როგორი იქნება „კორონაკრიზისის“ შემდეგ მსოფლიო და საქართველო - ხათუნა ლაგაზიძე
“ამერიკული და ევროპული უდიდესი კორპორაციები ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ საწარმოებს ჩინეთში.
მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, მაგალითად, მხოლოდ ერთი ასეთი საწარმოს დახურვამ 60 000 ჩინელი დატოვა უსამსახუროდ... ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომთან ერთად, ეს ტენდენცია იმანაც განაპირობა, რომ დასავლეთის განვითარებულმა სახელმწიფოებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე პირბადეების წარმოება-მომარაგებით დაწყებული, ტესტებისა თუ აპარატურის ჩათვლით, ყველაფრით ჩინეთზე ყოფილან დამოკიდებული, რამაც განაპირობა ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში ევროპასა და ამერიკაში პირბადეებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორი იქნება „კორონაკრიზისის“ შემდეგ მსოფლიო და საქართველო.
“რაც შეეხება ნავთობის ფასის ისტორიაში არნახულ შემცირებას, ჩვენთვის საინტერესო ამ მოვლენის რუსეთზე გავლენაა. ნავთობის დაბალი ფასი რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეარყევს, თუ ის დიდხანს შენარჩუნდება, მანამდე კი ვირუსთან ბრძოლაში გართულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელია. ამას მოწმობს 23 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. რუსები წერენ, სერიოზულ კითხვებს აჩენს პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა რუსეთის საზღვრებთან, განსაკუთრებით - საქართველოში, ლუგარის კვლევით ცენტრში, სადაც ამერიკელები ორმაგი დანიშნულების სამხედრო კვლევებს ატარებენ და რის შესახებაც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონცეფციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ინფორმაციას არ გვაწვდიანო. კორონავირუსის საფრთხემ გადაფარა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის აქამდე “შევრონის” კუთვნილი 9%-იანი წილის ყიდვაც უნგრულ-რუსული კომპანიის მიერ, რომელიც ამ გარიგების შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციების მესამე ყველაზე მსხვილი მფლობელი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად არჩევა გავლენას მოახდენს საქართველოს როგორც საგარეო პოზიციაზე, ასევე შიდა პოლიტიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება აშშ-ის თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ არც უკრაინამ და არც აშშ-მა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არ გაითვალისწინეს... ვნახოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილი, გახდეს უკრაინის მთავარი რეფორმატორი მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია და როცა ეს დიდ ვნებათაღელვას იწვევს უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობაშიც. თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ აირჩიეს, ეს “ქართული ოცნების” პოზიციებს გააძლიერებს და "ნაციონალური მოძრაობის" ფსიქოლოგიურ განწყობასაც მძიმე დაღს დაასვამს; ამ პოსტზე არჩევა კი, გარდა იმისა, რომ მას ხელ-ფეხს გაუხსნის, საერთაშორისო არენაზე შეავიწროოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები, “ოცნებას” წინასაარჩევნოდ გამოაცლის საფუძველს, რომ სააკაშვილისგან, ტრადიციულად, საფრთხობელა შექმნას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლებამ ერთდროულად ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს - შეიმუშაოს ეკონომიკის განსაკუთრებით დაზიანებული სექტორების გადარჩენის გეგმა და აქტიურად დაიწყოს მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკის მოდერნიზებაზე. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ბიზნესს თვალსაზრისი - ეკონომიკის რომელი სფეროები იქნება უფრო პერსპექტიული, რა შემცირდება და რის მოთხოვნა მოიმატებს, რომელ ახალ სფეროებში ჩადოს ფული... უნდა შემუშავდეს უახლოეს რამდენიმე წელზე გათვლილი რეალისტური პროგნოზი ისეთი სფეროებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები, რათა მათ არ გაუჩნდეთ ფუჭი მოლოდინი, არ აიღონ იმდენი კრედიტი, რამდენსაც ვერ გადაიხდიან და უფრო ღრმა კრიზისში არ ჩაეფლონ... ამ ეტაპზე გარდაუვალი ჩანს ის, რომ შემცირდება ტურისტული ნაკადი, ასევე უძრავი ქონების მოთხოვნა და ფასი, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში”, - თვლის ექსპერტი.
“ეკონომიკის არაერთ დარგში გაიზრდება დისტანციურად, სახლებში მომუშავე ადამიანთა წილი, რაც თავისთავად გამოიწვევს საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას და მათ გაიაფებას. ამას ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ფასების კლება, რადგან პროდუქციის ხარჯს გამოაკლდება მასზე დასახარჯი და არდახარჯული საოფისე ფართის, კომუნალური და კომუნიკაციის ხარჯების ნაწილი, თუმცა ფართებზე მოთხოვნის შემცირება დააზარალებს სამშენებლო სექტორს... გაიზრდება დისტანციური ტრეინინგ-კონფერენციების წილი, რასაც მოჰყვება მივლინებათა რაოდენობის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი, ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, გამოიწვევს ავიაკომპანიების მოგების შემცირებას... შეიცვლება საერთაშორისო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ტრაექტორია და მასშტაბი - ელექტრონული ვაჭრობა და მიწოდების სერვისი სულ უფრო ხშირად ჩაანაცვლებს ამ სფეროს ტრადიციულ ფორმებს... გლობალური მომარაგების ქსელების პარალელურად მეტი ყურადღება მიექცევა ლოკალური, რეგიონული წარმოებისა და ბაზრების განვითარებას, შესაბამისად, ფართო გასაქანი მიეცემა პროტექციონისტულ პოლიტიკას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნების უსაფრთხოების ქსელის შექმნას, რაც გამოიწვევს ყურადღების გადატანას სოფლის მეურნეობაზე... მოიმატებს მიწის ფასი, რასაც განაპირობებს ქალაქებთან ახლო მდებარე დასახლებებში საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შეძენის გაზრდილი მოთხოვნაც. და, რა თქმა უნდა, დაიწყება ტექნოლოგიების მეფობის ხანა ყველა სფეროში, რასაც საქართველომაც უნდა აუწყოს ფეხი”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.
“ზემოხსენებული ტენდენციების გათვალისწინებამდე ხელისუფლებას უახლოეს დღეებში ერთდროულად აქვს გადასაწყვეტი ორი ამოცანა - როგორ აამუშაოს ეკონომიკა ისე, რომ შეინარჩუნოს კორონავირუსის გავრცელების ბრტყელი მრუდი და ლეტალობის მინიმალური მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოაქვეყნეს ეკონომიკის ეტაპობრივად ამუშავების გეგმები და სულ უფრო ხშირად გამოითქმის ეჭვი ვირუსის გამო სრულად ჩაკეტვის მიზანშეწონილობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსზე რეაგირების განსხვავებული ტაქტიკისა და მონაცემების შედარებითი ანალიზის კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ დროა, ეკონომიკა ამუშავდეს მასობრივი ტესტირების, სოციალური დისტანცირების, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვისა და მასობრივი შეკრებების აკრძალვის ხარჯზე. კარგია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით იწყებს სვლას. ჩვენი მთავრობის წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე პაკეტი სწორედ ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას ითვალისწინებს, სოციალური დახმარების პროგრამებისა და ბიზნესისთვის ვირუსით გამოწვეული კრიზისის დამანგრეველი შედეგების შესამსუბუქებელი ზომების ჩათვლით. თუ საქართველოს ვირუსამდელ ეკონომიკასა და ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ ეს მაქსიმუმი იყო, რის შემოთავაზებაც ხელისუფლებას შეეძლო”, - დასძენს რესპონდენტი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი