13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს
სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.
13 სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს.
როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:
"ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავად ადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა. ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“ იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათა საკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ეს თანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგია წარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“ (გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არის მონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა. მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშის განქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაც უფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა — ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაც და აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).
სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა. რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამ გახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად — იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44). იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთან ჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო და გავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა," - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ: სასულიერო პირები: დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა .
თეოლოგები: ნინო საყვარელიძე, ზურაბ ჯაში, თამარ გოგუაძე, ლევან ბუკია, შოთა კინწურაშვილი, გიორგი ხუბულური, ეკა ჭყოიძე, ნინო საძაგლიშვილი, ვლადიმერ წითლიძე, ვლადიმერ ნარსია, კახა კურტანიძე, გურამ ლურსმანაშვილი, დავით ჩიკვაიძე, ალექსი მესტუმრიშვილი, მირიან გამრეკელაშვილი, გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი).
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი