რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას
“მარნეულში 22 აპრილს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. ამასთან, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც - აქციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რასაც “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარი ფაქტი შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას.
“უმრავლესობის თქმით, ეს აქცია “ევროპული საქართველოს” მიერ იყო მართული, ხოლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივების დამშვიდებას ცდილობდნენ. შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ. მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია. “ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა”, - განაცხადა რეხვიაშვილმა, რომლის თქმით, “დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება, არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნილება არ არის, როგორიც იყო და ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ საქმიან, ყოველწუთიერ ურთიერთობაში, ველაპარაკეთ სადისტრიბუციო კომპანია “ჯიბესაც” და მათ აქვთ სურვილი, რომ მათ თანამშრომლებს არ შეეხოს ე.წ. კომენდანტის საათი, რათა ისინი დარჩნენ, იმიტომ, რომ დახარისხება მოასწრონ ამ პროდუქტის და უფრო მეტი ტემპით გავიდეს პროდუქტი, რომ აქედანაც გავიტანოთ უფრო მეტი”, - თქვა გუბერნატორმა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს. ამის შესახებ მან პარლამენტის საგანგებო სესიაზე განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, ჩვენი პოლიტიკური ძალის, “ევროპული საქართველოს” მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, რომ ამ ურთულეს ვითარებაში როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეთ აღშფოთების და აქვთ ეს საფუძველი, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს. ეს არის მკაფიო პოზიცია. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ, დაამშვიდონ ეს ხალხი. გაითვალისწინეთ ერთი რამ, როცა ზღვარს სცდება ვითარება, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი და არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ოჯახი შეინახოს, შეუძლებელი შეიძლება გახდეს კონტროლი. ამას მოგიწოდებდით მშვიდად და კონსტრუქციულად, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ”, - აღნიშნა ბოკერიამ. ბოკერიას გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. როგორც მან თქვა, ბოკერიამ ამ გამოსვლით აღიარა, რომ მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქცია “ევროპული საქართველოს” დაორგანიზებულია”, - დასძენს გამოცემა.
“ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იამამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ზოგადი მოწოდებების ნაცვლად, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, სჯობს, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იამამკულიევთან და სულეიმანთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი", - განაცხადა კობახიძემ, რომლის აზრით, “მარნეულში “ნაცმოძრაობის” ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი