სამყარო პანდემიის შემდეგ: „ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება“ – ინფექციონისტი ვატო სურგულაძე

“ახალი კორონავირუსის პიკის გადავლის შემდეგ, რომელიც საქართველოში, სპეციალისტების თქმით, უკვე დაიწყო, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

მედიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოებას კოვიდ-19-თან ერთად მოუწევს თანაცხოვრება, როგორც ეს წითელასა და ღორის გრიპის შემთხვევაში მოხდა. საუბარია იმაზე, რომ საქართველო ეპიდემიის პიკის ფაზაში შედის, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირა გასტანს. რამდენად რეალურია, რომ ამის შემდეგ სიტუაცია დალაგდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ამის შესახებ “რეზონანსი” ექიმ-ინფექციონისტს, ვატო სურგულაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, კოვიდ-19, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვეულებრივი ვირუსი გახდება და ჩვენ მოგვიწევს ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, თუმცა ამ ეტაპზე გადასვლას მომზადება და უსაფრთხოების პირობების შექმნა სჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება“ – როგორი იქნება სამყარო პანდემიის შემდეგ, რას ამბობს ინფექციონისტი.

 

“ეს ყველაფერი 2-3 კვირა გაგრძელდება, ერთი კვირა თუ ერთი თვე, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია და არავის შეუძლია. მსოფლიოშიც კი არ არსებობს რიცხვები, რომ სტატისტიკური კვლევები ჩავატაროთ და ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მაგალითს საქართველოს პროგნოზისთვის ვერ გამოვიყენებთ, მით უმეტეს, რომ არც სტატისტიკური მონაცემები არსებობს ამ დონის. პიკის გადავლის შემდეგ არ უნდა ველოდოთ, რომ ყველაფერი უცებ წესრიგში მოვა და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. ამას მომზადება სჭირდება, თუ როგორ დავუბრუნდებით ნორმალურ ფუნქციონირებას. არ მგონია, სკოლები და უნივერსიტეტები გაიხსნას. შეიძლება, პირველ სექტემბრამდე ან პირველ ოქტომბრამდე გადაიდოს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“იმისათვის, რომ ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს, ამას სჭირდება უსაფრთხოების პირობების შექმნა, დაწყებული საავადმყოფოებით. შემდეგ ყველა დაწესებულება თანდათან უნდა გაიხსნას, საწარმო იქნება, სავაჭრო ცენტრი თუ სხვა. თუკი ამის პირობას არ შევქმნით, შეიძლება, ისევ დაბრუნდეს ეს პანდემია. მსოფლიოში კვლავ დაინფიცირების შემთხვევებია იმ ხალხისა, ვინც ეს უკვე გადაიტანა. ამას სჭირდება სერიოზული მომზადება, დაწყებული ტრანსპორტიდან, დამთავრებული იმით, მაღაზიაში როგორ შევიდეთ და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოქალაქეები როგორ მოვიქცევით. თუ დიდ ქალაქებში ცდილობენ, წესები დაიცვან, ეს რეგიონებში არ ხდება. ხალხის დიდი რაოდენობით თავშეყრის ერთ შემთხვევასაც კი შეუძლია, სიტუაცია გაართულოს”, - განმარტავს ინფექციონისტი.

 

“მთავარი ამოცანაა, ეს პიკი იყოს დაბალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკის შემდეგ ეს ყველაფერი დაბრუნდება ნორმალურ კალაპოტში. ეს ვირუსი გახდება ჩვეულებრივი, როგორიც წითელა, ღორის გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურადაა. ეს ვირუსი გახდება “ნორმალური”. 8-12 თვე მაინც დასჭირდება ვაქცინის შექმნას. ეს ვირუსი ყოველწლიურად გვექნება, მაგრამ უფრო მომზადებული დავხვდებით. მოვსპობთ და მორჩება, ასეთი რამ არ იქნება. ამას გადავიტანთ, მაგრამ ბევრ რამეს შეცვლის ეს ვირუსი, თვითონ ღირებულებებში შეიცვლება ბევრი რამ”, - დაასკვნის ვატო სურგულაძე.

წაკითხვა 782 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 16 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.