გიორგი გახარია - როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შემდგომი გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება.
როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 - რეკომენდირებული.
“ჩვენ უკვე გვაქვს მზად შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შემდგომი გეგმა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნასა და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და გლობალური: სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება - როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველიდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა - ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გატარებისა და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები. სადაც შესაძლებელია ყველგან, როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ ვერანაირ ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”