიდად არ აქტიურობს. ბევრი ადამიანი, ძირითადად გალელები, დახმარებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდის. ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზ და ქართველ ექიმებს შორის ერთგვარი არაოფიციალური კომუნიკაცია დამყარდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზი “მესაზღვრეები” კორნავირუსის სიმოტმების მქონე ადამიანებს აფხაზები ზუგდიდში სამკურნალოდ თავისუფლად უშვებენ. ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეის მდგომარეობით 7 ადამიანი გადმოიყვანეს. ისინი საკარანტინე ზონაში არიან მოთავსებულნი. მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პანდემიამ რუსებისგან მიტოვებული აფხაზები აიძულა საქართველოსკენ გამოეხედათ.

 

“აღნიშნული 7 პირი იმ ქალის კონტაქტებს წარმოადგენენ, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გარდა ამისა, ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული მასთან ერთად მოგზაურობაში მყოფი პირი, რომელსაც ასევე ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება. ასევე ცნობილია, რომ ერთმა პირმა ქართულ მხარეს დახმარების თხოვნით მიმართა. ის ტემპერატურის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს. მისი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. კლინიკაში მოთავსებულია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ოჯახიც. 2 მცირეწლოვან ბავშვს ბოქსირებულ განყოფილებაში მშობლებთან ერთად აკვირდებიან. აფხაზეთში კი მოაქალაქეების ინფორმაციით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. იქ 30 მარტს კარანტინი და კომენდატის საათი გამოცხადდა. თუმცა როგორც ცნობილია აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებული არცერთი ადამიანი ჯერ არ გამოვლენილა. აფხაზები ამბობენ, რომ მათ აქვთ ტესტები, რომელიც რუსებმა მისცეს, თუმცა მათი გადამოწმება ლაბორატორიაში უნდა მოხდეს. ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ტესტებს რუსეთში გაგზავნიან. მოსახლეობა კი ეჭვს გამოთქვამს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ე.წ. ხელისუფლება მოჩვენებით კარანტინებს აწყობს, სადაც ვირუსის გამოვლენის საშუალება არა აქვთ და არც მკურნალობის რაიმე პროტოკოლი არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ფეისბუკით” თავისი პოზიცია გამოხატა გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაწერა: “ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არ არის - არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი - არაფერი. შტაბი თითქოს შექმნილია, მაგრამ საერთოდ არ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში მკაცრ ზომებს დიდი ხნის წინ მიიღებდნენ, ჩვენთან კი ამას დაგვიანებით აკეთებენ... კაცმა რომ თქვას, დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ - აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ”, - წერს ექიმი სოციალურ ქსელში. კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმაზე ადრე დაიწყო ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მომზადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის, ვიდრე ამის შესახებ ვინმე ინიციატივას გამოთქვამდა, ხოლო აფხაზეთიდან გადმოსულთა უმრავლესობას გალელი ქართველები შეადგენენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“რაოდენობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, მითუმეტეს რომ, ძირითადად ქართველები არიან. საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი წინასწარ რომ დაიჭირა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. ბევრი ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ თვითონ ვირუსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით”, - ამბობს არეშიძე. ისივე თქმით, უამრავი რუსია ჩამოსული აფხაზეთში, რადგან ეს რუსებიც ვერსად ვეღარ მიდიან. არეშიძის აზრით, მთელ აფხაზეთში კორონავირუსი არის თუ არა, ვერავინ დაადგენს, ხოლო ორ-სამ კვირაში რუხის საავადმყოფო აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებით გაივსება. კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან“ აცხადებს, რომ აფხაზები კორონავირუსიის სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს ე.წ. საზღვარზე ატარებენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას აძლევს. ვარაუდობს, რომ აფხაზ მედიკოსებს ქართველ ექიმებთან კონტაქტი აქვთ და გამოჩნდა, რომ მათ ამ გაჭირვების დროს ქართველების იმედი აქვთ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ძალიან კარგია, რომ ამ სიტუაციაში აფხაზებს ქართველების იმედი აქვთ. ფაქტია, რომ სიმპტომების მქონე ადამიანებსაც კი ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას აძლევენ. ამბობენ, რომ ტესტები აქვთ და ის რუსებმა მისცეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ქართულმა მხარემაც მისცა და მათი გადამოწმება ლუგარის ლაბორატორიაშიც კი ხდება. სამომავლოდ ეს დამოკიდებულება შესაძლოა საქართველოსთვის დადებითი აღმოჩნდეს. რაღაცა ახალი ურთიერთობის დაწყების საშუალებაც მოგვცეს. რუსებმა რამდენად მიატოვეს ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. როგორც ვიცი მათ ეკიპირება და გარკვეული სამედიცინო დახმარება მისცეს. თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულების რუსეთში გადაყვანასა და მკურნალობაზე უარს ამბობენ, რადგანაც აფხაზები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის გარკვეული თანამშრომლობა არსებობს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ რეკომენდაციებს ქართველი ექიმებისგან იღებენ. თუმცა ამის ღიად აფიშირებისგან თავს იკავებენ. პიარის კუთხით რუხის საავადმყოფოს გახსნა და იმის ჩვენება, რომ ეს აფხაზების სამკურნალოდ გამოყენებული იქნება, საკმაოდ კარგი სვლაა. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გაჭირვების ჟამს, ჩვენ არ მივატოვებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით. “იცით, რომ პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვა იმისთვის, რომ იყოს მზაობა მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან, აფხაზეთიდან.... რა თქმა უნდა ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ... რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს, რომ შემთხვევების რიცხვი და მომართვიანობა შეიძლება გაიზარდოს. კიდევ ერთხელ, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით ასეთი მზაობა გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის განმარტებით, ხელისუფლება “ამ პარტნიორის მეშვეობით” ცდილობს მოსახლეობას მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 800 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.