უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიციას ორდერის გარეშე სახლში შესვლის უფლება, თუ იქ წვეულება იმართება?
“შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიციას უფლება მიეცეს, თუკი სახლში წვეულება იმართება, პირდაპირ შევიდეს და იქ შეკრებილი ადამიანები საგანგებო სიტუაციის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დააჯარიმოს ან კიდევ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კარანტინის პირობებში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი ნათესავებსა და ახლობლებთან სტუმრად მისული ადამიანები გახდნენ ან კიდევ - სარიტუალო სუფრა ან წვეულება, სადაც სახლში რამდენიმე ადამიანი იქნება შეკრებილი. სარიტუალო სუფრიდან მარნეულისა და რომანოვების კლასტერების მაგალითებიც გვაქვს, ასევე - სტუმრად მყოფი მკლავჭიდელი, რომელმაც რამდენიმე სოფელი მოიარა და 16-მდე ადამიანთან კომუნიკაცია ჰქონდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიციას ორდერის გარეშე სახლში შესვლის უფლება, თუ იქ წვეულება იმართება?
“როგორც ახლახან ნიდერლანდების შს მინისტრმა პიეტერ დე კრემმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიციას შეუძლია, ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შეიჭრას, თუ იქ წვეულება ან სხვა აკრძალული შეკრება მიმდინარეობს, სადაც სოციალური დისტანცირების წესები ირღვევა. ამის გაკეთება, მინისტრის თქმით, პოლიციას ფორმალური ორდერის გარეშეც შეუძლია. მინისტრი ამბობს, რომ მართალია, ის მეზობლებისგან ჯაშუშობას არ ითხოვს, თუმცა ყველას მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობოს. “რეზონანსი” შეეცადა, იურისტთან გაერკვია, აქვს თუ არა პოლიციას ამის უფლება საქართველოში. იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელი სახლი კანონით დაცული სივრცეა. ამდენად, დღევანდელი რეგულაციით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, პირდაპირ ასე სახლში შესვლის უფლება პოლიციას ვერ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომ გინდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში და გინდა ისე, პოლიციას დადგენილების მიხედვით შეუძლია, სასამართლო სანქციას არ დაელოდოს, სახლში შევიდეს, თუკი საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ იქ დანაშაული ხდება. შემდგომ იმისა, ჩხრეკა ან სხვა რაიმე ღონისძიება უკვე სასამართლოსგან დადასტურებას საჭიროებს. დღესაც კი პოლიციას, თუ ამდაგვარი ეჭვი იარსებებს, სახლში შესვლა შეუძლია. ეჭვის საფუძველზე, დანაშაულის აღსაკვეთად, ის საცხოვრებელ სახლში შევა”, - ამბობს ალაფიშვილი. ჩვენს კითხვაზე, თუკი პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ სახლში დაბადების დღეს ან ნიშნობას აღნიშნავენ, რამდენად აქვს სახლში შესვლის უფლება სასამართლოს განჩინების გარეშე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იურისტი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, კარანტინის პირველადი დარღვევა 3000 ლარით ჯარიმდება, მეორე კი სს-ის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. დეკრეტში კონკრეტულად არ არის გაწერილი, სს-ის პასუხისმგებლობაში რა იგულისხმება”, - დასძენს გამოცემა.
“ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი და ამას გამოცემული დეკრეტით ვერ შევძლებთ. დეკრეტი არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი აქტი, მაგრამ ის ხომ კანონი არ არის. დეკრეტში თავშეყრის აკრძალვასთან დაკავშირებით გასაგებად წერია, რომ, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი შენობისა, ყველგან სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება. ამიტომაც, სურვილის შესაბამისად, დეკრეტში ამ ჩანაწერის შესწორება შეიძლება. პარლამენტს შეუძლია პლენარული სხდომის ჩატარება და დაჩქარებული წესით კანონში ამ ცვლილების მიღება. ხელისუფლებას არავინ უშლის, რომ საგანგებო მდგომარეობა ლეგალურად სწორად მართოს. დადგენილებიდან ფრაზის “კერძო საკუთრების გარდა” ამოღებას არაფერი უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
“ინფექციონისტი ვატო სურგულაძე კი “რეზონანსთან” საუბარში მიიჩნევს, რომ პოლიციას საგანგებო სიტუაციის პირობებში უნდა შეეძლოს, რომ თუ სახლში არის წვეულება, დაბადების დღე, ნიშნობა და სხვა შეკრება, რომელიც ინფექციის გავრცელების კერა შეიძლება გახდეს, პირდაპირ სახლში შესვლა და ამის აღკვეთა. მისი აზრით, ხელისუფლებამ წესები უნდა გაამკაცროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდაფეთქებას მივიღებთ, ამით კი დავაზიანებთ როგორც ჯანდაცვის სისტემას, ასევე - ეკონომიკასა და საკუთარ თავს”, - წერს სტატიის ავტორი.
„სტუმრად სიარული სერიოზული პრობლემაა. ნიშნობა რომ გადაიხადეს, 21 000-ით დააჯარიმეს. მერწმუნეთ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. ზოგს იჭერენ, ზოგს კი მეზობელი არ “უშვებს” და პოლიციის ყურამდე არც მიდის. ამიტომაც ზომები ძალიან უნდა გამკაცრდეს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას, ქვეყნის ეკონომიკურ ფუნქციონირებას დავუბრუნდეთ და ყველაფერი თავზე არ ჩამოგვენგრეს, ახლა ძალიან უნდა გავამკაცროთ წესები. ადმინისტრაციული ჯარიმა კი არა, ციხეშიც უნდა გადავიყვანოთ. სხვანაირად შეიძლება, რომ ყველაფერი 2 დღეში აფეთქდეს. სულ ვტრაბახობთ, რომ ჩვენთან 208 ინფიცირებულზე მეტი არაა. ეს ყველაფერი ერთ დღეში შეიძლება, ისე შეიცვალოს, ვერც გავიაზროთ. შესაძლოა, ერთ დღეში გავიღვიძოთ და 700 კაცი გვყავდეს ინფიცირებული. საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციას არა მარტო სახლში შემოსვლის უფლება აქვს, არამედ შეიძლება, თქვენი სახლი საერთოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს - საჭიროებიდან გამომდინარე გითხრათ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლი თქვენი აღარაა და მე მჭირდებაო. მესმის, რომ პოლიციელები ცოდონი არიან, მაგრამ მათ ჩვენც უნდა დავეხმაროთ. თუკი დაინახავთ, რომ თქვენი მეზობელი კანონს არღვევს, პოლიციაში უნდა დარეკოთ. სხვაგვარად ამ ეპიდემიას ვერ ვაჯობებთ. ეს უკვე არაპატრიოტულია. ახლა სტუმრად სიარული კატეგორიულად დაუშვებელია. 2000 კაცს გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5000-სა და 10 000-ს ვერ გაუძლებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი