საქართველოს სამი ყველაზე უსაფრთხო რეგიონი, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
“საქართველოში მასშტაბით კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა დედაქალაქზე მოდის.
თბილისის შემდეგ, რთული სიტუაციაა ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. საქართველოს სამ რეგიონში კი დღეის მდგომარეობით კოვიდ-19 ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არაა გამოვლენილი - გურიაში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "საქართველოს სამი ყველაზე უსაფრთხო რეგიონი, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა"
"ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ შეიძლება ამ რეგიონებში ვირუსი რეალურად გავრცელებულ იყოს, თუმცა ჯერ გამოვლენილი არაა. „ტესტირების არეალი ახალი გაფართოებულია და ვვარაუდობთ, რომ თითქმის ყველა რეგიონში გამოვლინდება. დროის ფაქტორი იყო უბრალოდ. შეიძლება იყოს შემთხვევები და გამოვლენელი არ არის. შესაძლოა შემთხვევები მეტი იყოს და ნაკლები ვიცოდეთ, მაგრამ დიაგნოსტიკის გაფართოებასთან ერთად, გამოვლენა დაიწყება," - აღნიშნა ბუწაშვილმა "რეზონანსთან". კახეთში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში ამ დრომდე ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ეს რეგიონები "მწვანე ზონად" რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ზუგდიდში ახალ კორონვირუსზე ორი ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათ ერთხელ უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი უარყოფითი იყო. სპორტსმენ გიორგი ღვინჯილია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამეგრელოში, რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. მასთან კავშირში მყოფი პირების ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი. კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს მანამდე ეს ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის ფონზე, ზემო სვანეთი ამ დროისთვის ისევ მწვანე ზონად რჩება. მკაცრი საკარანტინო ზონად გამოცხადდა მარნეული, ბოლნისი, ლეჩხუმი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი, სადაც შესვლა და გასვლა აკრძალულია. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები პირველია, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა”, - განაგრძობს გამოცემა.
"ამ დროისთვის, აჭარაში ვირუსი 25 პაციენტს აქვს დადასტურებული. ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 370-მდე კონტაქტი არის მოძიებული, მათგან გამოკვლეულია 200 ადამიანი. რაც შეეხება ქვემო სვანეთს, ლენტეხში ახალი კორონავირუსი 53 წლის კაცს დაუდასტურა. დაინიფიცრებულს რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროისთვის ყველა კონტაქტი გამოვლენილია. რაც შეეხება იმერეთში არსებულ ვითარებას, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 18 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69 ადამიანი, გარდაიცვალა სამი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 856 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
