მთავრობა “ოქროს შუალედს” ეძებს - საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება

“ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 21 აპრილს იწურება და უკვე გავრცელდა ცნობები, რომ უკვე მომავალ კვირას მთავრობა ამ მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს განიხილავს. სპეციალისტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საგანგებო მდგომარეობის 2 კვირაზე მეტი ხნით გაგრძელება არ იქნება საჭირო და აცხადებენ, რომ ეს ორ მთავარ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - როგორი იქნება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვირის ბოლოს და როგორ ჩაივლის აღდგომის დღესასწაული. ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, რომელზეც პარლამენტის მომავალი პლენარული სხდომის თარიღი და დღის წესრიგი გაირკვევა. “რეზონანსი” შეეცადა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებისაგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია, თუმცა კვირას მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან საუბარში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გამორიცხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობა “ოქროს შუალედს” ეძებს - საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება.

 

“პრემიერ-მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, მისი ზომებიც გამკაცრდეს. ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება. “ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში. რადგან ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, მარნეული-ბოლნისში არსებული ვითარება მოგეხსენაბათ, ახლა ლენტეხი გაჩნდა… სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში… ვნახოთ, რა შედეგები გვექნება”, -ამბობს გახარია. ექსპერტები და ინფეციონისტები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ თუკი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის დაბალი ტემპი შენარჩუნდება, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 2 კვირაზე მეტი ხნით არ უნდა დაგვჭირდეს. მათი თქმით, ახლა ყველაფერი აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ ჩვენი მოქალაქეები ფიზიკურ დისტანციას როგორ დაიცავენ. მათი თქმით, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება და 21 აპრილისთვის სიტუაცია გაუარესებული არ იქნება, ნელ-ნელა ქვეყანა გეგმაზომიერად ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სპეციალისტები ამბობენ, რომ ზომების გამკაცრება ან პირიქით შერბილება, მხოლოდ და მხოლოდ მომავალი კვირის სტატისტიკასა და ეპიდდინამიკაზე იქნება დამოკიდებული. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ შიდა გავრცელების სტარტი ჩვენთვის მარტის ბოლო იყო, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მაისის შუა რიცხვებამდე სრული სურათის გამოხატვა მოხდება. იმუნოლოგი ამბობს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, მაშინ ძალიან დიდ სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანით ჩვენს მოსახელობას უფრო მეტი პრობლემა არ შევუქმნათ, ვიდრე ეს შეიძლება კორონავირუსმა შექმნას. ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ყველაფერი ვირუსის გარცელების სიჩქარეზე და ინფიცირებულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ჯერჯერობით მოვლენები საკმაოდ პოზიტიური სცენარით ვითარდება, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, თუ მომდევნო კვირებში რა იქნება, რთულია. ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, აქამდეც სრულიად გაუგებარი იყო კომენდატის საათის გამოცხადება რაში გვადგება, რადგანაც “ვირუსი ღამე არ დადის და დღისით ამ კარანტინის პირობებში საზოგადოება მაინც აქტიურად მოძრაობს.”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ფაქტია, რომ ჩვენთან თვენახევარზე მეტს საგანგებო მდგომარეობით ვერ გავძლებთ. მართალია, ჩინელებმა რა შედეგიც მიიღეს, ის 3-თვიანი კარანტინის შედეგია, მაგრამ საქართველოში არც იმ დონის მასშტაბური გავრცელებაა, რაც იქ იყო და არც ისეთი შესაძლებლობის ეკონომიკის ქვეყანა ვართ, როგორიც ჩინეთია. ამიტომაც საქართველო უფრო სწრაფად მოახერხებს კორონავირუსის დამარცხებას, ვიდრე ეს ჩინელებმა და სხვა ქვეყნებმა შეძლეს. ამ დგომარეობიდან გეგმაზომიერი გამოსვლა მოხდება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდანვე ყველა სტადიონზე ვერ შევიკრიბებით. ეს იქნება გეგმაზომიერი ეკონომიკური ცხოვრების დაწყება იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს ნაკლებად შეუწყობს. თუ ასეთ შეკავებას შევძლებთ, მაშინ საქმე ძალიან კარგად იქნება. პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერი მაინც აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული. იმ დღეს როგორ მოვიქცევით, ძალიან გადამწყვეტი იქნება - დაგვჭირდება კიდევ უფრო ზომების გამკაცრება და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, თუ პირიქით, არ დაგვჭირდება. პრინციპში, 2 კვირის დამატება თუ დაგვჭირდება, მეტის არა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს ჩვენზე იქნება ახლა დამოკიდებული“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“არ მიმაჩნია, რომ აქამდეც საგანგებო მდგომარეობა სწორად იყო გამოცხადებული. ზოგადად, ასეთ მდგომარეობას იმიტომ აცხადებენ, რომ ჰქონდეთ იურდიულად ბერკეტი, რათა რაღაც ღონისძიებები უფრო ეფექტურად განახორციელონ. ამ პერიოდის განმავლობაში, რასაც თვალს ვადევნებ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ვირუსი კიდევ მაინც და მაინც ღამე არ მძვინვარებს. ამიტომაც კომენდატის საათის შემოღების აზრი ხომ ასერთოდ ვერ გავიგე. ხალხი ღამე სიარულისგან ისედაც თავს იკავებდა. კომენდატის საათი დღესვე რომ გაუქმდეს, მომხრე ვარ. თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ მოკლე დროში და უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროში გაწელილი ეს მდგომარეობა ჩვენს ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს და მერე სანერვიულო მარტო კორონა ვირუსი აღარ გვექნება. მეტი სწრაფი ტესტების გაკეთებაა საჭირო, ხოლო აკრძალვებმა ყველასთვის უნდა იმუშაოს. მაშინ ამდენი ხნით საგანგებო მდგომარეობა აღარ დაგვჭირდება. ტრანსპორტის აღდგენა და ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივობების დაწყებასაც შევძლებთ. სხვაგვარად საკმაოდ ცუდ სურათს მივიღებთ“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

წაკითხვა 657 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.