“ახალი ეკონომიკის აშენება არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს”
“ამ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უპირველესად უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას - საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ქვეყნის თვითკმარობის გარანტიები უნდა გვქონდეს.
ამაში ვგულისხმობ სასურსათო უსაფრთხოებასა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას. სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ეკონომიკური ნომენკლატურის არსებობა 365 დღის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასეთი თვითკმარი სისტემის შესაქმნელად ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკონომიკის ტრასფორმაცია პანდემიის გაკვეთილებით / “ახალი ეკონომიკის აშენება არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს”.
“პირველი ნაბიჯი არის კრიზისული სამომხმარებლო კალათის განსაზღვრა - უნდა განისაზღვროს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. პირობითად, კალათა შეიძლება შევადგინოთ 40 დასახელების პროდუქტისგან, რაც სავსებით საკმარისი იქნება ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვის; მეორე ნაბიჯი გულისხმობს ინფორმაციის მიღებას საბაჟო სამსახურებიდან - კალათში შეტანილი პროდუქტების ნომენკლატურით რა, რამდენი და საიდან შემოდის იმპორტით. ამის შემდეგ, როცა უკვე განსაზღვრული გვაქვს, რა მოცულობის და რომელი პროდუქტების წარმოება უნდა დავიწყოთ საქართველოში, უნდა დავიწყოთ პროტექციონისტული, წამახალისებელი პოლიტიკის გატარება, რათა ბიზნესს საჭირო მოცულობისა და რაოდენობის პროდუქციის წარმოების ინტერესი გავუჩინოთ. ჩვენ გახსნილი ეკონომიკის ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა შევძლოთ და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულს. ამ ამოცანის შესასრულებლად დაახლოებით 3-5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა დაგვჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“სახელმწიფო პროგრამა კრიზისულ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ადგილობრივად წარმოების სამივე ეტაპს უნდა გულისხმობდეს: უნდა ვაწარმოოთ ნედლეული, ანუ პირველადი პროდუქტი; მეორე ეტაპია ლოგისტიკა, რაც გულისხმობს ნედლეულის ტრანსპორტირებას, დაფასოებას, შეფუთვას და შენახვას. სოფლის მეურნეობაში ბევრი პროდუქტი სეზონურია და შესანახავად სიმძლავრეები დაგვჭირდება. წარმოების ჯაჭვის მესამე რგოლი გადამმუშავებელი მრეწველობაა. ამ ინდუსტრიული ჯაჭვის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იქნება პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე. ამიტომ ყველა ძალისხმევა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული. ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ისე უნდა წარვმართოთ, რომ ადგილობრივად წარმოებული სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებით ქვეყნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შევძლოთ. მაგალითად, აგრარულ სექტორში აუცილებელია მიზანმიმართული, სწორი პოლიტიკის წარმართვა, რათა ადგილობრივი წარმოებისთვის საკმარისი ან უფრო მეტი ნედლეულის მოყვანა შევძლოთ. ამისთვის კი მიწის პრივატიზაციის საკითხი მიბმული უნდა იყოს არა იმდენად მის ფასზე, არამედ კონკრეტულ, მიზნობრივ საინვესტიციო გეგმაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ძალზე დიდია უკვე პრივატიზებული მიწის ფონდიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის გამოყენებული. სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს უნდა გაუმკაცრდეს მოთხოვნები, მიეცეს გონივრული ვადა დასამუშავებლად, რათა დისბალანსი არ მივიღოთ. მოგეხსენებათ, როგორ ხდება საქართველოში - როცა ერთ წელს ღვინის წარმოებაა პოპულარული და ყველა ვენახს დასტრიალებს თავზე, მეორე წელს კი ვაზის ნაცვლად ნიორს თესავენ... საჭიროა მიწის ფონდის სახელმწიფო მონიტორინგი. მხოლოდ ფინანსურ სანქციებს არ ვგულისხმობ, უფრო შორსაც წავიდოდი. მიწის მფლობელებს უნდა დაუწესდეს გონივრული ვადა, რათა მიწა დაამუშაონ და კონკრეტული პროდუქტი მოიყვანონ. ცხადია, სახელმწიფოსგან საჭიროა ფინანსური სტიმულირება, შესაძლოა ეს სულაც 0%-იანი კრედიტები იყოს - არა ვარ მომხრე მხოლოდ მათრახით ვაკეთოთ საქმე, მაგრამ მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით კი უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ერთი მხრივ უნდა დავეხმაროთ, მივცეთ საქმის კეთების სტიმული ადგილობრივ მეწარმეებს, ხოლო მეორე მხრივ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები დავუწესოთ. მივცეთ გონივრული ვადა, რომ ეს გააკეთონ და თუ მაინც არ ან ვერ გააკეთებენ, მაშინ ეს მიწები იმავე ფასად გამოვისყიდოთ, რა ფასადაც თავის დროზე გაუკეთდა პრივატიზება. შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ მიწების რეპრივატიზაცია კონკრეტულ ინვესტორებზე”, - განმარტავს ექსპერტი.
