“ახლა სლოგანი უნდა იყოს - “გადი სახლიდან უსაფრთხოდ” - რა აუცილებელი პირობაა შესასრულებელი ქვეყნის ეტაპობრივი გახსნისთვის

“ალგორითმი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსზე ტესტირებები ჩატარდება, ფართოვდება.

ქვეყნის გახსნასთან ერთად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიზნობრივი ჯგუფები გაზარდოს და ტესტირება უფრო მეტ ადამიანს ჩაუტაროს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებს სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც ემატებიან. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე იგეგმება პაციენტების ტესტირება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ახლა სლოგანი უნდა იყოს - “გადი სახლიდან უსაფრთხოდ” / რა აუცილებელი პირობაა შესასრულებელი ქვეყნის ეტაპობრივი გახსნისთვის.

 

“შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინიციატივაზე, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა. ამ ინიციატივას ჩვენ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. 2 დღეში უკვე იქნება გაფართოებული ეს ალგორითმი და შესაბამისად შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებსაც, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს. მისივე თქმით, ამ ადამიანებს ყოველ 14 დღში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ისინი არ წარმოადგენენ ძალიან მაღალ რისკ-ჯგუფს, შესაბამისად, მათი გათვალისწინება მომდევნო ეტაპებზე მოხდება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ხელისუფლება მიხვდა, დიდი ხანი ჩაკეტილი ქვეყანა ვერ ექნება და როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის გახსნის პარალელურად მოსახლეობის ტესტირება მოახდინოს. სურგულაძის თქმით, იმისთვის, რომ ზუსტი სურათი დავდოთ და ქვეყნის გახსნასთან ერთად უფრო სავალალო სიტუაცია არ მივიღოთ, ამისთვის მოსახლეობის ტესტირება გარდაუვალი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. ექსპერტი აცხადებს, რომ შეკავების პერიოდი ასე თუ ისე გავიარეთ და მუდმივად საუბარი იმაზე, რომ „დარჩი სახლში“ შეუძლებელი იქნება. ამიტომაც, სპეციალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ახლა ყველა ნაბიჯი იმისკენ უნდა გადადგას, რომ ხალხი სამუშაოებს დაუბრუნდეს და სლოგანი იყოს - “უსაფრთხოდ გადი სახლიდან”, - დასძენს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, რისკ ჯგუფებისთვის გადაადგილება კიდევ შეზღუდული უნდა იყოს, მაგრამ, ადამიანები, ვინც ამ ჯგუფებს არ ეკუთვნის, გარეთ უნდა გამოვიდნენ. ეს ვირუსი კიდევ ვიმეორებ, არსად არ წავა და ამიტომაც ქვეყნის გახსნასთან ერთად გარანტიები უნდა გვქონდეს, რომ ისევ უკან არ მოგვიწვეს დაკეტვა. ანუ, რეალური და ზუსტი სურათი გვჭირდება. ამისთვის ეს კვლევები ძალიან აუცილებელია. არ ვიცი, ახლა რა დონეზე ტარდება, ბევრ რაღაცას იძახიან და არ ხდება. დაგვპირდნენ, რომ “სტოპ.გოვ.ჯიზე” უფრო დეტალური ინფორმაცია დაიდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი ჩანს. რამდენად სწორად ჩაატარებენ ამ ტესტირებას, არ ვიცი. ვხედავთ, რომ ექიმებში და სამედიცინო პერსონალში ეს პრობლემა კვლავ გვაქვს. ამოცანა ახლა უნდა იყოს არა “დარჩი სახლში”, არამედ “გადი სახლიდან უსაფრთხოდ”. აუცილებელია ტესტირება ჩავუტაროთ, ექიმებს, ექთნებს, ჟურნალისტებს, პოლიციელებს, სამხედროებს. იმ ადამიანებს, ვინც ახლა პირველ ხაზზე იბრძვის და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არიან“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“ყველაზე მეტად იმაში ვერ გავერკვიე, ხან პიკში ვართო, ხან პლატოზე ვართ და ვეშვებით. მინისტრმა თქვა პიკი საერთოდ არ გვქონიაო. რეალურად, ტერმინოლოგიურ გაუგებრობაში დავიკარგეთ. ყველას როგორც უნდათ, ისე საუბრობენ, არ შეიძლება პიკი არ იყოს. შეიძლება ის იყოს მაღალი ან დაბალი. ამის გასარკვევად კი როგორც ზემოდ აღვნიშნე, აქამდე ტესტების ჩატარება იყო საჭირო. პიკი არ გვქონდა, პლატოზე ისე გადავედით, არაკომპეტენტური განცხადებაა. ეს ყბადაღებული ორი სამი კვირა იმიტომ არ დადგა, რომ რეალური მონაცემები და სურათი არ გვაქვს. გერმანია 6 მაისს სკოლებსაც კი დაუშვებს. იმიტომ, რომ ტესტირება ჩაატარეს და იციან, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უსიპტომოდ. კი იძახდა ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რომ გერმანიის მოსახლეობის 3-4%-ში ჩატარდა კვლევაო, მაგრამ ეს საკამოდ დიდი მონაცემებია. ასევე ბევრ ადამიანს მსუბუქი ფორმა ჰქონდა და ფეხზე გადაიტანეს. ამის ცოდნა ჩვენთვისაც აუცილებელია, რომ გავიგოთ იმუნიტეტი რამდენ ადამიანს ჰქონდა. ამის შემდეგ უკვე ადვილია გავაკეთოთ პროგნოზი პიკი გვქონდა, 2 კვირაში გვაქვს თუ უფრო გვიან”, - დაასკვნის ექსპერტი.

წაკითხვა 468 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.