“თვეში 200 ლარი, რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ...”

“ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, გიორგი გახარიას გეგმა არის მხოლოდ სოციალური მიმართულების პროექტი და მასში ეკონომიკური სტიმულირების ნიშნები არ ჩანს.

გეგმაში არის ძალიან ბევრი ინიციატივა, რომლებიც აკუმულირებული თანხების სოფლის მეურნეობასა და სტარტაპების დაფინანსებაზე დახარჯვას ითვალისწინებს, რაც ასევე გულისხმობს წარმოების დაფინანსებასა და ადგილობრივი კომპანიების ხელშეწყობას. ვფიქრობ, თუ გათვლები სწორად არის გაკეთებული და თუ მენეჯმენტიც შესაბამისი იქნება, აუცილებლად შეიქმნება გარემო ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. სათაურით “თვეში 200 ლარი, რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ...” / “თუ სააკაშვილი მართლაც დანიშნეს, ვფიქრობ, ასეთი სილის გაწვნა ჩვენმა სახელმწიფომ აღარ უნდა მოითმინოს. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ მართლა დანიშნავს სააკაშვილს, იგივე ელის, რაც დაემართა პოროშენკოს - სააკაშვილი სულ რაღაც 6 თვეში პოროშენკოს მტრად იქცა”.

 

“ეკონომიკისა და ბიზნესის სტიმულირებაზე უფრო მეტად ორიენტირებული, ვფიქრობ, პოსტკრიზისული გეგმა იქნება, რაზეც ასევე ილაპარაკა გახარიამ. უკვე 26 წელია ლამის ვყვირი და არავინ მიგდებს ყურს, რომ შეუძლებელია ქვეყანა არსებობდეს მხოლოდ იმპორტის იმედად. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო პროდუქციის, სულ მცირე, 60% მაინც ქვეყანაში უნდა იქმნებოდეს. კორონავირუსულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ყველა ქვეყანა თავის მარაგებს უფრთხილდება და დადგა დრო, როდესაც ყველა უნდა დაფიქრდეს საკუთარი წარმოების განვითარებაზე. სასაცილოა, რომ საქართველოში, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის თიხა გვაქვს, არ არსებობს კერამიკული წარმოება, ჯამ-ჭურჭელიც კი იმპორტირებული გვაქვს. არ შეიძლება არ იწარმოებოდეს კაფელი ქვეყანაში, სადაც ასეთი ნედლეული არსებობს. ახლა მაინც უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა გააკეთა. ამ ქვეყანაში 1993 წელს ვიყავი და ბევრი არაფერი ჰქონდათ, საქართველოდან გაჰქონდათ უამრავი პროდუქტი, ახლა კი ყველაფერი თურქეთიდან შემოგვაქვს. ხარისხიანია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, თურქეთში ადგილობრივი წარმოება მუშაობს. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, სახელმწიფო 1200 ლარს გადაუხდის 6 თვის განმავლობაში, ანუ 200 ლარს თვეში. ცოტაა 200 ლარი? - რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ სულ არაფერს სჯობია. აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ თანხების გამოყოფა არ არის საკმარისი - ამ ყველაფერს კარგი მენეჯმენტი უნდა. გადაცდომები, რა თქმა უნდა, იქნება - ვიღაც-ვიღაცები შეეცდებიან ამ თანხებში ცუდად აფათურონ ხელი, მაგრამ მთავარია, შესაბამისი ორგანოები იყვნენ ფხიზლად და მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც ამ კრიზისში ხელის მოთბობას შეეცდება. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება გეგმის სწორად, დეტალურად გაწერასა და მის სწორ მენეჯმენტზე. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ჩემი და ბევრის გასაკვირად, ამ ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კარგი უნარები გამოავლინა. რეგიონებშიც კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ კარგად მუშაობენ. რაც მთავარია, მონდომება ჩანს და აშკარად არ არის მოჩვენებითი მათი მოქმედებები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“დახმარებისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი - თავიდანვე ცხადი იყო, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს არ მიატოვებდნენ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ეს არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ვითარდება; მეორე - საქართველოში კორუფციის დონე საშუალოევროპულ მაჩვენებელზე დაბალია; მესამე და უმნიშვნელოვანესი - ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებული ქმედითი ღონისძიებები. მეტიც, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანა გახდა. როგორც უნდა იყვირონ ჩვენი ხელისუფლებისა და სამედიცინო სისტემის კრიტიკოსებმა, მათ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელება ეფექტიანად შეაკავეს. ნუ დაგავიწყდებათ ასევე, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყანა, ბევრი მიზეზის გამო, მისი ერთადერთი დასაყრდენია ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს რეგიონში. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. აუცილებლად უნდა ვახსენო საერთაშორისო სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობაც, რასაც ასევე არ ივიწყებენ ჩვენი პარტნიორები ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩემი აზრითაც, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ ცოტა გადაამეტა, მაგრამ მისი სიფრთხილე აიხსნება იმითაც, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს - სააღდგომო დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად დიდ მისვლა-მოსვლასა და მჭიდრო ურთიერთობებს გულისხმობს. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ავტომანქანებით მიმოსვლის აკრძალვა, რაც, ალბათ, კიდევ ერთი კვირით იმიტომ გააგრძელეს, რომ ხალხის სასაფლაოებზე გასვლისგან მაქსიმალურად დაეზღვიათ თავი. ჩემი აზრით, მიუხედავად ჩვენი სამხრეთული, ტემპერამენტიანი ხასიათისა, იმისა, რომ ჩვენში ადამიანური ურთიერთობები უპირველესია, მაინც მგონია, რომ საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო კულტურა გამოიჩინა, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ემორჩილება დაწესებულ შეზღუდვებს. გახარიამ ასევ წარმოადგინა კარანტინის მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმაც. ჩემი აზრითაც, სწორედ ასე, ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს შეზღუდვები. ვფიქრობ, შეიძლება ამ პროცესის შედარებით სწრაფად წარმართვა, თუმცა ვნახოთ, ეპიდვითარება რის საშუალებას მოგვცემს. იმედია, რამდენიმე თავყრილობა, რომლებიც კანონის დარღვევით წარიმართა, ეპიდაფეთქების მიზეზი არ გახდება და პიკს შემთხვევების კონტროლირებადი მატებით გადავივლით”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

