“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ”
“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან დაახლოებით 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია”, - აცხადებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბიძინა კულუმბეგოვი - “ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა, შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა”.
“ასეთ პირობებში ცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდება ეგ არავინ იცის. ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით აგვისტომდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებითო. ისიც ითქვა, რომ შესაძლოა ეს ვირუსი სეზონური იყოს, თუმცა ეს თეორიაა - წინასწარ არავინ არაფერი იცის. რაც შეეხება დაავადების მეორე ტალღას ჯერჯერობით არ დგინდება, რომ ადამიანებს COVID-19 მეორედ ემართებათ. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება კარანტინის პირობებში ჩაცხრეს ვირუსი, ხალხი კარანტინიდან გაუშვან და მერე ახალი აფეთქება დაიწყოს. აი, ჩინეთში ახლა სწორედ ამის ეშინიათ. ჩვეულებრივ, პიკი გრძელდება დაახლოებით თვე-ნახევარი, მერე კი შემთხვევათა რაოდენობის კლება დაიწყება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი და შეკითხვაზე - “ჩვენთან ეს დაავადება მაინცდამაინც მძიმედ არ მიმდინარეობს, რასაც ბცჟ აცრას უკავშირებენ. თქვენი აზრით, მართლაც ეს აცრაა ჩვენი მშველელი?” - პასუხობს:
“სტატისტიკურად ასეთი მონაცემები მართლაც არის, ოღონდ მეცნიერულად არავის გამოუკვლევია. ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა - ასეთია იაპონია და კორეა - შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა და, ცხადია, სიკვდილიანობაც. ჩვენთან ჯერჯერობით გარდაცვლილია ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანამდევი დაავადებები, კრიტიკული პაციენტების რაოდენობით კი მაინცდამაინც დაბალ ნიშნულზე არ ვართ. ზოგ ქვეყანაში ყველა დაავადებული მსუბუქია, ანთება არავის აქვს, არავის სჭირდება რეანიმაცია... სავარაუდოდ, ესპანეთსა და ამერიკაში გარდაცვლილი ხუთი ქართველიც აცრილი იყო ბცჟ ვაქცინით, ამიტომ ამის იმედად ვერ ვიქნებით, ეს ვარაუდია”.
“ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ გლობალიზაციის მასშტაბების ზრდის შედეგად უკვე ყველა მოგზაურობს და მთელი მსოფლიო დიდ სოფლად არის ქცეული. კაცობრიობის ძირითადი საფრთხე ახალი ვირუსების წარმოქმნაა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს საფრთხე ატომურ იარაღზე საშიში და ამოუხსნელია, რადგან მოულოდნელობას ემყარება და კაცობრიობა ახალი ვაქცინებითადა წამლებით მომზადებული არ არის. ამან, მოსალოდნელია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ რაც უფრო იზრდება გლობალიზაციის მასშტაბი და იოლდება მოგზაურობა, ეს საფრთხეც იმატებს. ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ რაც უფრო მცირდება ფლორა-ფაუნა დედამიწაზე, რაც უფრო მეტს ჩეხს და ანადგურებს ადამიანი, ერთმანეთთან მით უფრო ახლოს იწყებენ ცხოვრებას ცხოველები და უფრო დიდია რისკი, რომ ეს ვირუსები ერთიდან მეორეს გადაედოს. ასე მოხდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც - ის ღამურიდან აქლემს გადაედო, აქლემიდან - ადამიანს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ისევე როგორც ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან, კორონავირუსიც ერთი სახეობის ვირუსია, მაგრამ გენომური თანაფარდობა და ამინომჟავების შემადგენლობა ყველა კორონავირუსს იდენტური არ აქვს. გენომური თავისებურებები აქვთ, გენეტიკური ინფორმაციით კი განსხვავდებიან. ამით დგინდება, საიდან შეიძლება მოდიოდეს ჩინეთიდან, იტალიიდან თუ ამერიკიდან.... ქართულს თავისი გენომი არ ექნება - ჩვენთან, ძირითადად, ექსპორტირებული ფორმებია, ანუ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და აქ ჯერ ის ვრცელდება”, - განმარტავს იმუნოლოგი და შეკითხვაზე - “გაჩნდა მარნეულიდან შემოტანილი ბოსტნეულის შიში, შეიძლება ამით დავინფიცირდეთო, ამიტომ საპნით რეცხვა ურჩიეს ერთმანეთს...” - პასუხობს:
“საკვები პროდუქტის საპნით გარეცხვა არ შეიძლება - თერმულად დაამუშავეთ. 56 გრადუსიდან ზემოთ ბაქტერია კვდება. ის, რისი მოხარშვაც არ შეიძლება - მაგალითად, ვაშლი - გამდინარე წყალში გარეცხეთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, მერე გათალეთ და მიირთვით... რაც შეეხება ფულის დამუშავებას პაატა იმნაძე ამბობს, გააუთოეთო, მაგრამ ჯობს, ფულის გამოყენებას საერთოდ მოვერიდოთ და ბარათებით გადავიხადოთ. ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, მათ შორის - პენსიონერებსაც. გამოყენების შემდეგ ბარათები სპირტით დაამუშავეთ”...
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი