რითი ხსნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტს - ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

რამდენიმე დღეა, თბილისში მწვანილის დეფიციტია.

დისტრიბუტორებს მარკეტები და პატარა მაღაზიები ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით არ მოუმარაგებიათ. მართალია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 17-დან 26 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა, მაგრამ დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომობილებს ეს შეზღუდვა არ ეხება. „ვერსია“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია დეფიციტი მწვანილით მომარაგების მხრივ და სიტუაციაში გარკვევის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ხატია წილოსანს დაუკავშირდა.

 

- ქალბატონო ხატია, სადისტრიბუციო და სატვირთო ავტომობილებს შეზღუდვა არ შეხებია, მაშინ რატომ დაფიქსირდა მწვანილის დეფიციტი თბილისში?

- ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და შესაბამისი ზომები მიიღო, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი პრიორიტეტული ყოფილიყო. შესაბამისად, აუცილებლად უნდა შეზღუდულიყო გარკვეული ტიპის საქმიანობები, თუმცა ეს შეზღუდვა სურსათით უზრუნველყოფას არ შეხებია. პირველივე დღიდან, როდესაც ცალკეული მიმართულებებით შეზღუდვები ამოქმედდა, სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად იყო დარეგულირებული.

 

როგორც იცით, პროდუქციის მიწოდების ნაწილში, M2 და M3 ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუცია და ნებისმიერი მომსახურების მიწოდება დაშვებულია. კონკრეტულად მწვანილს რაც შეეხება, ამის მონიტორინგი ჩვენც განვახორციელეთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს, რა მდგომარეობაა თბილისის უბნებში. დიახ, გარკვეული შეფერხებები ამ სამსახურმაც აღმოაჩინა, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელ 9 ძირითად პროდუქტზე, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველივე დღიდან სუბსიდირებულია, ამ პერიოდში არც მარაგი ამოწურულა და იგივე ფასები ფიქსირდება. ვგულისხმობ ხორბალსა და ხორბლის პროდუქტებს, ასევე, მაკარონს, ზეთს, ლობიოსა და სხვა მთავარ პროდუქტებს. ამ პროდუქტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, როგორც ფასების, ასევე მარაგების თვალსაზრისით, შესაბამისად, 9 ძირითადი პროდუქტი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება.

 

რაც შეეხება ხილს, ბოსტნეულსა და განსაკუთრებით მწვანილს, თავისთავად ცხადია, რომ შესაძლოა, ამ მხრივ, გარკვეული შეფერხებები იყოს, მაგრამ მხოლოდ მოკლე ვადით და ცალკეულ შემთხვევებში. თანდათანობით შევძლებთ, რომ ხილი და ბოსნტნეული, ასევე, მწვანილი, მარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებს უწყვეტად მიეწოდებოდეს, თუმცა ცოტა ხანი, მაქსიმუმ, 2-3 კვირა, იმ რეჟიმის გათვალისწინებით ვიმოქმედოთ, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში.

 

- უკავშირდება თუ არა მწვანილის მოკლევადიანი დეფიციტი იმას, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან  (მართალია, მწვანილი ქუთაისიდანაც შემოდის, მაგრამ თბილისს ძირითადად ქვემო ქართლი ამარაგებს) პროდუქტები მხოლოდ შპს „ჯიბეს“ გამოაქვს? „ჯიბეს“ გარდა, სხვა მსხვილ დისტრიბუტორებსაც აქვთ უფლება, რომ მარნეულსა დოა ბოლნისში სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეიძინონ?

გმადლობთ კითხვისთვის. თავისთავად ცხადია, რომ შპს „ჯიბე“ ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც უფლება აქვს მინიჭებული, რათა სასურსათო პროდუქტებით და მათ შორის ახალი ხილითა და ბოსტნეულით მოამარაგოს მოსახლეობა, რადგან აგრარული ბაზრებიც მუშაობენ. რაც შეეხება ბაზრებს, შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესები და  რეგულაციები. შესაბამისად, რომელი კომპანიაც ამ რეგულაციებსა და წესებს დააკმაყოფილებს, მიიღებს შესაძლებლობას, რომ პროდუქციის მიწოდება და დისტრიბუცია განახორციელოს. გარდა ამისა, მწვანილის მოყვანა საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. მესმის, რომ მარნეული და ბოლნისი ძირითადი მუნიციპალიტეტებია, რომლებიც მარკეტებსა და ბაზრებს ბოსტნეულით ამარაგებდნენ, მაგრამ თვითონაც აღნიშნეთ, რომ ამ მხრივ, დასავლეთ საქართველოც საკმაოდ აქტიურია.

 

ახლა, რაც შეეხება დეფიციტს, მწვანილის დეფიციტი არ იქნება, რადგან ბოსტნეული და მწვანილი მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ბაზრებსა და მარკეტებს! ბოლო დღეების დეფიციტი აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ამ პერიოდში, 2-3 დღე უქმეა, რის გამოც ფერმერები და კომპანიები სრული დატვირთვით არ მუშაობდნენ. სწორედ ამიტომ დაფიქსირდა თბილისის ცალკეულ უბნებში შეფერხებები.

 

- მას შემდეგ, რაც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აგრარული ბაზრები დაიხურა, ე.წ. დეზერტირების ბაზრის გარდა, სხვა რომელი ბაზრები გახსენით?

- ზოგადად, აგრარული ბაზრების მოწესრიგება და იმ სტანდარტებით ფუნქციონირება, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი, მხოლოდ ახლა კი არა, გრძელვადიან პერსპექტივაშიც აუცილებელია. მოგეხსენებათ, ბაზარი ის ადგილია, სადაც მომხმარებელი ეხება პროდუქტს და ამიტომ ყველა წესი დაცული უნდა იყოს, რათა არც ადამიანების ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე და ეკონომიკური საქმიანობაც გამართული იყოს. საბითუმო ბაზრები თბილისში ფუნქციონირებს და ნებისმიერ შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა, გახსნას აგრარული ბაზრები იმ პირობით, თუ შემოწმების შემდეგ გაირკვევა, რომ ისინი დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

 

 

http://versia.ge/

წაკითხვა 647 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.