 

“არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს კომპანია “ჯიბე”, მე ერთი რამ ვიცი დაზუსტებით - როდესაც ერთი კომპანიაა ნებისმიერ ბაზარზე წარმოდგენილი, ეს ყოველთვის ცუდია. ბუნებრივად ტოვებს მონოპოლისტის შთაბეჭდილებას და აჩენს კითხვებს. მით უფრო, ფაქტია, საქმესაც ვერ ართმევს თავს, თორემ არ მოხდებოდა ის, რაც მარნეულში მოხდა... ვფიქრობ, სხვა სადისტრიბუციო კომპანიებსაც უნდა მისცენ რეგიონებიდან პროდუქტის ჩამოტანის უფლება. მთავარია, შეცდომა დროულად გამოსწორდეს, თუ არ გამოსწორდა და ისევ ერთი კომპანია დარჩა ამ ბაზარზე, მაშინ უკვე სერიოზულად უნდა მოვითხოვოთ კითხვებზე პასუხები. სხვა პრობლემაა, რომ ოპოზიციამ ვერა და ვერ ისწავლა, რით შეიძლება ქულები დაიწეროს. მარნეულელთა პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით შეცდომა იყო”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა წარედგინა ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილი...” - პასუხობს:

 

“არ მესმის, საქართველოს ერთი ყოფილი მოქალაქე უკრაინას ერთადერთი სტრატეგიული მეგობრის დაკარგვად უღირს? საერთაშორისო სარბიელს გადახედონ - ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომელიც მუდმივად მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ. თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა, როცა ოდესის გუბერნატორად დაინიშნა სააკაშვილი, ძალიან ცდებიან. თავის დროზე საქართველოდან დიდი ფული გადიოდა ლობისტებისთვის. ვეჭვობ, ახლაც იმ ფულის წყალობით ლობირებს ზოგიერთი ძალა სააკაშვილს და უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ. თუ სააკაშვილი მართლაც დანიშნეს, ვფიქრობ, ასეთი სილის გაწვნა ჩვენმა სახელმწიფომ აღარ უნდა მოითმინოს. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ მართლა დანიშნავს სააკაშვილს, იგივე ელის, რაც დაემართა პოროშენკოს - სააკაშვილი სულ რაღაც 6 თვეში პოროშენკოს მტრად იქცა. მალე ზელენსკიც იძულებული გახდება სააკაშვილი სამსახურიდან გაუშვას. მეტიც, შეიძლება ქვეყნიდან მისი გაძევებაც დასჭირდეს”.

წაკითხვა 473 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.