“სოფლის მეურნეობას ვერ დავაყენებთ ფეხზე, თუ გადამმუშავებელი მრეწველობა არ გვექნება. დღემდე რაც კეთდებოდა, არასისტემური ხედვის შედეგი იყო, კონტექსტიდან ამოგლეჯილი კონკრეტული კამპანიური პროექტები ხორციელდებოდა მაღალი კორუფციული რისკებით. ამიტომ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილია. სასურსათო უსაფრთხოებაზე საუბრისას მთლიან სისტემას ვგულისხმობ. რაზეც ვისაუბრეთ, აქედან ერთი მცირე კომპონენტიც რომ ამოაგდოთ, სისტემა არ იმუშავებს. ეს უნდა იყოს საათივით აწყობილი მექანიზმი, დაწყებული ნედლეულის მოპოვებით და საბოლოო პროდუქტით დასრულებული. ეს არ საჭიროებს კოლოსალურ ინვესტიციებს. ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია, ოღონდ იმ პირობებში, თუ სახელმწიფოს აგრესიული პროტექციონისტული პოლიტიკა ექნება, მათ შორის ეკონომიკური საზღვრის დაცვის იმ ტიპის მექანიზმების ამუშავებით, რომლებიც შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკამათო გახდეს. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკის უპირატესობებზე ლექციის მოსმენის ფუფუნება. ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ზეამოცანა, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო ამოცანაც ჩვენი ქვეყნისთვის”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“დღეს საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია - იმ გაგებით, რაც დასავლეთშია, ჩვენ ეკონომიკა არა გვაქვს. როცა დასავლეთში ლაპარაკობენ ეკონომიკის ხელახლა გაშვებაზე, ძირითადად, იგულისხმება ინდუსტრიული სექტორის ამუშავება, რაც ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. როცა ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, ვგულისხმობთ მომსახურების სფეროს - ტურისტულ ბიზნესს, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოქოქვაზე საუბარი არარეალურია, ქარხნები და ფაბრიკები ისედაც, ფაქტობრივად, არა გვაქვს და რაც გვაქვს, არც გაჩერებულა. მეტსაც გეტყვით - ეკონომიკის რესტარტს იმ სახით, რაც კრიზისამდე გვქონდა, აზრი არა აქვს. ჩვენ დაგვჭირდება ეკონომიკის რესტარტი უფრო ინდუსტრიული, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მიმართულებით, რითაც გადაწყდება, მათ შორის, დასაქმების საკითხებიც. აქამდე სამყაროს ჰქონდა ილუზია, რომ ფული იყო დომინანტი და ბოლო 50 წლის განმავლობაში მაქსიმალურად იბერებოდა მომსახურების სფეროს ბუშტი, ეს ყველაფერი დამთავრდა! ახლა ინდუსტრიული ცენტრების დომინირების ეპოქაში შევდივართ. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება სრულიად ახალი ეკონომიკური ხედვით სრულიად ახალი ეკონომიკის აშენება. ეს არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, ჩვენ მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს, მაგრამ ეს არის ობიექტური აუცილებლობა და ჩვენ ნაცვლად ამას არავინ არ გააკეთებს”, - დასძენს ხუხაშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი